არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 48

ღვთის მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება — შენ შეგიძლია იცხოვრო იქ

ღვთის მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერება — შენ შეგიძლია იცხოვრო იქ

ღმერთმა ადამი და ევა ედემის ბაღში დაასახლა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და მოკვდნენ, ღმერთმა სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა მათ შთამომავლობას, მათ შორის ჩვენც. ბიბლია გვპირდება: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნები 36:29).

ბიბლია ლაპარაკობს „ახალი ცისა“ და „ახალი დედამიწის“ შესახებ (ესაია 65:17; 2 პეტრე 3:13). ახლანდელ ცაში დღევანდელი ადამიანური მთავრობები იგულისხმება, მაგრამ იესო ქრისტე და ისინი, ვინც მასთან ერთად იმეფებს ზეცაში, „ახალ ცას“ შექმნიან. რა შესანიშნავი იქნება, როცა ეს ახალი ცა, ანუ ღვთის სამართლიანი და მშვიდობიანი მთავრობა, მთელ დედამიწაზე იმმართველებს!

„ახალი დედამიწა“ რაღას ნიშნავს? ~ ახალ დედამიწაში იგულისხმება ის კარგი ადამიანები, რომლებსაც იეჰოვა უყვართ. ბიბლია როდესაც დედამიწის შესახებ ლაპარაკობს, ზოგჯერ მასში დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები იგულისხმება და არა პლანეტა დედამიწა (დაბადება 11:1, აქ; ფსალმუნები 66:4, აქ [65:4]; 96:1, აქ [95:1]). ასე რომ, ადამიანები, რომლებიც ახალ დედამიწას შეადგენენ, დედამიწაზე იცხოვრებენ.

ახლანდელი ქვეყნიერება, რომელიც ბოროტი ადამიანებისგან შედგება, აღარ იარსებებს. გაიხსენე, ნოეს დროს მომხდარმა წარღვნამ ბოროტი ქვეყნიერება წალეკა. როგორც უკვე გავიგეთ, დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერება არმაგედონში განადგურდება. ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორი ცხოვრება იქნება არმაგედონის შემდეგ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში.

გინდა მარადიულად იცხოვრო სამოთხეში, ღვთის მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში? ~ არც ერთ ექიმს არ შეუძლია მარადიული სიცოცხლის მოცემა. არ არსებობს წამალი, რომელიც სიკვდილს აგვაცილებს. ღმერთთან დაახლოება ერთადერთი საშუალებაა მარადიული სიცოცხლის მისაღებად. დიდებული მასწავლებელი გვეუბნება, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

მოდი ავიღოთ ჩვენი ბიბლიები და გადავშალოთ იოანეს მე-17 თავის მე-3 მუხლზე. ეს სიტყვები დიდებულმა მასწავლებელმა თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“.

მაშ, იესოს სიტყვების თანახმად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიულად ვიცხოვროთ? ~ უპირველესად, უნდა გავიცნოთ ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, და მისი ძე, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიბლია უნდა ვისწავლოთ. ამაში გვეხმარება წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.

როგორ დაგვეხმარება ის, რაც იეჰოვას შესახებ ვისწავლეთ, მარადიული სიცოცხლის მიღებაში? ~ როგორც საკვები გვჭირდება ყოველდღიურად, ასევე ყოველდღიურად გვჭირდება იეჰოვას შესახებ სწავლა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).

ჩვენ აგრეთვე გვესაჭიროება, ვეცნობოდეთ იესო ქრისტეს, რადგან ღმერთმა ის იმიტომ გამოგზავნა, რომ ჩვენთვის ცოდვა მოეშორებინა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „სხვა არავისში არ არის ხსნა“; აგრეთვე, „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს“ (საქმეები 4:12; იოანე 3:36). რას ნიშნავს, გვწამდეს იესო? ~ იმას, რომ მის მიმართ ნამდვილი რწმენა გვქონდეს და გვესმოდეს, რომ მის გარეშე მარადიულად ვერ ვიცხოვრებთ. გვაქვს ასეთი რწმენა? ~ თუ ასეა, კვლავაც ყოველდღე ვისწავლით დიდებული მასწავლებლისგან და იმას გავაკეთებთ, რასაც ის გვეუბნება.

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ დიდებული მასწავლებლისგან ვისწავლოთ, ის არის, რომ ყოველთვის ვიკითხოთ ეს წიგნი, დავათვალიეროთ სურათები და ვიფიქროთ მათზე. ეცადე, უპასუხო სურათებთან დასმულ შეკითხვებს. წიგნი დედასთან ან მამასთან ერთად იკითხე. თუ მშობლებს არ სცალიათ, ოჯახის სხვა უფროს წევრებთან ან სხვა ბავშვებთან ერთად წაიკითხე. განა შესანიშნავი არ იქნება, სხვებსაც დაეხმარო, ისწავლონ დიდებული მასწავლებლისგან, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად იცხოვრონ? ~

ბიბლია ამბობს: „გადადის ქვეყნიერება“. შემდეგ კი გვიხსნის, თუ როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში: „ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). მაშ, როგორ შეგვიძლია ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება? ~ იეჰოვასა და მისი ძვირფასი ძის, იესოს, შესახებ ცოდნის შეძენით. ამასთანავე ნასწავლი ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ. დაე ამ წიგნის შესწავლა დაგეხმაროს მიზნის მიღწევაში.