რა სჭირდებათ თქვენს შვილებს?
ყველა მშობელი ხდება იმ საოცარი მოვლენის მონაწილე, რომელშიც ადამიანი ბოლომდე ვერ ერკვევა. დედის ორგანიზმში სრულიად ჩამოყალიბებული ახალი სიცოცხლე ისახება. გასაკვირი არ არის, რომ ბავშვის დაბადებას „სასწაულს“ უწოდებენ.
ცხადია, ბავშვის დაბადება მშობლებს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. თავდაპირველად, ბავშვი მთლიანად მშობელზეა დამოკიდებული; მაგრამ ცოტა რომ წამოიზრდება, ფიზიკურ ზრუნვაზე მეტი ესაჭიროება. მას დახმარება სჭირდება, რომ განვითარდეს გონებრივად, ემოციურად, ზნეობრივად და სულიერად.
ჯანსაღ ადამიანად რომ ჩამოყალიბდეს, ბავშვს განსაკუთრებით მშობლების სიყვარული ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები არა მარტო სიტყვიერად დაარწმუნოთ თქვენს სიყვარულში, არამედ ეს საქმეებითაც აჩვენოთ. დიახ, მშობლების კარგი მაგალითი აუცილებელია შვილებისთვის. შვილები ზნეობრივ აღზრდასა და ძირითადი ცხოვრებისეული პრინციპების ცოდნას საჭიროებენ. ბავშვების აღზრდა პატარაობიდანვე უნდა დაიწყოთ. შემდეგ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს და მრავალი მწუხარება და გულისტკივილი მოგიტანოთ.
ბიბლიაში საუკეთესო პრინციპებია ჩაწერილი. ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებულ აღზრდას შეუდარებელი უპირატესობა აქვს. ასეთი აღზრდის შედეგად ბავშვი იგებს, რომ რასაც მას ასწავლიან, ადამიანისგან კი არ მომდინარეობს, არამედ შემოქმედისგან — ჩვენი ზეციერი მამისგან. ასეთ აღზრდას ბადალი არ მოეძებნება.
ბიბლია მოუწოდებს მშობლებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ შვილებს სწორი პრინციპები ჩაუნერგონ. ხშირად მშობლებს უჭირთ მოზარდთან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. ეს წიგნი, „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, განკუთვნილია იმისათვის, რომ
მშობლებს დაეხმაროს ამ მხრივ. ის მშობლებსა და შვილებს შესანიშნავ სულიერ მასალას სთავაზობს ერთად წასაკითხად. უფრო მეტიც, ის ბავშვსა და წამკითხველს აღძრავს, ერთმანეთს საკუთარი აზრები გაუზიარონ.თქვენ შეამჩნევთ, რომ წიგნი აღძრავს ბავშვს აზრის გამოთქმისკენ. ტექსტში ბევრი დამაფიქრებელი კითხვაა, რის შემდეგაც დასმულია ნიშანი ტილდა (~). ეს ნიშანი შეგვახსენებს, რომ პაუზა უნდა გავაკეთოთ და ბავშვს აზრის გამოთქმის საშუალება მივცეთ. ბავშვებს უყვართ, როცა მათ უსმენენ. მათ თუ აზრის გამოთქმის საშუალებას არ მივცემთ, წიგნის კითხვა მალე მობეზრდებათ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ კითხვებით ადვილად გაიგებთ, რას ფიქრობს თქვენი შვილი. ცხადია, ბავშვი ყოველთვის სწორად ვერ უპასუხებს. თუმცა პასუხები, რომლებიც დასმულ კითხვებს მოჰყვება, ბავშვს სწორ აზროვნებას ჩამოუყალიბებს.
წიგნში 230-ზე მეტი სურათია. უმეტეს სურათებთან კითხვაა დასმული, რაც აღძრავს ბავშვს, უპასუხოს წაკითხული მასალის ან დანახულის საფუძველზე. ამიტომ, ბავშვთან ერთად ყურადღებით დააკვირდით სურათებს და იმსჯელეთ მათზე. ისინი სწავლაში დამხმარე შესანიშნავი საშუალებაა და ბავშვს მნიშვნელოვანი საკითხების გაგებაში დაეხმარება.
როცა ბავშვი კითხვას ისწავლის, წაახალისეთ, თავისთვისაც წაიკითხოს და თქვენც წაგიკითხოთ ხმამაღლა. რაც მეტჯერ წაიკითხავს, მით მეტად ჩაებეჭდება გულსა და გონებაში წიგნში მოცემული კარგი რჩევები. თქვენ შორის არსებული სიყვარული და პატივისცემა უფრო რომ გაღრმავდეს, რეგულარულად იკითხეთ წიგნი ერთად.
დღეს ბავშვები სექსუალური გარყვნილების, სპირიტიზმისა და სხვა მავნე ჩვევების მსხვერპლნი ხდებიან, რაც ათეული წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, მათ დაცვა სჭირდებათ, რაშიც ეს წიგნი დაგეხმარებათ. მასში მსგავსი საკითხები მოკრძალებით, მაგრამ ამავე დროს, ნათლად ირჩევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღძრათ ბავშვი, მიმართოს ყოველგვარი სიბრძნის წყაროს — ჩვენს ზეციერ მამას — იეჰოვას. იესო, დიდებული მასწავლებელი, ყოველთვის ასე იქცეოდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი დიდად დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ოჯახს, იცხოვროთ იეჰოვასთვის მოსაწონი ბედნიერი ცხოვრებით, რასაც მარადიული კურთხევები მოჰყვება.