თავი 15
„ვეღარ იმეძავებ“
თემა: რას ვიგებთ „ეზეკიელსა“ და „გამოცხადებაში“ აღწერილი მეძავების მაგალითზე?
1, 2. როგორი მეძავი იწვევს ჩვენში ზიზღს?
მეძავის დანახვა ჩვენში არასასიამოვნო განცდებს იწვევს. ამ დროს შეიძლება დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე. ხომ არ ძალადობდნენ მასზე ოჯახში, რის გამოც ჯერ კიდევ ბავშვობაში დაადგა სამარცხვინო გზას? ან უკიდურესმა სიღარიბემ ხომ არ აიძულა, რომ სხეულით ვაჭრობა დაეწყო? იქნებ ქმარი ჰყავდა მოძალადე? ასეთ სამწუხარო ამბებს ბოროტ ქვეყნიერებაში არცთუ ისე იშვიათად ვაწყდებით. ამიტომაც სრულებით არ გვიკვირს, თუ რატომ ეპყრობოდა იესო ზოგ მეძავს კეთილად. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ თუკი ასეთები მოინანიებდნენ და შეიცვლიდნენ ცხოვრების წესს, უკეთესი მომავალი ექნებოდათ (მათ. 21:28—32; ლუკ. 7:36—50).
2 მოდი ახლა ვისაუბროთ მეძავზე, რომელმაც ამგვარი ცხოვრება ზემოხსენებული მიზეზების გამო კი არ დაიწყო, არამედ ეს მისი არჩევანი იყო. იგი სულაც არ თვლის, რომ ცხოვრების ასეთი წესი სამარცხვინოა, პირიქით, მისთვის მეძაობა წარმატების წინაპირობაა. მას დიდად ხიბლავს თავისი საქმით მოხვეჭილი
სიმდიდრე და გავლენა. მისი საქციელი კიდევ უფრო უპატიებელია, რადგანაც მას კარგი და ერთგული ქმარი ჰყავდა, რომელსაც უღალატა და გამეძავდა. ერთადერთი, რასაც ასეთი ქალისა და მის მიერ არჩეული ცხოვრების წესის შემხედვარე ვგრძნობთ, ზიზღია. ასეთი უარყოფითი გრძნობები იმის დანახვაში გვეხმარება, თუ რატომ მოიშველია იეჰოვამ მეძავის მაგალითი იმის საჩვენებლად, რასაც თავად გრძნობს ცრუ რელიგიების მიმართ.3. ბიბლიის რომელ მონაკვეთებს განვიხილავთ ამ თავში?
3 წიგნ „ეზეკიელის“ მე-16 და 23-ე თავებში იეჰოვას მეძავის მაგალითი მოჰყავს იმის საჩვენებლად, თუ როგორ ორგულობდნენ მას ისრაელისა და იუდას მკვიდრნი. სანამ ბიბლიის ამ ორ მონაკვეთს დეტალურად მიმოვიხილავთ, მოდი კიდევ ერთ „მეძავზე“ შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც ჯერ კიდევ ეზეკიელის დღეებამდე, თვით ისრაელი ერის გაჩენამდე, „გამეძავდა“ და დღემდე „მეძაობს“. მის ვინაობას ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადება“ გვიმხელს.
„მეძავთა . . . დედა“
4, 5. რა იგულისხმება „დიდ ბაბილონში“ და რის საფუძველზე ვამბობთ ამას? (იხილეთ სურათი 162-ე გვერდზე)
4 მოციქული იოანე ხილვაში, რომელიც მას ახ. წ. 1-ლი საუკუნის მიწურულს იესომ უჩვენა, გარყვნილ ქალს ხედავს, რომელსაც ბიბლიაში „დიდი მეძავი“, „დიდი ბაბილონი“ და „მეძავთა დედა“ ეწოდება (გამოცხ. 17:1, 5). საუკუნეების განმავლობაში ამ ქალის ვინაობა თავგზას უბნევდა სასულიერო პირებსა თუ ბიბლიის მკვლევრებს. ზოგის აზრით, ის ბაბილონის იმპერიის სიმბოლო იყო, ზოგისთვის — რომის ან რომის კათოლიკური ეკლესიის. თუმცა იეჰოვას მოწმეები უკვე ათწლეულებია, მიხვდნენ, რომ „დიდი მეძავი“ ცრურელიგიური სამყაროს სიმბოლოა. რის საფუძველზე მივიდნენ ისინი ასეთ დასკვნამდე?
