თავი 18
როგორ ხდება სამეფოს საქმიანობის დაფინანსება
1, 2. ა) რა უპასუხა ძმა რასელმა ეკლესიის მსახურს? ბ) რას განვიხილავთ ამ თავში?
ერთხელ ძმა ჩარლზ რასელს რეფორმატორული ეკლესიის მსახურმა ჰკითხა, როგორ ხდებოდა ბიბლიის მკვლევართა საქმიანობის მართვა.
— ჩვენთან არ ხდება ფულის შეგროვება, — აუხსნა ძმა რასელმა.
— აბა, სად შოულობთ ფულს? — ჰკითხა ეკლესიის მსახურმა.
— სიმართლეს გეტყვით, თუმცა შეიძლება არ დამიჯეროთ, — უპასუხა რასელმა. — როცა ხალხი ჩვენს შეკრებებს ესწრება, ჯამს არავინ უშვერს ფულის ჩასაყრელად. მაგრამ მათ ესმით, რომ უფულოდ არაფერი კეთდება და გულში ამბობენ: „ამ დარბაზს უფასოდ არავინ გააქირავებდა . . . სად შემიძლია ჩემი მცირეოდენი შესაწირავის ჩაყრა?“.
ეკლესიის მსახურმა უნდობლად შეხედა ძმა რასელს.
— მართალს გეუბნები, — განაგრძო ძმა რასელმა, — ისინი მეკითხებიან: „სად შემიძლია ჩავყარო მცირეოდენი თანხა ამ საქმისთვის?“. როცა ადამიანი კურთხევას იღებს და ცოტაოდენი ფულიც აქვს, სურს, ის უფლის საქმისთვის გაიღოს. და, თუ არაფერი გააჩნია, რატომ უნდა დავაძალოთ?! a
2 ძმა რასელი მართალს ამბობდა. ღვთის ხალხი ოდითგანვე უჭერდა მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ნებაყოფლობითი შესაწირავებით. ამ თავში განვიხილავთ ამის როგორც ბიბლიურ, ისე თანამედროვე მაგალითებს. ჩვენს დროში სამეფოს საქმიანობის დაფინანსებაზე საუბრისას კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას: როგორ შემიძლია მხარი დავუჭირო ამ საქმიანობას?
„ვისაც გული გაუწევს, ყველამ მოიტანოს იეჰოვას შესაწირავი“
3, 4. ა) რაში ენდობა იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს? ბ) როგორ დაუჭირეს ისრაელებმა მხარი კარვის აგებას?
3 იეჰოვა ენდობა თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს. მან იცის, რომ ერთგულების ნიშნად ისინი შესაძლებლობისთანავე დიდი სიხარულით გაიღებენ შესაწირავს. განვიხილოთ ამის ორი მაგალითი ისრაელი ერის ისტორიიდან.
4 ეგვიპტიდან ისრაელის გამოყვანის შემდეგ იეჰოვამ უთხრა მათ, რომ თაყვანისმცემლობისთვის ასაწყობი კარავი აეგოთ. კარვის ასაგებად და მისი მოწყობილობების დასამზადებლად ბევრი რამ იყო საჭირო. იეჰოვას მითითებით მოსეს ხალხისთვის შესაძლებლობა უნდა მიეცა, მხარი დაეჭირათ ამ საქმისთვის. მოსემ ხალხს უთხრა: „ვისაც გული გაუწევს, ყველამ მოიტანოს იეჰოვას შესაწირავი“ (გამ. 35:5). როგორ გამოეხმაურა ამ მოწოდებას ხალხი, რომელთაც ცოტა ხნის წინ ეგვიპტელები მონურად ამუშავებდნენ და „ნებისმიერ სამუშაოს ასრულებინებდნენ“? (გამ. 1:14). მათ არნახული გულუხვობა გამოიჩინეს და ნებაყოფლობით შესწირეს ოქრო-ვერცხლი და სხვა ძვირფასეულობები, რომელთა დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, თავიანთი ყოფილი ბატონებისგან ჰქონდათ წამოღებული (გამ. 12:35, 36). მათ საჭიროზე მეტი გაიღეს. მოსეს იმის თქმაც კი მოუწია, რომ შეეწყვიტათ შესაწირავის მიტანა (გამ. 36:4—7).
5. როგორ მოიქცნენ ისრაელები, როცა დავითმა მათ ტაძრის ასაშენებლად შესაწირავების გაღების შესაძლებლობა მისცა?
