„შეუძლებელია, ეს მომხდარიყო!“
ᲔᲠᲗᲘ ᲜᲘᲣ-ᲘᲝᲠᲙᲔᲚᲘ (ᲐᲨᲨ) მამაკაცი ჰყვება: „ჩემი შვილი ჯონათანი მანქანით მიდიოდა ხოლმე თავის მეგობრებთან, რომლებიც ჩვენგან მოშორებით ცხოვრობდნენ. ჩემს მეუღლეს, ვალენტინას, ეს არ მოსწონდა, რადგან შიშობდა, გზაში რამე ხიფათს არ გადაჰყროდა. ჩვენს ვაჟს ელექტროაპარატურა იტაცებდა, მის მეგობრებს კი სახელოსნო ჰქონდათ, სადაც ამ კუთხით კარგ გამოცდილებას იძენდა. როცა ეს ამბავი მოხდა, სახლში ვიყავი, ჩემი მეუღლე კი პუერტო-რიკოში იყო წასული თავისი ნათესავების მოსანახულებლად. გულში ვამბობდი, აი, სადაცაა ჯონათანიც მოვა-მეთქი. ამ დროს კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. მეგონა ჯონათანი მოვიდა, მაგრამ მის ნაცვლად კართან პოლიციელი და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იდგნენ.
— გეცნობათ ეს მართვის მოწმობა? — მკითხა პოლიციელმა.
— დიახ, ჩემი ბიჭის, ჯონათანისაა.
— ცუდი ამბავი გვაქვს თქვენთვის. უბედური შემთხვევა მოხდა და . . . თქვენი შვილი . . . თქვენი შვილი დაიღუპა.
— შეუძლებელია, ეს მომხდარიყო! — ასეთი იყო ჩემი პირველი რეაქცია. ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა! ეს ისეთი მძიმე დარტყმა იყო ჩვენთვის, რომ დღემდე ვერ მოგვინელებია“.
ბარსელონაში (ესპანეთი) მცხოვრები ერთი მამა წერს: „შორეულ 60-იან წლებში ჯერ კიდევ ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მე და ჩემს მეუღლეს, მარიას, სამი შვილი გვყავდა — 13 წლის დავიდი, 11 წლის პაკიტო და 9 წლის იზაბელი.
1963 წლის მარტის ერთ დღეს, პაკიტო სკოლიდან შინ თავის ძლიერი ტკივილით დაბრუნდა. საგონებელში ჩავცვივდით, ვფიქრობდით, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს, მაგრამ ფიქრი დიდხანს არ დაგვცალდა. ბავშვი სამ საათში გამოგვეცალა ხელიდან. მისი მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი ტვინში სისხლის ჩაქცევა აღმოჩნდა.
პაკიტოს სიკვდილის შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი დღემდე მოგვყვება. მშობლებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი დრო გავიდა შვილის სიკვდილიდან ან ჰყავთ თუ არა სხვა შვილები, მათ მუდმივად რჩებათ ისეთი შეგრძნება, თითქოს სხეულის ნაწილი დაკარგეს“.
ამ ორი ტრაგიკული შემთხვევიდან ჩანს, რამდენად ღრმა და შეუხორცებელია შვილის სიკვდილით მიყენებული ჭრილობა. როგორც ერთმა ექიმმა აღნიშნა: „ბავშვის სიკვდილი, ჩვეულებრივ, ხანდაზმულის სიკვდილთან შედარებით, უფრო დიდ ტრაგედიად აღიქმება და დიდ ტრავმას აყენებს ოჯახს, რადგან ბავშვის სიკვდილი ყველასთვის მოულოდნელია . . . მასთან ერთად კვდება მის მომავალთან დაკავშირებული ყველა იმედი [რაც შვილს, მის მომავალ მეუღლესა და შვილიშვილებს უკავშირდებათ] . . . და ის ყველაფერი, რასაც ვეღარასდროს მოესწრებიან“. დანაკლისის მტკივნეულ გრძნობას განიცდის ისიც, ვისაც მუცელი მოეშალა და ჯერარდაბადებული ბავშვი დაკარგა.
ერთი ქვრივი ქალი ჰყვება: „როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, წყნარ ოკეანეში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს ჩემი მეუღლე, რასელი, სამხედრო ექიმი იყო. ის რამდენიმე სასტიკ ბრძოლას გადაურჩა. შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ უფრო მშვიდი ცხოვრება აირჩია, მოგვიანებით კი ღვთის მსახური გახდა. სამოც წელს რომ გადასცდა, გულის პრობლემები დაეწყო. ცდილობდა, აქტიური ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ერთ დღეს, 1988 წლის ივლისში, გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა გამანადგურა. წესიერად გამომშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ის მხოლოდ ქმარი კი არა, საუკეთესო მეგობარიც იყო. 40 წელი გავატარეთ ერთად. ვხვდებოდი, რომ წინ საშინელი მარტოობა მელოდა“.
მსგავსი ტრაგედიები ყოველდღიურად ათასობით ოჯახს აყენებს დიდ დარტყმას. ვისაც შვილის, მეუღლის, მშობლის ან მეგობრის სიკვდილი გამოუცდია, უდავოდ დაეთანხმება ბიბლიის ერთ-ერთ დამწერს, პავლეს, რომელმაც სიკვდილს „მტერი“ უწოდა. სიკვდილის შემზარავ ამბავს მრავალი ვერასგზით ვერ იჯერებს ან ახლობლის დაკარგვას სხვა სახით გამოხატავს (1 კორინთელები 15:25, 26).