5 ღმერთმა ამ „მეძავს“ განაჩენი გამოუტანა იმის გამო, რომ ის უზნეობას სჩადიოდა „დედამიწის მეფეებთან“ ანუ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. აქედან გამომდინარე, „მეძავში“ პოლიტიკური ძალა არ იგულისხმება. ამასთანავე, წიგნ „გამოცხადებაში“ ვკითხულობთ, რომ „დედამიწის დიდვაჭრები“ ანუ კომერციული სამყაროს წარმომადგენლები „იგლოვებდნენ“ მის განადგურებას. გამოდის, რომ „მეძავში“ არც კომერციული სამყარო იგულისხმება. მაშ, რისი სიმბოლოა „მეძავი“? თუკი შევიხსენებთ იმას, რომ ის სპირიტიზმსა და კერპთაყვანისმცემლობაში ხვევდა და ატყუებდა ხალხს, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ამგვარი აღწერილობა ნამდვილად შეესაბამება მსოფლიოში მოქმედ ცრუ რელიგიებს. ვინაიდან ხილვაში ნანახი „მეძავი“ მხეცზე ზის, ეს უკანასკნელი კი პოლიტიკურ ძალებს განასახიერებს, გამოდის, რომ მას გარკვეული გავლენა აქვს მათზე. იმავდროულად, ის ღვთის ერთგული მსახურების დევნაშიცაა დამნაშავე (გამოცხ. 17:2, 3; 18:11, 23, 24). განა ამას არ აკეთებს ცრუ რელიგია ოდითგან მოყოლებული?!
6. რატომ ეწოდება „დიდ ბაბილონს“ „მეძავთა დედა“?
დაბ. 11:1—9). ამიტომაც შეიძლება ვუწოდოთ „მეძავს“ ყველა რელიგიის „დედა“. ხშირად სატანა სწორედ რელიგიების მეშვეობით აბამს ხალხს სპირიტიზმის, კერპთაყვანისმცემლობისა და მკრეხელური მოძღვრებებისა თუ წეს-ჩვეულებების მახეში. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რატომ მოუწოდებს ღმერთი თავის ხალხს: „გამოდით დიდი ბაბილონიდან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, რომ მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ“ (წაიკითხეთ გამოცხადების 18:4, 5).
6 რატომ ეწოდება „დიდ ბაბილონს“ როგორც „დიდი მეძავი“, ისე „მეძავთა დედა“? ცრურელიგიური სამყარო უამრავ რელიგიას აერთიანებს. მასში შედის აუარება მიმდინარეობა, სექტა თუ კულტი. მას შემდეგ, რაც ბაბილონში ღმერთმა ხალხს ენა აურია, ცრურელიგიური მოძღვრებები მთელ მსოფლიოში გავრცელდა და საფუძვლად დაედო მრავალ რელიგიას. ვინაიდან ძველ ბაბილონში დაირწა ცრუ რელიგიების აკვანი, „დიდი ბაბილონი“ ნამდვილად შესაფერისი სახელია ცრურელიგიური სამყაროსთვის (7. რატომ უნდა გამოვეყოთ „დიდ ბაბილონს“?
7 რატომ უნდა გამოვეყოთ „დიდ ბაბილონს“? ნუ დაგავიწყდებათ, რომ იეჰოვამ ადამიანი სულიერი მოთხოვნილებით შექმნა (მათ. 5:3). ამ მოთხოვნილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიკმაყოფილებთ, თუ იეჰოვას მისთვის მოსაწონად ვცემთ თაყვანს. ღვთის მსახურებს გვსურს, საერთო არაფერი გვქონდეს ცრუ რელიგიასთან. თუმცა სატანას სხვა მიზანი აქვს. ის მეტად მოწადინებულია, რომ ღვთის მსახურები სულიერ მეძაობაში ჩააბას. სამწუხაროდ, იგი ხშირად აღწევს კიდეც თავის საწადელს. ეზეკიელის დრომდე ღვთის ხალხი საუკუნეების მანძილზე თაყვანს სცემდა ცრუ ღმერთებს ანუ სულიერ მეძაობაში იყო გახვეული. თუ მათ ისტორიას მიმოვიხილავთ, ბევრ რამეს გავიგებთ იეჰოვას ნორმების, სამართლიანობისა და გულმოწყალების შესახებ.
