უკანასკნელ პასექზე გამოვლენილი თავმდაბლობა
თავი 113
უკანასკნელ პასექზე გამოვლენილი თავმდაბლობა
პეტრე და იოანე უკვე ჩავიდნენ იერუსალიმში, რათა, იესოს მითითებების თანახმად მოამზადონ პასექი. იესო, როგორც ჩანს, თავის ათ მოციქულთან ერთად მოგვიანებით, საღამოს, ჩადის. მზე ჰორიზონტისკენ იხრება, როცა იესო და მისი თანამგზავრები ზეთისხილის მთიდან ჩამოდიან. მკვდრეთით აღდგენამდე იესო ამ მთიდან უკანასკნელად გაჰყურებს ქალაქს დღის საათებში.
მალე იესო და მისი თანამგზავრები ქალაქში ჩადიან და მიდიან იმ სახლში, სადაც ისინი პასექს იზეიმებენ. ისინი კიბით ადიან ზემოთა დიდ ოთახში, სადაც ყველაფერი მომზადებულია პასექის განმარტოებით აღსანიშნავად. იესო მოუთმენლად ელოდა ამას, რადგან ამბობს: „დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ“.
ტრადიციულად, პასექის მონაწილეები სვამენ ოთხ ფიალა ღვინოს. როგორც ჩანს, მესამე ფიალის დალევის შემდეგ იესო მადლს სწირავს და ამბობს: „აიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის. რადგან გეტყვით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი“.
ვახშმის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ იესო დგება, იხდის მოსასხამს, იღებს პირსახოცს და ტაშტს წყლით ავსებს. ჩვეულებრივ, მასპინძელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ სტუმრებს ფეხები დაბანონ. მაგრამ ამ შემთხვევის დროს მასპინძელი აქ არ არის და იესო თვითონ ზრუნავს ამ მომსახურებაზე. ნებისმიერ მოციქულს შეეძლო ამის გაკეთება; მაგრამ, როგორც ჩანს, მათ შორის ჯერაც არსებული მეტოქეობის გამო არავინ აკეთებს ამას. ახლა, როცა იესო იწყებს მათი ფეხების დაბანას, ისინი უხერხულობაში ვარდებიან.
როცა იესო პეტრესთან მიდის, ის ეუბნება:
— უკუნისამდე არ დამბან ფეხს.
— თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი, — ეუბნება იესო.
— უფალო, — პასუხობს პეტრე, — მარტო ფეხს კი არა, ხელსაც და თავსაც.
— განბანილს, — ეუბნება იესო, — აღარ სჭირდება დაბანა, გარდა ფეხებისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.
ამას იმიტომ ამბობს, რადგან იცის, რომ იუდა ისკარიოტელი მის გაცემას გეგმავს.
როცა იესო ფეხებს ბანს თორმეტივეს, თავისი გამცემი იუდას ჩათვლით, ის ისხამს მოსასხამს და კვლავ მაგიდასთან წამოწვება. შემდეგ ის კითხულობს: „იცით რა გიყავით? თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგანაც ვარ. ამიტომ, თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არაა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი, რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ“.
თავმდაბლური მსახურების რა შესანიშნავი გაკვეთილია! მოციქულებს არ უნდა ჰქონოდათ პირველობის სურვილი და არ უნდა ეფიქრათ, რომ ისინი იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან, რომ ყოველთვის სხვები უნდა ემსახურებოდნენ. მათ იესოს მაგალითისთვის უნდა მიებაძათ. ეს არ არის ფეხების მხოლოდ რიტუალურად დაბანა. არა, არამედ ეს არის ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მზადყოფნა მომსახურებისთვის, მიუხედავად იმისა, როგორი დამამცირებელი ან არასასიამოვნოც არ უნდა იყოს დავალება. მათე 26:20, 21; მარკოზი 14:17, 18; ლუკა 22:14–18; 7:44; იოანე 13:1–17.
▪ რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ იესო უყურებს იერუსალიმს, როცა ის ქალაქში შედის პასექის აღსანიშნავად?
▪ პასექის დროს, როგორც ჩანს, რა ფიალას გადასცემს იესო 12 მოციქულს მას შემდეგ, რაც მადლს სწირავს?
▪ როგორ ემსახურებოდნენ, ჩვეულებრივ, სტუმრებს იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს და რატომ არ ემსახურებიან იესოსა და მის მოციქულებს პასექის აღნიშვნის დროს?
▪ რა იყო იესოს მიზანი, როცა დამამცირებელი სამსახური გასწია — ფეხები დაბანა თავის მოციქულებს?