მაგრამ, სანამ იმაზე ვისაუბრებთ, რას გრძნობს მგლოვიარე, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ვუპასუხოთ: სიკვდილით მთავრდება ყველაფერი? უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ოდესმე კვლავ ვიხილავთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს?
რეალური იმედი
პავლე მოციქულმა დაგვანახვა, რომ სავსებით რეალურია გვქონდეს „უკანასკნელი მტრისგან“, სიკვდილისგან თავის დახსნის იმედი. მან დაწერა: „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26). რატომ იყო პავლე ასე დარწმუნებული? ეს იმედი მას იესო ქრისტემ ჩაუსახა, რომელიც თავად აღდგა მკვდრეთით (საქმეები 9:3—19). ასე რომ, პავლეს თამამად შეეძლო ეთქვა: „როგორც ერთმა ადამიანმა [ადამმა] მოიტანა სიკვდილი, ასევე ერთი ადამიანის [იესო ქრისტეს] მეშვეობით იქნება მკვდრეთით აღდგომა; როგორც ადამის გამო კვდება ყველა, ისე გაცოცხლდება ყველა ქრისტეს წყალობით“ (1 კორინთელები 15:21, 22).
ერთხელ იესომ ნაინელი ქვრივი დაინახა, რომელიც თავის ვაჟს დასტიროდა, და გული მოუკვდა. ბიბლია მოგვითხრობს: «ქალაქის [ნაინის] კარიბჭეს რომ მიუახლოვდა [იესო], დაინახა, რომ მკვდარს მოასვენებდნენ, დედისერთა ბიჭს. დედამისი ქვრივი იყო. მას დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა ქალაქიდან. უფალმა დედამისი რომ დაინახა, გული დაეწვა და უთხრა: „ნუ ტირი“. შემდეგ მივიდა და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“ მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო. იესომ ის დედამისს ჩააბარა. ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ, დიდი წინასწარმეტყველი გამოჩნდა ლუკა 7:12—16).
ჩვენ შორის, ღმერთმა თავის ხალხს მოხედაო“». წარმოიდგინეთ, იესოს იმდენად შეებრალა ქვრივი, რომ შვილი აღუდგინა! ამით მან დაგვანახვა, თუ რას გააკეთებს მომავალში (მათზე, ვინც საკუთარი თვალით იხილა, როგორ აღადგინა იესომ ქვრივის ვაჟი, წარუშლელ კვალს დატოვებდა. ამგვარად იესომ რეალური გახადა ის იმედი, რომლის შესახებაც ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა — რომ დედამიწაზე მიცვალებულებს სიცოცხლე დაუბრუნდებოდათ „ახალი ცის“ ანუ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. ამასთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოვა დრო, როცა ყველა, ვინც სამარხშია, მის ხმას მოისმენს და აღდგება“ (გამოცხადება 21:1, 3, 4; იოანე 5:28, 29; 2 პეტრე 3:13).
პეტრე და ზოგიერთი სხვა მოციქული, რომლებიც ხშირად თან ახლდნენ იესოს, სხვა აღდგომის თვითმხილველები გახდნენ; მათ თვით მკვდრეთით აღდგენილი იესო დაელაპარაკა გალილეის ზღვასთან. ბიბლია გვამცნობს: «იესომ უთხრა მოწაფეებს: „მოდით, ისაუზმეთ!“ ვერცერთმა ვერ გაბედა ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. იესომ აიღო პური და მისცა მათ, შემდეგ თევზიც ჩამოურიგა. ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა ის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოწაფეებს ეჩვენა» (იოანე 21:12—14).
ამიტომ წერდა პეტრე სრული დამაჯერებლობით: „დიდება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მამასა და ღმერთს, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშვა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით უტყუარი იმედი გვქონოდა“ (1 პეტრე 1:3).
მოციქულმა პავლემ აღდგომის მტკიცე იმედი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „მე ყველაფერი მწამს, რაც კანონში და წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია. ამათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:14, 15).
ასე რომ, მილიონებს შეუძლიათ ჰქონდეთ საფუძვლიანი იმედი, რომ კვლავ შეხვდებიან თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს დედამიწაზე. თუმცა იმ დროს დედამიწაზე ცხოვრება სრულიად განსხვავებული იქნება. ამ ბროშურის ბოლო ნაწილში, სათაურით „რეალური იმედი მიცვალებულთათვის“, უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ იმედზე.
მოდი ჯერ განვიხილოთ კითხვები, რომლებიც შესაძლოა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო გაგიჩნდეთ: ნორმალურია, ასე ძალიან რომ განვიცდი? როგორ ვიცხოვრო ამ ტკივილით? სხვებს როგორ შეუძლიათ დამეხმარონ მწუხარებასთან გამკლავებაში? მე რა შემიძლია გავაკეთო სხვა მგლოვიარეების დასახმარებლად? და რაც მთავარია, როგორ ამტკიცებს ბიბლია, რომ მიცვალებულებისთვის არსებობს რეალური იმედი? შევხვდები კი ოდესმე ჩემს გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებს? თუ დიახ, სად?