ხალხი ღალატობს ღმერთს
8—10. რომელი ბიბლიური მოთხოვნიდან ჩანს, თუ რას გრძნობს იეჰოვა, როცა მას თავისი ხალხი ღალატობს? ახსენით.
8 წიგნ „ეზეკიელში“ იეჰოვა მეძავის მაგალითზე ანახვებს თავის ხალხს, თუ რა განცდები ეუფლებოდა მათი „მეძაობის“ შემხედვარეს. ეზეკიელმა ღვთის შთაგონებით დაწერილ წინასწარმეტყველებაში ორჯერ აღწერა ხატოვანი ენით, თუ რას გრძნობდა იეჰოვა თავისი ხალხის ორგულობის გამო. რატომ შეადარა იეჰოვამ ისინი მეძავს?
9 ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, გავიხსენოთ წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელზეც ამ წიგნის მე-5 თავში ვისაუბრეთ. ისრაელისთვის მიცემულ კანონში ეწერა: „არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა . . . მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას“ (გამ. 20:3, 5). იეჰოვამ ეს მოთხოვნა მოგვიანებითაც გაიმეორა: „არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთს, რადგან იეჰოვა არ იწყნარებს ორგულობას. ის ერთგულების მომთხოვნი ღმერთია“ (გამ. 34:14). ღმერთმა მართლაც არაორაზროვნად გააცნო თავისი პოზიცია ხალხს. თუ გვსურს, რომ იეჰოვას მისთვის მოსაწონი სახით ვემსახუროთ, მხოლოდ მას უნდა ვცეთ თაყვანი.
10 ამ საკითხისადმი ღვთის დამოკიდებულებას რომ ჩავწვდეთ, ცოლ-ქმრის მაგალითი მოვიშველიოთ. მეუღლეებს იმის საფუძვლიანი მოლოდინი აქვთ, რომ ერთმანეთს უერთგულებენ. თუ ერთ-ერთი მათგანი სხვის მიმართ გამოიჩენს რომანტიკულ ინტერესს ან უღალატებს ცხოვრების მეგზურს, სავსებით ბუნებრივია, თუკი მისი მეუღლე თავს ნაღალატევად იგრძნობს (წაიკითხეთ ებრაელების 13:4). მსგავსი გრძნობები ეუფლებოდა იეჰოვას, როდესაც მისი მიძღვნილი ხალხი ცრუ ღმერთების თაყვანისცემას იწყებდა. ღვთის განცდების შესახებ ეზეკიელის მე-16 თავში ვკითხულობთ.
11. რა თქვა იეჰოვამ იერუსალიმზე?
11 ეზეკიელის მე-16 თავში ვხვდებით წინასწარმეტყველებას, რომელიც იეჰოვას მიერ წარმოთქმული ყველაზე გრძელი სიტყვაა ამ წიგნში. ეს მონაკვეთი ებრაულ წერილებშიც ღვთის ერთ-ერთი გრძელი წინასწარმეტყველებაა. მასში საუბარია იერუსალიმზე, რომელიც ორგულ იუდას განასახიერებს. ღმერთი მას ახსენებს თავის წარსულს და იმასაც, თუ როგორ უორგულა. თავიდან ის უსუსური, ჭუჭყიანი და მიუსაფარი ბავშვივით იყო. მისი „მშობლები“ წარმართი ქანაანელები იყვნენ, რადგან იერუსალიმი ქანაანელების ერთ-ერთი ტომის, იებუსელების, გავლენაში იყო მანამ, სანამ დავითი მას აიღებდა. იეჰოვამ შეიბრალა ის, „დაბანა“, უპატრონა და, საბოლოოდ, „ცოლად შეირთო“. იერუსალიმში დასახლებულ ისრაელებს სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ იეჰოვას „ცოლი“, რადგან მათ ჯერ კიდევ მოსეს დროს ნებაყოფლობით დადეს შეთანხმება ღმერთთან (გამ. 24:7, 8). მას შემდეგ, რაც იერუსალიმი დედაქალაქი გახდა, იეჰოვამ ისევე „გაალამაზა“ და „მორთო“, როგორც ღირსეული და შეძლებული ქმარი გაალამაზებდა და მორთავდა სამკაულებით თავის ცოლს (ეზეკ. 16:1—14).
12. როგორ მოიკიდა ფეხი კერპთაყვანისმცემლობამ იერუსალიმში?
