არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 15

სიკეთის გაკვეთილი

სიკეთის გაკვეთილი

იცი, რას ნიშნავს, ვინმეზე წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი გქონდეს? ~ ეს ნიშნავს, არ გიყვარდეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვა ენაზე ლაპარაკობს ან სხვანაირად გამოიყურება. მაშასადამე, ეს ნიშნავს, არ იცნობდე ადამიანს და მასზე ცუდი აზრი გქონდეს.

შენი აზრით, სწორია, არ მოგწონდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვანაირია? ~ დიახ, წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი არც სწორია და არც კარგი. ცუდად არ უნდა მოვექცეთ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენგან განსხვავებულია.

აბა დაფიქრდი, იცნობ ვინმეს, ვისაც სხვა ფერის კანი აქვს ან სხვა ეროვნებისაა? ~ შეიძლება ისეთებსაც იცნობ, რომლებსაც რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვთ ან ავად არიან. ავლენ მათ მიმართ სიკეთესა და სიყვარულს? ~

როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენგან რაღაცით განსხვავდება?

თუ დიდებულ მასწავლებელს, იესო ქრისტეს, ვუსმენთ, ყველას მიმართ სიკეთეს გამოვავლენთ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ადამიანის წარმოშობასა და კანის ფერს. მას კეთილად უნდა მოვექცეთ. მართალია, ბევრი არ ფიქრობს ასე, მაგრამ იესო ამას ასწავლიდა. მოდი უფრო ღრმად განვიხილოთ ეს საკითხი.

ერთი იუდეველი, რომელსაც სხვებზე ცუდი აზრი ჰქონდა, იესოსთან მივიდა და ჰკითხა, ‘რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიულად ვიცხოვრო?’ იესომ იცოდა, როგორ პასუხს ელოდა ეს კაცი მისგან. ის, ალბათ, ფიქრობდა, რომ იესო ეტყოდა, სიკეთე მხოლოდ ჩვენი ეროვნების ადამიანების მიმართ უნდა გამოვავლინოთო. ამიტომ, იმის მაგივრად რომ პირდაპირ ეპასუხა, იესომ მას კითხვა დაუსვა: ‘რა წერია რჯულში, რა უნდა გავაკეთოთ?’

კაცმა უპასუხა: ‘უნდა გიყვარდეს იეჰოვა ღმერთი მთელი გულით და მოძმე — საკუთარი თავივით’. იესომ უთხრა: ‘სწორია. ასე მოიქეცი და მარადიულად იცოცხლებო’.

მაგრამ ამ კაცს არ უნდოდა ჰყვარებოდა ის ადამიანები, რომლებიც მისგან განსხვავდებოდნენ. ამიტომ, თავის გამართლების მიზნით, იესოს ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოძმე?“ ალბათ, უნდოდა იესოსგან ასეთი პასუხი მოესმინა: „შენი მოძმე შენი მეგობარია ან ის, ვინც შენნაირად გამოიყურებაო“. მაგრამ იესომ ამბავი მოუყვა ერთ იუდეველსა და სამარიელზე. აი, როგორ იწყებოდა ეს ამბავი:

ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა. ის იუდეველი იყო. გზაზე ყაჩაღები დაესხნენ, სცემეს, ფული და ტანსაცმელი წაართვეს და ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.

ცოტა ხნის შემდეგ გზაზე ერთმა მღვდელმა გაიარა. მან დაინახა დაჭრილი და ნაცემი მგზავრი. შენ რას იზამდი, ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცი რომ დაგენახა? ~ მღვდელი მეორე მხარეს გადავიდა. ის არც კი გაჩერებულა. მან არაფერი გააკეთა მის დასახმარებლად.

შემდეგ კიდევ ერთმა მორწმუნე კაცმა ჩაიარა. ის ლევიანი იყო, რომელიც იერუსალიმის ტაძარში მსახურობდა. დაეხმარა ის დაჭრილს? არა. ისიც ისევე მოიქცა, როგორც მღვდელი.

