არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

იესო ქრისტე აღთქმული მესია

იესო ქრისტე აღთქმული მესია

მესიის ამოცნობაში რომ დაგვხმარებოდა, იეჰოვა ღმერთმა მრავალი წინასწარმეტყველი აღძრა, წმინდა წერილებში ჩაეწერათ აღთქმული მხსნელის დაბადებასთან, მსახურებასთან და სიკვდილთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები. ბიბლიის ყველა ეს წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე შესრულდა. ისინი საოცრად ზუსტი და კონკრეტულია. მაგალითისთვის განვიხილოთ რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებიც მესიის დაბადებასა და ბავშვობას უკავშირდება.

ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია მეფე დავითის შთამომავალი იქნებოდა (ესაია 9:7). იესო მართლაც დავითის საგვარეულო ხაზში დაიბადა (მათე 1:1, 6—17).

მიქამ, ღვთის წინასწარმეტყველმა, დაწერა, რომ ის „ეფრათას ბეთლემში“ დაიბადებოდა და, საბოლოოდ, მმართველი გახდებოდა (მიქა 5:2). იმ დროს, როცა იესო დაიბადა, ისრაელში ორი ქალაქი იყო, რომლებსაც ბეთლემი ეწოდებოდა. ერთი ქალაქი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაზარეთთან ახლოს მდებარეობდა, მეორე კი — იუდეაში, იერუსალიმთან ახლოს. იერუსალიმთან მდებარე ბეთლემს თავიდან ეფრათა ეწოდებოდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო სწორედ ამ ქალაქში დაიბადა! (მათე 2:1).

ბიბლიის სხვა წინასწარმეტყველებაში ღმერთი ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“. პატარა იესო მშობლებმა ეგვიპტეში წაიყვანეს. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და ამგვარად შესრულდა წინასწარმეტყველება (ოსია 11:1; მათე 2:15).

ცხრილის „ წინასწარმეტყველება მესიის შესახებ“ სვეტში „წინასწარმეტყველება“, მოცემულია ბიბლიური მუხლები, რომლებშიც მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებია ჩაწერილი. შეადარე ისინი იმ მუხლებს, რომლებიც მოცემულია სვეტში „შესრულება“. ამით კიდევ უფრო განგიმტკიცდება იმის რწმენა, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტია.

ამ მუხლების წაკითხვისას გახსოვდეს, რომ ეს წინასწარმეტყველებები იესოს დაბადებამდე ასწლეულებით ადრე დაიწერა. იესომ თქვა: „ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს“ (ლუკა 24:44). შეგიძლია შენს ბიბლიაში შეამოწმო, რომ ყველაფერი მართლაც ზედმიწევნით შესრულდა!