12 ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა: „შენს სილამაზეს დაენდე და შენმა დიდებამ გაგამეძავა; ყველა გამვლელთან მეძაობდი, მათი გახდა შენი სილამაზე“ (ეზეკ. 16:15). სოლომონის მეფობის ხანაში იეჰოვამ ისე აკურთხა და გაამდიდრა თავისი ხალხი, რომ იერუსალიმი მაშინდელ მსოფლიოში მეტად გამორჩეულ და დიდებულ ქალაქად იქცა (1 მეფ. 10:23, 27). თუმცა ერს ორგულობა მაინც შეეპარა. სოლომონმა თავისი უცხოტომელი ცოლების გულის მოსაგებად მათი ღვთაებების თაყვანისცემა დაიწყო, რის შედეგადაც იერუსალიმი ცრუ თაყვანისმცემლობით შეიბღალა (1 მეფ. 11:1—8). მისი მემკვიდრეებიდან ზოგი უარესად მოიქცა; მათ მთელი ქვეყანა გახვიეს კერპთაყვანისმცემლობაში. რას გრძნობდა იეჰოვა, როცა ხედავდა, რომ მისი ხალხი „მეძაობდა“? მან თქვა: „ასეთი რამ არც უნდა მომხდარიყო და არც არასოდეს უნდა მოხდეს“ (ეზეკ. 16:16). მაგრამ ჯიუტი ისრაელები უფრო და უფრო ეფლობოდნენ გარყვნილების ჭაობში.
ზოგი ისრაელი ცრუ ღმერთებს, მათ შორის, მოლექს, სწირავდა შვილებს.
13. რას სჩადიოდა ღვთის ხალხი იერუსალიმში?
13 იეჰოვას გულისტკივილსა და გულისწყრომას გამოხატავს ის სიტყვები, რომლებითაც იგი თავის ხალხს მიმართავს: „ის არ გეყო, რომ მეძაობდი?! მერე ჩემთვის გაჩენილი ვაჟებისა და ასულების კერპებისთვის მსხვერპლად შეწირვაც დაიწყე! ხოცავდი ჩემს ვაჟებს, ცეცხლში წვავდი და კერპებს სწირავდი“ (ეზეკ. 16:20, 21). ამგვარ რიტუალებს ენით აუწერელი სისასტიკე ახლდა თან, რაც ნათლად გვიხატავს სატანის ვერაგ ბუნებას. ის დიდადაა მოწადინებული, რომ ღვთის ხალხი მსგავს საზიზღარ საქმეებში ჩააბას. თუმცა იეჰოვა ყველაფერს ხედავს. ის აღადგენს სამართალს და აღმოფხვრის ყოველგვარ ზიანს, რაც სატანის მიზეზით მიადგა კაცობრიობას (წაიკითხეთ იობის 34:24).
14. ვის მოიხსენიებს იეჰოვა იერუსალიმის „დებად“ და ვინ იყო „დებს“ შორის ყველაზე ზნედაცემული?
14 თუმცა იერუსალიმს სულაც არ ზარავდა თავისი ბოროტი საქმეები. ის კვლავაც „მეძაობდა“. როგორც იეჰოვამ თქვა, ის იმდენად ურცხვი იყო, რომ სხვა მეძავებისგან განსხვავებით თავად იხდიდა საფასურს, რომ მასთან დაწოლილიყვნენ (ეზეკ. 16:34). ღმერთმა ისიც თქვა, რომ იერუსალიმი „დედამისს“ ანუ იმ წარმართ ტომებს ჰგავდა, რომლებიც ერთ დროს მის მიწაზე ცხოვრობდნენ (ეზეკ. 16:44, 45). იეჰოვას ახლა მისი „უფროსი დის“, სამარიის, მაგალითი მოჰყავს, რომელმაც მასზე ადრე დაიწყო „მეძაობა“. ღმერთი კიდევ ერთ „დას“ იხსენიებს, სოდომს, რომელიც ქედმაღლობისა და უკიდურესი გარყვნილების გამო განადგურდა. იეჰოვა სამარიისა და სოდომის მაგალითს იშველიებს იმის დასანახვებლად, რომ იერუსალიმმა ზნედაცემულობით ორივეს გაასწრო (ეზეკ. 16:46—50). მართლაც, ღვთის ხალხმა არაერთხელ უგულებელყო იეჰოვას გაფრთხილება და არ მიატოვა უწესო გზა.
15. რა იყო იეჰოვას მიზანი, როცა განაჩენი აღასრულა თავის ხალხზე?