5 დაახლოებით 475 წლის შემდეგ მეფე დავითმა საკუთარი ქონებიდან გაიღო შესაწირავი დედამიწაზე თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი პირველი მუდმივი ნაგებობის, იეჰოვას ტაძრის ასაშენებლად. მან თანამემამულეებსაც მისცა შესაწირავის გაღების შესაძლებლობა და ჰკითხა მათ: „ვის სურს დღეს იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით?“. დავითის თხოვნის საპასუხოდ „მთელი გულით გაიღეს მათ იეჰოვასთვის ნებაყოფლობითი შესაწირავი“ (1 მატ. 29:3—9). მეფე დავითს კარგად ესმოდა, თუ სინამდვილეში ვისგან იყო ეს შესაწირავი. ლოცვაში მან იეჰოვას უთხრა: „ყველაფერი შენგანაა და შენი ხელით მოცემული მოგეცით“ (1 მატ. 29:14).
6. სამეფოს რომელ საქმიანობას სჭირდება ფული და რა კითხვები იბადება?
6 არც მოსეს და არც დავითს არ დაუძალებია ღვთის ხალხისთვის შესაწირავის გაღება. ამისკენ ხალხს გულმა გაუწია. რის თქმა შეიძლება ჩვენზე? ჩვენ გვესმის, რომ იმ საქმის გასაკეთებლად, რომელსაც ღვთის სამეფო ხელმძღვანელობს, ფულია საჭირო. ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის გამოცემა და ტრანსპორტირება, სამეფო თუ საკონგრესო დარბაზებისა და ფილიალების მშენებლობა და მოვლა-პატრონობა, აგრეთვე სტიქიური თუ სხვა უბედურების დროს დაზარალებული და-ძმებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ იბადება კითხვები: სად ვშოულობთ საჭირო თანხებს? სჭირდებათ მეფის ქვეშევრდომებს იმის დაძალება, რომ შესაწირავი გაიღონ?
„დახმარებისთვის ადამიანებს არასოდეს მივმართავთ და არც ვთხოვთ“
7, 8. რატომ არ ითხოვენ იეჰოვას მსახურები ხალხისგან ფულს?
7 ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისგან განსხვავებით ძმა რასელი და მისი თანამოაზრეები კაპიტალის გასაზრდელად სხვადასხვა მეთოდს არ მიმართავდნენ. „საგუშაგო კოშკის“ მეორე ნომერი შეიცავდა სტატიას სათაურით «გსურთ „სიონის საგუშაგო კოშკი“?», რომელშიც რასელი წერდა: «გვჯერა, რომ „სიონის საგუშაგო კოშკი“ იეჰოვას მხარდაჭერით გამოდის, ამიტომ დახმარებისთვის ადამიანებს არასოდეს მივმართავთ და არც ვთხოვთ, რადგან, თუ მან, ვინც თქვა: „ჩემია მთის ოქრო და ვერცხლი“, შეგვიწყვიტა ფინანსური მხარდაჭერა, დროა შევაჩეროთ ამ ჟურნალის გამოცემა» (ანგ. 2:7—9). მას შემდეგ 130 წელზე მეტი გავიდა და ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ კვლავაც ბევრი მკითხველი ჰყავს, მისი გამომცემელი ორგანიზაცია კი მყარად დგას.
8 იეჰოვას მსახურები ხალხისგან ფულს არ ითხოვენ. შესაწირავების ასაგროვებლად ისინი არ ატარებენ თეფშებს და არც წერილებით სთხოვენ ვინმეს ფულად დახმარებას. თავიანთი ბიუჯეტის შესავსებად ისინი არ თამაშობენ ბინგოს ან ლატარიას და არც ბაზრობებს მართავენ. მათ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ, როგორც ეს დიდი ხნის წინ გამოცემულ „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „არასდროს მიგვაჩნია სწორად უფლის საქმისთვის ფულის მოთხოვნა, როგორც ეს გავრცელებულია . . . ჩვენი აზრით, უფლის სახელით ფულის სხვადასხვა ხერხით მოთხოვნა შეურაცხმყოფელი და მიუღებელია უფლისთვის. ის არც გამღებს აკურთხებს და არც ამ ფულით გაკეთებულ საქმეს“. b
„თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა“
9, 10. მოიყვანეთ ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღების ერთ-ერთი მიზეზი.
9 ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს შესაწირავების გაღებას არავინ გვაიძულებს. პირიქით, სიხარულით ვწირავთ ფულსა თუ სხვა საშუალებებს სამეფოს საქმიანობის მხარდასაჭერად. რატომ ვაკეთებთ ამას ნებაყოფლობით? მოვიყვანოთ სამი მიზეზი.