ბოლოს სამარიელმა კაცმა გამოიარა. ხედავ სურათზე გზაზე ჩამომავალ სამარიელს? ~ მან დაინახა დაჭრილი და უპატრონოდ დაგდებული იუდეველი. იმ დროს, სამარიელებსა და იუდეველებს არ უყვარდათ ერთმანეთი (იოანე 4:9). ნუთუ სამარიელიც არაფერს გააკეთებდა დაჭრილის დასახმარებლად? იტყოდა ის გულში: „რატომ უნდა დავეხმარო ამ იუდეველს? თვითონ ხომ არ დამეხმარებოდა, მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი?“

რატომ იყო სამარიელი კეთილი მოძმე?

ამის ნაცვლად, სამარიელმა გზაზე უპატრონოდ დაგდებული კაცი რომ დაინახა, გული სიბრალულით აევსო. მას არ შეეძლო მომაკვდავ კაცს არ დახმარებოდა. ამიტომ, პირუტყვიდან ჩამოხტა, დაჭრილთან მივიდა, ჭრილობებზე ზეთი და ღვინო დაასხა და შეუხვია. ასე ჭრილობები ადვილად შეუხორცდებოდა.

შემდეგ ფრთხილად შესვა თავის პირუტყვზე და სასტუმროში მიიყვანა. იქ დაჭრილისთვის ოთახი დაიქირავა და, რაც საჭირო იყო, ყველაფერი გაუკეთა.

იესო მიუბრუნდა კაცს, რომელსაც ესაუბრებოდა და ჰკითხა: ‘შენი აზრით, იმ სამიდან, რომელი იყო დაჭრილი კაცის მოძმე?’ შენ როგორ ფიქრობ? მღვდელი, ლევიანი თუ სამარიელი? ~

კაცმა უპასუხა: ‘მოძმე ის იყო, ვინც გაჩერდა და დაჭრილზე იზრუნა’. იესომ უთხრა: ‘მართალი ხარ, წადი და შენც ასე მოიქეცი’ (ლუკა 10:25—37).

განა ეს შესანიშნავი ამბავი არ იყო? აქედან ვიგებთ, ვინ არის ჩვენი მოძმე. ისინი მარტო ახლო მეგობრები როდი არიან. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ისეთივე კანის ფერი, როგორიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს მშობლიურ ენაზე არ ლაპარაკობდნენ. იესომ გვასწავლა, რომ ყველას მიმართ — წარმოშობის, კანის ფერისა და ენის მიუხედავად — სიკეთე გამოვავლინოთ.

იეჰოვა ასე იქცევა. ის ცუდად არავის მიმართ არ არის განწყობილი. ‘მამათქვენს, რომელიც ზეცაშია ბოროტებისთვისაც ამოჰყავს მზე და კეთილებისთვისაც და ორივეს უგზავნის წვიმას’, — თქვა იესომ. ამიტომ, ჩვენც ყველას მიმართ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე, როგორც ამას ღმერთი აკეთებს (მათე 5:44—48).

შენ როგორ შეგიძლია იყო კეთილი მოძმე?

მაშ, როგორ მოიქცევი, როდესაც გაჭირვებულს დაინახავ? ~ თუ ის სხვა ქვეყნიდან არის ან სხვა ფერის კანი აქვს? ის მაინც შენი მოძმეა და უნდა დაეხმარო. თუ ფიქრობ, რომ პატარა ხარ და დახმარება არ შეგიძლია, უფროსებს სთხოვე, რამე გააკეთონ. შეგიძლია პოლიციელს დაუძახო ან სკოლაში მასწავლებელს შეატყობინო. ასეთ შემთხვევაში, სამარიელივით კეთილ საქმეს გააკეთებ.

დიდებულ მასწავლებელს უნდა, რომ სიკეთეს ვაკეთებდეთ. მას სურს განურჩევლად ყველას დავეხმაროთ. სწორედ ამიტომ მოგვიყვა იესომ ამბავი კეთილ სამარიელზე.

იმასთან დაკავშირებით, რომ ყველას მიმართ სიკეთე უნდა ვაკეთოთ, განურჩევლად რასისა და ეროვნებისა, წაიკითხე იგავების 19:22; საქმეების 10:34, 35 და 17:26.