უფრო მეტი სასწაულები კაპერნაუმში
თავი 23
უფრო მეტი სასწაულები კაპერნაუმში
შაბათს, მას შემდეგ, რაც იესომ მოუწოდა თავის პირველ ოთხ მოწაფეს — პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს, — ისინი ერთად მიდიან კაპერნაუმის ადგილობრივ სინაგოგაში. აქ იესო იწყებს დამოძღვრას და ხალხი გაოცებულია, ვინაიდან ის ასწავლის როგორც ძალაუფლების მქონე და არა, როგორც მწიგნობარნი.
ამ შაბათს აქ იმყოფება დემონით შეპყრობილი კაცი. გარკვეული ხნის შემდეგ ის ხმამაღლა ყვირის: „რა გინდა ჩვენგან იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ“.
დემონი, რომელიც ამ კაცშია, სინამდვილეში, სატანის ერთ-ერთი ანგელოზია. იესო რისხავს მას და ეუბნება: „გაჩუმდი და გადი მაგისგან!“
დემონი კრუნჩხვებში აგდებს კაცს და ხმამაღლა აყვირებს. მაგრამ ისე გადის მისგან, რომ არავითარ ზიანს არ აყენებს. ყველა გაოცებულია! „ეს რა ახალი მოძღვრებაა, — კითხულობენ ისინი, — რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას?“ ეს ახალი ამბავი მთელ იმ არემარეს ედება.
სინაგოგიდან წასვლის შემდეგ იესო და მისი მოწაფეები სიმონის ანუ პეტრეს სახლში მიდიან. პეტრეს სიდედრი ძალიან ავად არის, ციებ-ცხელება აქვს. ‘გთხოვთ, დაეხმარე მას’, — ევედრებიან ისინი. ამიტომ იესო დგება, ხელს ხელზე ჰკიდებს და აყენებს. ის მაშინვე იკურნება და მათთვის საჭმლის მომზადებას იწყებს!
მოგვიანებით, მზის ჩასვლის შემდეგ, მრავალმა ადამიანმა, ვისაც ავადმყოფი ჰყავდა, პეტრეს სახლში დაიწყო მისვლა. მალე მთელმა ქალაქმა კართან მოიყარა თავი! და იესო კურნავს ყველა ავადმყოფს, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა დაავადება აწუხებს. ის დემონებით შეპყრობილებსაც ათავისუფლებს. როცა დემონები გამოდიან, ისინი ხმამაღლა ყვირიან: „შენ ხარ. . . ძე ღვთისა!“ მაგრამ იესო რისხავს მათ და ლაპარაკის ნებას არ რთავს, ვინაიდან დემონებმა იციან, რომ ის ქრისტეა. მარკოზი 1:21–34; ლუკა 4:31–41; მათე 8:14–17.
▪ რა ხდება სინაგოგაში შაბათს მას შემდეგ, რაც იესომ თავის ოთხ მოწაფეს მოუწოდა?
▪ სად მიდის იესო სინაგოგიდან წასვლის შემდეგ და რა სასწაულს ახდენს იქ?
▪ რა ხდება იმავე საღამოს, მოგვიანებით?