10 პირველი, ნებაყოფლობით იმიტომ ვწირავთ, რომ გვიყვარს იეჰოვა და გვინდა მის თვალში მოსაწონი საქმეები ვაკეთოთ (1 იოან. 3:22). იეჰოვა იწონებს მათ, ვინც მთელი გულით გასცემს შესაწირავს. განვიხილოთ, რა თქვა მოციქულმა პავლემ ქრისტიანების მიერ შესაწირავების გაღებაზე (წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:7). ჭეშმარიტი ქრისტიანი უხალისოდ ან იძულებით არ სწირავს. პირიქით, ამას იმიტომ აკეთებს, რომ „გულში გადაწყვიტა“. c სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მას შემდეგ სწირავს, რაც ხედავს საჭიროებას და ფიქრობს, რისი გაკეთება შეუძლია. ასეთი ადამიანი ძვირფასია იეჰოვასთვის, რადგან „ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“.
11. რა აღგვძრავს, საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის?
11 მეორე, მატერიალური შესაწირავებით იეჰოვას მადლობას ვუხდით უხვი კურთხევებისთვის. განვიხილოთ მოსეს კანონში ჩაწერილი გულში ჩამწვდომი პრინციპი (წაიკითხეთ კანონის 16:16, 17). სამ ყოველწლიურ შეკრებაზე დასწრებისას თითოეულ ისრაელ მამაკაცს იეჰოვას კურთხევის შესაბამისად უნდა გაეღო ძღვენი. ასე რომ, დღესასწაულამდე თითოეულს უნდა ეფიქრა თავის კურთხევებზე, გამოეკვლია საკუთარი გული და შემდეგ გადაეწყვიტა, რა იქნებოდა საუკეთესო ძღვენი იეჰოვასთვის. მსგავსად, როცა ვფიქრობთ იეჰოვასგან მიღებულ უამრავ კურთხევაზე, მისთვის საუკეთესოს გაღების სურვილი გვიჩნდება. მთელი გულით გაღებული ძღვენი, რაშიც მატერიალური შესაწირავებიც შედის, ცხადყოფს, რამდენად ვაფასებთ იეჰოვასგან მიღებულ უხვ კურთხევებს (2 კორ. 8:12—15).
12, 13. როგორ ცხადყოფს ნებაყოფლობითი შესაწირავები, რომ გვიყვარს ჩვენი მეფე და რამდენი უნდა გავიღოთ?
12 მესამე, ნებაყოფლობითი შესაწირავებით სიყვარულს ვავლენთ ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს მიმართ. რატომ ვამბობთ ამას? გავიხსენოთ, რა უთხრა იესომ თავის მოწაფეებს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ საღამოს (წაიკითხეთ იოანეს 14:23). იესომ თქვა: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს“. იესოს „სიტყვაში“ შედის მითითება, ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე (მათ. 24:14; 28:19, 20). ამ „სიტყვას“ ვიცავთ, როცა შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ და ჩვენს დროს, ენერგიასა და მატერიალურ სახსრებს სამეფოს შესახებ ქადაგებას ვახმართ. ამით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ჩვენი მეფე.
13 როგორც სამეფოს ერთგულ ქვეშევრდომებს, გვსურს, მთელი გულით დავუჭიროთ მხარი სამეფოს საქმიანობას მატერიალური შესაწირავებით. თუმცა ის, თუ როგორ გავაკეთებთ ამას, პირადი გადასაწყვეტია. საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა საუკეთესოს სწირავს. ჩვენს და-ძმებს შორის ბევრი არ არის შეძლებული (მათ. 19:23, 24; იაკ. 2:5). თუმცა მათთვის მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა და მისი ძე დიდად აფასებენ მთელი გულით გაღებულ შესაწირავებს, თუნდაც მცირეს (მარ. 12:41—44).
როგორ ხდება შესაწირავების გაღება?
14. როგორ ავრცელებდნენ იეჰოვას მოწმეები ლიტერატურას მრავალი წლის მანძილზე?
14 მრავალი წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეები გარკვეულ საფასურად სთავაზობდნენ ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას. საფასური იმდენად მცირე იყო, რომ თითქმის ყველას შეეძლო ლიტერატურის აღება. თუ ვინმე ინტერესს ავლენდა, მაგრამ შესაწირავის გაღება არ შეეძლო, სამეფოს მაუწყებელი მას ლიტერატურას დიდი სიამოვნებით უტოვებდა უსასყიდლოდ. მაუწყებლების გულითადი სურვილი იყო, ლიტერატურა იმ გულწრფელი ადამიანების ხელში მოხვედრილიყო, რომლებიც წაიკითხავდნენ მას და ბევრ რამეს ისწავლიდნენ.
15, 16. ა) რა ცვლილება მოახდინა ხელმძღვანელმა საბჭომ 1990 წელს? ბ) როგორ ხდება ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღება? (იხ. აგრეთვე ჩარჩო „ რას ხმარდება ჩვენი შესაწირავები?“).
