ხელმძღვანელი საბჭოს წერილი
ძვირფასო სამეფოს მაუწყებლებო,
წარმოიდგინეთ, რომ 1914 წელია. თქვენ ბრუკლინის ბეთელის ოჯახის წევრი ხართ, 2 ოქტომბრის პარასკევ დილას ბეთელის სასადილოში ზიხართ და ძმა რასელს ელოდებით. უეცრად იღება კარი და ძმა რასელი შემოდის. ის ჩვეულებისამებრ ბეთელის ოჯახს ხალისიანად ესალმება: „დილა მშვიდობისა!“. მაგრამ სანამ სუფრის თავში დაჯდება, ტაშს შემოჰკრავს და ამაღელვებელ განცხადებას აკეთებს: „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები დასრულდა. მათი მეფეების დღეები დათვლილია!“. სიხარულს ვერ მალავთ, რადგან დიდი ხანია ელოდით ამ დროს. სხვა ბეთელელებთან ერთად ამ ამაღელვებელ სიახლეს ხანგრძლივი და მქუხარე ტაშით ხვდებით.
მრავალმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ძმა რასელმა ზემოხსენებული განცხადება გააკეთა. რას მიაღწია სამეფომ დღემდე? ძალიან ბევრს! სამეფოს მეშვეობით იეჰოვამ ეტაპობრივად განწმინდა და სხვადასხვა მხრივ მოამზადა თავისი ხალხი, რომელიც 1914 წელს რამდენიმე ათასს ითვლიდა, დღეს კი თითქმის 8 მილიონს აღწევს. პირადად თქვენ რაში მოგამზადათ იეჰოვამ?
ძმები ხშირად ამბობენ, რომ დღეს იეჰოვას ზეციერი ეტლი არ ჩერდება, და ეს ასეც არის. თუმცა, ეს ზეციერი ეტლი, რომელიც იეჰოვას ორგანიზაციის უხილავ ნაწილს განასახიერებს, 1914 წლიდან მოყოლებული საოცარი სისწრაფით მოძრაობს, რაზეც ამ წიგნის შინაარსიც მოწმობს. მსოფლიო მასშტაბით სასიხარულო ცნობის ქადაგების მიზნით სამეფოს მაუწყებლებმა სხვადასხვა ინოვაციური მეთოდი გამოიყენეს, მათ შორის გაზეთები, საინფორმაციო მსვლელობები, კადრები და სლაიდები, სამქადაგებლო ბარათები, პატეფონები, რადიო და ინტერნეტი.
იეჰოვას კურთხევით მიმზიდველ ბიბლიურ ლიტერატურას 670-ზე მეტ ენაზე ვბეჭდავთ და უსასყიდლოდ ვავრცელებთ. თავდადებულ მოხალისეთა დახმარებით შენდება სამეფო და საკონგრესო დარბაზები და ფილიალები როგორც მდიდარ, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში. სტიქიური უბედურების დროს მოსიყვარულე და-ძმები დაზარალებულ თანამორწმუნეთა დასახმარებლად მიიჩქარიან, რითაც ამტკიცებენ, რომ „გასაჭირისთვის დაბადებული“ ძმები არიან (იგავ. 17:17).
დროდადრო სამღვდელოება და ჭეშმარიტების სხვა მტრები სირთულეებს ქმნიან დადგენილებებით. მაგრამ მათი მცდელობა ისევ და ისევ „სასიხარულო ცნობის წინსვლას“ ემსახურება, რაც რწმენის განმამტკიცებელია (ფსალმ. 94:20; ფილ. 1:12).
ჩვენო „შინაურებო“, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად მსახურება. გახსოვდეთ, რომ ძალიან გვიყვარხართ! ვლოცულობთ, რომ ეს წიგნი დაგეხმაროთ სულიერი მემკვიდრეობის უფრო მეტად დაფასებაში (მათ. 24:45).
კეთილი სურვილებით,
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო