არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 15

სიამე ნახე შენს გარჯაში!

სიამე ნახე შენს გარჯაში!

„ყოველმა კაცმა . . . სიამე [უნდა] ნახოს თავის გარჯაში“ (ეკლესიასტე 3:13)

1—3. ა) რას ფიქრობს ბევრი თავის სამუშაოზე? ბ) როგორია ბიბლიის თვალსაზრისი შრომაზე და რომელ კითხვებს განვიხილავთ ამ თავში?

დღეს ბევრ ადამიანს შრომა არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს. მომაბეზრებელი სამუშაოს საათობით შესრულება მათ სამსახურში წასვლის სურვილს უკარგავს. როგორ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს თავიანთი სამუშაოთი დაინტერესდნენ და კმაყოფილებიც კი იყვნენ?

2 ბიბლია მოგვიწოდებს, შრომისმოყვარენი ვიყოთ. მასში ნათქვამია, რომ შრომა და მისი ნაყოფი ძღვენია. სოლომონმა დაწერა: „ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:13). იეჰოვას ვუყვარვართ და ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის. მას უნდა, რომ გარჯაში სიამე ვნახოთ და ჩვენი შრომის ნაყოფმა გაგვახაროს. მის სიყვარულში რომ დავრჩეთ, შრომასთან დაკავშირებით მისი თვალსაზრისი და პრინციპები უნდა გავითავისოთ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 2:24; 5:18).

3 ამ თავში ოთხ კითხვას გავცემთ პასუხს: 1) როგორ ვნახოთ სიამე ჩვენს გარჯაში? 2) როგორი სამუშაოების შესრულებაა მიუღებელი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის? 3) როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ წონასწორობა, რომ სამუშაომ ხელი არ შეგვიშალოს სულიერ საქმეებში? 4) რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე? თავდაპირველად, განვიხილოთ, როგორ მაგალითს გვაძლევენ იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე.

დიდებული შემოქმედი და მისი ოსტატი

4, 5. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა შრომისმოყვარეა?

4 იეჰოვა დიდებული შემოქმედია. დაბადების 1:1-ში ვკითხულობთ: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობის დამთავრებისას ღმერთმა თქვა, რომ ყოველივე „ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის სრულიად კმაყოფილი იყო თავისი შემოქმედებით. უეჭველია, იეჰოვას, „ბედნიერ ღმერთს“, დიდ სიხარულს ანიჭებდა შრომა (1 ტიმოთე 1:11).

5 შრომისმოყვარე ღმერთი არასოდეს წყვეტს შრომას. დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობის დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგ იესომ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს“ (იოანე 5:17). რას აკეთებს ის? ის ზეციდან გვიწევს ხელმძღვანელობას და ზრუნავს ჩვენზე. მან ასევე შექმნა „ახალი ქმნილება“, სულითცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი, რომელიც იესოსთან ერთად იმეფებს ზეცაში (2 კორინთელები 5:17). ის ასრულებს თავის განზრახვას, რათა მისმა ერთგულმა ადამიანებმა მარადიულად იცოცხლონ ახალ ქვეყნიერებაში (რომაელები 6:23). უდავოა, იეჰოვას დიდ სიამოვნებას ანიჭებს თავისი შრომის შედეგები. ის მილიონობით ადამიანს იზიდავს სამეფოს შესახებ ცნობით, ეს ადამიანები კი, თავის მხრივ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ დარჩნენ ღვთის სიყვარულში (იოანე 6:44).

6, 7. როგორ მოიპოვა იესომ შრომისმოყვარე პიროვნების რეპუტაცია?

6 იესომაც შრომისმოყვარე პიროვნების რეპუტაცია მოიპოვა. დედამიწაზე მოსვლამდე ის ღვთის ოსტატი იყო; „ზეცაში და დედამიწაზე“ ყველაფერი მისი მონაწილეობით შეიქმნა (იგავები 8:22—31; კოლოსელები 1:15—17). იესო დედამიწაზე ყოფნის დროსაც გულმოდგინედ შრომობდა; ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა ხეზე მუშაობა ისწავლა და ცნობილი გახდა, როგორც დურგალი * (მარკოზი 6:3). ამ ხელობაზე მუშაობა მძიმე შრომასა და სიმარჯვეს მოითხოვს. დურგლობა განსაკუთრებით რთული იყო იესოს დროს, რადგან არც სამხერხაოები ჰქონდათ, არც სამშენებლო მასალის მაღაზია და არც ელექტროიარაღები. წარმოიდგინე, როგორ შოულობდა იესო მასალას — ის შესაძლოა თვითონ ჭრიდა ხეს და სამუშაო ადგილამდე მიჰქონდა. წარმოიდგინე, როგორ აგებდა სახლებს, ამზადებდა და აწყობდა სახურავის კოჭებს, აკეთებდა კარებს და ავეჯს. იესომ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რამხელა კმაყოფილება მოაქვს ოსტატურად შესრულებულ სამუშაოს.

7 იესო განსაკუთრებული გულმოდგინებით ეკიდებოდა ქადაგებას. სამწელიწად-ნახევარი ის მთლიანად ამ უმნიშვნელოვანესი საქმით იყო დაკავებული. მას სურდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ექადაგა სასიხარულო ცნობა და დროს არ კარგავდა — დილით ადრე დგებოდა და გვიანობამდე არ ისვენებდა (ლუკა 21:37, 38; იოანე 3:2). „ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). იესომ ასობით კილომეტრი გაიარა ფეხით მტვრიან გზებზე, რათა ხალხისთვის სასიხარულო ცნობა ექადაგა.

8, 9. როგორ პოულობდა იესო სიამეს თავის გარჯაში?

8 ანიჭებდა იესოს გულმოდგინე მსახურება სიამოვნებას? დიახ! ის თესავდა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლს, რის შედეგადაც ყანა მზად იყო მოსამკელად. ღვთის საქმის შესრულება იესოს ისეთ ძალას ჰმატებდა, რომ მზად იყო, უარი ეთქვა საკვებზე (იოანე 4:31—38). წარმოიდგინე, რამხელა კმაყოფილების გრძნობა დაეუფლებოდა იესოს მიწიერი მსახურების დასასრულს; მას მამისთვის შეეძლო ეთქვა: „მე განგადიდე დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე“ (იოანე 17:4).

9 მართლაც, იეჰოვა და იესო დიდ სიამეს პოულობდნენ თავიანთ გარჯაში. იეჰოვას სიყვარული აღგვძრავს, მივბაძოთ მას (ეფესოელები 5:1); იესოს სიყვარული კი გვიბიძგებს, ერთგულად მივყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტრე 2:21). ახლა განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია ჩვენც ვნახოთ სიამე ჩვენს გარჯაში.

როგორ შეგვიძლია სიამე ვნახოთ ჩვენს გარჯაში?

ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება დაგეხმარება, სიამე ნახო შენს გარჯაში

10, 11. რა დაგვეხმარება, რომ სამუშაოსადმი დადებითად განვეწყოთ?

10 ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებაში სამუშაოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩვენ გვსურს, სამუშაომ კმაყოფილება და სიამოვნება მოგვანიჭოს, მაგრამ სამუშაო თუ არ მოგვწონს, ეს შეიძლება რთული იყოს. როგორ შეგვიძლია ასეთ ვითარებაში სიამე ვნახოთ ჩვენს გარჯაში?

11 განვივითაროთ დადებითი განწყობა. ვითარების შეცვლა ყოველთვის არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი განწყობის შეცვლა შესაძლებელია. ღვთის თვალსაზრისზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ სამუშაოსადმი დადებითად განვეწყოთ. თუ ოჯახის მეთაური ხარ, გახსოვდეს, რომ შენი სამუშაო ოჯახის რჩენის შესაძლებლობას გაძლევს, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ის. საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა ღვთის თვალში პატარა საქმე არ არის. მის სიტყვაში ნათქვამია, რომ ის, ვინც ოჯახზე არ ზრუნავს, „ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). იმის გათვითცნობიერება, რომ შენი სამუშაოს მეშვეობით ღვთისგან დაკისრებულ მოვალეობას ასრულებ, დაგეხმარება, იგრძნო კმაყოფილება, რასაც შეიძლება შენი თანამშრომლები ვერ გრძნობენ.

12. რა კურთხევებს მოგვიტანს გულმოდგინე და პატიოსანი შრომა?

12 ვიყოთ გულმოდგინენი და პატიოსნები. გულმოდგინედ მუშაობა და ჩვენს საქმეში დახელოვნება კურთხევებს მოგვიტანს. გულმოდგინე და თავისი საქმის მცოდნე მუშებს დამსაქმებლები აფასებენ (იგავები 12:24; 22:29). ჭეშმარიტი ქრისტიანები პატიოსნად უნდა ვმუშაობდეთ — არ უნდა ვიპარავდეთ ფულს, მასალას და ფუჭად არ უნდა ვხარჯავდეთ დროს (ეფესოელები 4:28). როგორც წინა თავიდან დავინახეთ, პატიოსნებას კურთხევები მოაქვს. პატიოსან მუშას ხშირად ენდობიან. და მნიშვნელობა არა აქვს, ამჩნევს თუ არა დამსაქმებელი ჩვენს გულმოდგინე შრომას, კმაყოფილებას გვგვრის „სუფთა სინდისი“ და იმის ცოდნა, რომ ჩვენს საყვარელ ღმერთს გულს ვუხარებთ (ებრაელები 13:18; კოლოსელები 3:22—24).

13. რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად ჩვენს კარგ საქციელს სამსახურში?

13 გვახსოვდეს, რომ ჩვენს საქციელს ღვთის განდიდება შეუძლია. თანამშრომლებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება, როცა ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად ვიქცევით. რა მოჰყვება ამას შედეგად? ჩვენ შევამკობთ ჩვენი მხსნელის, ღვთის სწავლებას (ტიტე 2:9, 10). ჩვენს კარგ საქციელს შეუძლია სხვები დადებითად განაწყოს ჩვენი თაყვანისმცემლობის მიმართ. წარმოიდგინე, რა გრძნობა დაგეუფლება, თუ თანამშრომელი შენი კარგი საქციელის გამო ჭეშმარიტებით დაინტერესდება! და რაც მთავარია, რა შეედრება იმის ცოდნას, რომ შენი კარგი საქციელით განადიდებ და გულს უხარებ იეჰოვას! (წაიკითხეთ იგავების 27:11 და 1 პეტრეს 2:12).

გამოვავლინოთ გონიერება სამსახურის არჩევისას

14—16. რომელ მნიშვნელოვან კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ სამსახურის არჩევისას?

14 ბიბლია დაწვრილებით არ აღწერს, როგორი სამუშაოა მისაღები და როგორი — არა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველანაირი სამუშაო მისაღებია. ბიბლია გვეხმარება, ავირჩიოთ ღვთისმოსაწონი სამუშაო, სადაც პატიოსნად ვიშრომებთ და შრომა დაგვიფასდება (იგავები 2:6). როცა საქმე ეხება სამუშაოს არჩევას, გადაწყვეტილების მიღებამდე ორ მნიშვნელოვან კითხვაზე უნდა დავფიქრდეთ.

15 მოიცავს ეს სამუშაო ისეთ რამეს, რასაც ბიბლია გმობს? ღვთის სიტყვა აშკარად გმობს ქურდობას, ტყუილს და კერპების კეთებას (გამოსვლა 20:4; საქმეები 15:29; ეფესოელები 4:28; გამოცხადება 21:8). ჩვენ უარს ვიტყვით ნებისმიერ სამუშაოზე, სადაც ამის გაკეთებას მოგვთხოვენ. იეჰოვას სიყვარული არასდროს დაგვრთავს ნებას, რომ დავთანხმდეთ ისეთ სამუშაოზე, სადაც ღვთის მითითებებს დავარღვევთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3).

16 გავხდებოდით ამ სამუშაოს შესრულებით ისეთი რამის ხელშემწყობი ან თანამონაწილე, რაც ღვთის თვალში დანაშაულად ითვლება? განვიხილოთ მაგალითი. რეგისტრატორად მუშაობაში ცუდი არაფერია. მაგრამ რას ვიტყოდით, თუ ქრისტიანს რეგისტრატორად მუშაობას სთავაზობენ გინეკოლოგიური კლინიკის სააბორტო განყოფილებაში? ცხადია, მას არ მოეთხოვება აბორტის გაკეთებაში მონაწილეობა. მაგრამ მისი სამუშაო ხომ მხარს უჭერს იმ განყოფილების ფუნქციონირებას, რომლის მთავარი დანიშნულებაც აბორტების კეთებაა, რასაც ღვთის სიტყვა განსჯის?! (გამოსვლა 21:22—24). ჩვენ, იეჰოვას მოყვარულებს, არ გვსურს, ისეთ რამეს შევუწყოთ ხელი, რასაც ბიბლია გმობს.

17. ა) რა ფაქტორების გათვალისწინება გვმართებს სამუშაოს არჩევამდე? (იხილეთ ჩარჩო „ უნდა დავთანხმდე ამ სამუშაოზე?“) ბ) როგორ შეუძლია სინდისს ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმაროს?

17 მე-15 და მე-16 აბზაცებში მოცემული პასუხების გაანალიზება დაგვეხმარება, რომ სამსახურთან დაკავშირებული მსგავსი საკითხები გადავჭრათ. ამასთანავე, გადაწყვეტილების მიღებამდე სხვა ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ. * არ უნდა მოველოდოთ, რომ ერთგული მონა ყველანაირი სიტუაციისთვის დაგვიდგენს წესებს. საჭიროა გონიერება. ამ წიგნის მეორე თავიდან გავიგეთ, რომ აუცილებელია, ღვთის სიტყვის შესწავლითა და ცხოვრებაში გამოყენებით განვსწავლოთ და გავწაფოთ ჩვენი სინდისი. თუ „აღქმის უნარს“ ამგვარად გავწაფავთ, სინდისი დაგვეხმარება, ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებები მივიღოთ და დავრჩეთ ღვთის სიყვარულში (ებრაელები 5:14).

გაწონასწორებული თვალსაზრისი სამუშაოზე

18. რატომ არ არის ადვილი სულიერი სიმტკიცის შენარჩუნება?

18 ამ „ბოლო დღეებში“, როდესაც „მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დგას, სულიერი სიმტკიცის შენარჩუნება ადვილი არ არის (2 ტიმოთე 3:1). სამუშაოს პოვნა და შენარჩუნება მართლაც სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვესმის, რომ უნდა ვიშრომოთ ოჯახის სარჩენად. მაგრამ ფრთხილად თუ არ ვიქნებით, ზეწოლამ სამსახურში ან ქვეყნიერების ადვილად გადამდებმა მატერიალისტურმა აზროვნებამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს სულიერ საქმეებში (1 ტიმოთე 6:9, 10). განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ სიმტკიცე და დავრწმუნდეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

19. რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენს ნდობას და რისგან გვიცავს ის?

19 მთელი გულით მიენდე იეჰოვას (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6). იეჰოვა მართლაც იმსახურებს ჩვენს ნდობას! ის ზრუნავს ჩვენზე (1 პეტრე 5:7). მან ჩვენზე უკეთ იცის, რა გვჭირდება და ყველანაირ სიტუაციაში გვეხმარება (ფსალმუნი 37:25). ამიტომ კარგი იქნება, თუ ყურად ვიღებთ მის სიტყვაში ჩაწერილ შეხსენებას: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან [ღმერთმა] თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“» (ებრაელები 13:5). უამრავმა სრული დროით მსახურმა გამოსცადა, რომ ღმერთს შეუძლია იზრუნოს ადამიანის საჭიროებებზე. თუ მთელი გულით ვენდობით იეჰოვას, ზედმეტად აღარ შეგვაწუხებს იმაზე ფიქრი, როგორ ვიზრუნოთ ოჯახზე (მათე 6:25—32). ჩვენ არ დავუთმობთ სამსახურს იმ დროს, რომელიც სულიერი საქმეებისთვის, სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და კრების შეხვედრებისთვის არის განკუთვნილი (მათე 24:14; ებრაელები 10:24, 25).

20. რა იგულისხმება თვალის სუფთად დაცვაში და როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?

20 დაიცავი თვალი სუფთად (წაიკითხეთ მათეს 6:22, 23). თვალის სუფთად დაცვაში უბრალოდ ცხოვრება იგულისხმება. სუფთა თვალი ფოკუსირებულია ერთ მიზანზე, ღვთის ნების შესრულებაზე. თუ თვალი ამგვარად გვექნება ფოკუსირებული, ჩვენი ცხოვრების მიზანი მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა ან სიმდიდრის დაგროვება არ იქნება. ჩვენ არ მოვექცევით რეკლამების გავლენაში და გამუდმებით არ შეგვიპყრობს ახალი ნივთების შეძენის სურვილი, თითქოს მათ გარეშე ბედნიერები ვერ ვიქნებით. როგორ შეინარჩუნებ თვალს სუფთად? თუ აუცილებელი არ არის, ვალს ნუ აიღებ. ნუ დაიმძიმებ ცხოვრებას ისეთი ნივთების შეძენით, რომელთაც ბევრი დრო და მოვლა სჭირდება. ყურად იღე ბიბლიის რჩევა: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8). რამდენადაც შესაძლებელია, გაიმარტივე ცხოვრება.

21. რატომ უნდა დავადგინოთ პრიორიტეტები და რა უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი?

21 დააყენე ღვთის სამეფო პირველ ადგილზე და ნება არ დართო ვინმეს ან რამეს, ხელი შეგიშალოს ამაში. ვინაიდან დრო და ენერგია ყველაფრის გასაკეთებლად არ გვყოფნის, მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დადგენა. სხვა შემთხვევაში უმნიშვნელო საქმეები იმ ძვირფას დროს წაგვართმევს, რაც უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გვჭირდება. რა უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი? ქვეყნიერებაში ბევრისთვის უმაღლესი განათლების მიღებაა მთავარი, რათა კარიერა შეიქმნან. მაგრამ იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, უპირველესად სამეფო ეძებათ (მათე 6:33). ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე ვაყენებთ. ჩვენმა ცხოვრებამ — არჩევანმა, მიზნებმა და საქმიანობამ — უნდა ცხადყოს, რომ ჩვენთვის სამეფოს ინტერესები და ღვთის ნების შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმდიდრის დაგროვება და კარიერა.

გულმოდგინედ შევასრულოთ მსახურება

იეჰოვასადმი სიყვარულს ვავლენთ, თუ პირველ ადგილზე ვაყენებთ სამქადაგებლო საქმეს

22, 23. ა) რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანების უმთავრესი საქმე და რით ცხადვყოფთ, რომ ეს საქმე ჩვენთვის მნიშვნელოვანია? (იხილეთ ჩარჩო „ ჩემმა არჩევანმა სიხარული და კმაყოფილება მომიტანა“.) ბ) რა გაქვს გადაწყვეტილი სამუშაოსთან დაკავშირებით?

22 ვინაიდან ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ, მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს ჭეშმარიტი ქრისტიანების მთავარ საქმიანობაზე — ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაზე (მათე 24:14; 28:19, 20). იესოს მსგავსად, გვსურს, სრულად დავკავდეთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმით. რით ცხადვყოფთ, რომ ეს საქმე ჩვენთვის მნიშვნელოვანია? ღვთის ხალხიდან ზოგი პიონერად ან მისიონერად მსახურობს, უმრავლესობა კი მთელი გულით უჭერს მხარს სამქადაგებლო საქმეს, როგორც კრების მონათლული მაუწყებელი. ბევრ მშობელს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი მიზნების დასახვა, ამიტომ ისინი ახალისებენ შვილებს, სრული დროით იმსახურონ. ანიჭებს სიამოვნებას გულმოდგინედ მსახურება სასიხარულო ცნობის მქადაგებლებს? უეჭველია, რომ იეჰოვასადმი სულითა და გულით მსახურებას მათთვის სიხარული, კმაყოფილება და უხვი კურთხევები მოაქვს (წაიკითხეთ იგავების 10:22).

23 მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ჩვენგანს მძიმედ შრომა უწევს ოჯახის სარჩენად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას სურს, სიამე ვნახოთ ჩვენს გარჯაში. თუ ჩვენს განწყობასა და საქციელს მის თვალსაზრისსა და პრინციპებს შევუსაბამებთ, ჩვენი სამუშაო კმაყოფილებას მოგვანიჭებს. თუმცა მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, სამუშაოს არ დავუთმოთ მთავარი საქმისთვის, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის განკუთვნილი ადგილი. თუ ქადაგებას უმნიშვნელოვანეს საქმედ მივიჩნევთ, იეჰოვასადმი სიყვარულს ვავლენთ და მის სიყვარულში ვრჩებით.

^ აბზ. 6 „დურგლად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „გამოიყენებოდა მათ მიმართ, ვინც ხეზე მუშაობდა — ჭრიდა ხეებს, ამუშავებდა და შემდეგ სახლების ასაგებად, აგრეთვე ავეჯის თუ სხვა ნივთების დასამზადებლად იყენებდა“.

^ აბზ. 17 დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ კიდევ რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ სამსახურთან დაკავშირებით, იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: 1999 წლის 15 აპრილი, გვერდები 28—30; 1983 წლის 1 მარტი, გვერდი 18 (რუს.).