15 ლიტერატურის გავრცელებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელმა საბჭომ 1990 წელს ახალი მითითებები მისცა ძმებს. მას შემდეგ შეერთებულ შტატებში ლიტერატურის შეთავაზებისას მხოლოდ ნებაყოფლობით შესაწირავებს მოიხსენიებენ. ქვეყნის ყველა კრებისთვის გაგზავნილ წერილში ახსნილი იყო: „მაუწყებლები და დაინტერესებულები ჟურნალებსა თუ სხვა ლიტერატურას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღებენ. ასე რომ, სიტყვითაც კი აღარ იქნება ნახსენები კონკრეტული შესაწირავი . . . ვისაც სურს ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობის ხარჯების დასაფარავად შესაწირავის გაღება, შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა ლიტერატურის მიღება შესაწირავზე არ იქნება დამოკიდებული“. ამ ცვლილების შედეგად უფრო ნათელი გახდა, რომ ჩვენი საქმიანობა ნებაყოფლობითი და რელიგიური ხასიათისაა და, რომ ჩვენ „ღვთის სიტყვით არ ვვაჭრობთ“ (2 კორ. 2:17). დროთა განმავლობაში მსოფლიოს ყველა ფილიალში შემოიღეს ლიტერატურის გავრცელების ეს პრინციპი.
16 როგორ ხდება ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღება? იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში არის შესაწირავების ყუთები. მსურველს აგრეთვე შეუძლია შესაწირავის გაგზავნა იეჰოვას მოწმეთა რომელიმე იურიდიული პირის სახელზე. ყოველ წელს „საგუშაგო კოშკში“ იბეჭდება სტატია, რომელშიც იხსნება, როგორ შეიძლება ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღება.
რას ხმარდება შემოსული თანხა?
17—19. ახსენით, როგორ ხმარდება შესაწირავები ა) მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, ბ) მთელ მსოფლიოში სამეფო დარბაზების მშენებლობას და გ) კრების საჭიროებებს.
17 მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა. შესაწირავებით იფარება მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ხარჯები. ამაში შედის მსოფლიო მასშტაბით ლიტერატურის გამოცემა და ტრანსპორტირება, ფილიალების მშენებლობა და მოვლა-პატრონობა და სხვადასხვა თეოკრატიული სკოლის ჩატარება. გარდა ამისა, შესაწირავები ხმარდება მისიონერების, მიმომსვლელი ზედამხედველებისა და სპეციალური პიონერების ხარჯების დაფარვასა და სტიქიური თუ სხვა უბედურების დროს დაზარალებული და-ძმების დახმარებას. d
18 მთელ მსოფლიოში სამეფო დარბაზების მშენებლობა. კრებებს შესაძლებლობა აქვთ, შეწირული თანხა გამოიყენონ სამეფო დარბაზის ასაშენებლად და გასარემონტებლად. შესაწირავებით შესაძლებელი ხდება სხვა სამეფო დარბაზების აშენება. e
19 კრების საჭიროებები. შეწირული თანხები ხმარდება სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობას. უხუცესებმა შეიძლება კრებას შემოსული შესაწირავის ნაწილის ფილიალში გაგზავნა შესთავაზონ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ამ დროს უხუცესები კრებას რეზოლუციის მიღებას სთავაზობენ. თანხმობის მიღების შემდეგ ისინი თანხას ფილიალში აგზავნიან. ყოველ თვე ფინანსებზე პასუხისმგებელი ძმა ამზადებს საფინანსო ანგარიშს, რომელიც კრების წინაშე იკითხება.
20. როგორ შეგიძლიათ პატივი მიაგოთ იეჰოვას თქვენი ქონებიდან?
20 როცა ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენი რამ კეთდება მთელ მსოფლიოში სამქადაგებლო საქმისა და მოწაფეების მომზადებისთვის, აღძრულები ვართ, რომ პატივი მივაგოთ იეჰოვას ჩვენი ქონებიდან (იგავ. 3:9, 10). ჩვენს ქონებაში შედის ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები, სულიერი თვისებები და მსახურებაში მიღებული გამოცდილება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამაში ჩვენი მატერიალური ქონებაც იგულისხმება. უეჭველია, ყველას გვსურს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი სამეფოს საქმის მხარდასაჭერად. გადაწყვეტილი გვქონდეს, შეძლებისდაგვარად გავიღოთ შესაწირავი. ნებაყოფლობითი შესაწირავებით განვადიდებთ იეჰოვას და ცხადვყოფთ, რომ მხარს ვუჭერთ ქრისტეს სამეფოს.
a 1915 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 218, 219 (ინგლ.).
b 1899 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვ. 201 (ინგლ.).
c ერთი ბიბლეისტი ამბობს, რომ „გადაწყვეტად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „წინასწარ განსაზღვრის აზრს ატარებს . . . მიუხედავად იმისა, რომ გაცემას სპონტანური სიხარული სდევს, ის დაგეგმილი და სისტემატური უნდა იყოს“ (1 კორ. 16:2).