15 რა ზომებს მიიღებდა იეჰოვა? მან უთხრა იერუსალიმს: „შევკრებ ყველა შენს საყვარელს, ვისაც სიამოვნებას ჰგვრიდი . . . [და] მათ ხელში ჩაგაგდებ“. იერუსალიმს მისი წარმართი მოკავშირეები გაანადგურებდნენ, შემოაძარცვავდნენ სილამაზეს და მის ძვირფასეულობას დაიტაცებდნენ. „ჩაგქოლავენ და თავიანთი მახვილებით განგგმირავენ“, — თქვა იეჰოვამ. თუმცა იეჰოვას მიზანი თავისი ხალხის განადგურება არ ყოფილა. მან თქვა, რომ ბოლოს მოუღებდა მათ „მეძაობას“. ესეც დასძინა: „დაცხრება ჩემი რისხვა, და აღარ ვიქნები შენზე განრისხებული; დავმშვიდდები და აღარ ვიქნები შეურაცხყოფილი“. როგორც ამ წიგნის მე-9 თავიდან გავიგეთ, იეჰოვას საბოლოო მიზანი ის იყო, რომ თავის ხალხს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ წმინდა თაყვანისმცემლობა აღედგინა. ის თავად გვიხსნის, თუ რატომ მოიქცეოდა ასე: „გავიხსენებ ჩემს შეთანხმებას, რომელიც შენი ახალგაზრდობისას დაგიდე“ (ეზეკ. 16:37—42, 60). იუდას მკვიდრებისგან განსხვავებით, იეჰოვა ყოველთვის თავისი სიტყვის ერთგული იყო (წაიკითხეთ გამოცხადების 15:4).
16, 17. ა) რატომ აღარ ვამბობთ, რომ ოჰოლა და ოჰოლიბა ქრისტიანულ სამყაროს განასახიერებენ? (იხილეთ ჩარჩო „მეძავი დები“) ბ) რას ვიგებთ ეზეკიელის მე-16 და 23-ე თავებიდან?
16 იეჰოვას წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც ეზეკიელის მე-16 და 23-ე თავებშია ჩაწერილი, ბევრ რამეს ვიგებთ მისი ნორმების, სამართლიანობისა და გულმოწყალების შესახებ. ღვთის დამოკიდებულებიდან სულიერი მეძაობის მიმართ ჭეშმარიტი ქრისტიანები ბევრ რამეს ვსწავლობთ. მოდი ნუ დავემსგავსებით იერუსალიმისა და იუდას მკვიდრთ და ნუ ვატკენთ გულს იეჰოვას! უნდა ვეცადოთ, რომ თავი შორს დავიჭიროთ ყველა სახის კერპთაყვანისმცემლობისგან, რაშიც სიხარბე და ფულისა თუ ნივთების სიყვარულიც შედის (მათ. 6:24; კოლ. 3:5). ყოველთვის იეჰოვას მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ მან ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინა და აღარასდროს დაუშვებს მის შებღალვას. მან სულიერ ისრაელს დაუდო „მარადიული შეთანხმება“, რომელსაც ისინი არასდროს უღალატებენ (ეზეკ. 16:60). დაე ყოველთვის დიდ პატივად მივიჩნიოთ, რომ ღვთის სუფთა ხალხში ვართ!
17 რას ვიგებთ „დიდ მეძავზე“ ანუ „დიდ ბაბილონზე“ იმ წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც იეჰოვამ „მეძავ დებზე“, იუდასა და სამარიაზე, წარმოთქვა? მოდი ვნახოთ.
„აღარ იარსებებს“
18, 19. რით ჰგავს ერთმანეთს მეძავებისთვის გამოტანილი განაჩენი „ეზეკიელსა“ და „გამოცხადებაში“?
18 იეჰოვა არ იცვლება (იაკ. 1:17). მისი დამოკიდებულება „დიდი მეძავის“, ცრუ რელიგიების მიმართ არც დღეს შეცვლილა. ამიტომაც არ გვიკვირს, რატომ ჰგავს ერთმანეთს მეძავებისთვის გამოტანილი განაჩენი „ეზეკიელსა“ და „გამოცხადებაში“.
19 მაგალითად, წიგნ „ეზეკიელში“ მოხსენიებულ მეძავებზე განაჩენი უშუალოდ იეჰოვამ კი არ აღასრულა, არამედ იმ ერებმა, რომლებთანაც ღვთის ორგული ხალხი „მეძაობდა“. ცრურელიგიურ სამყაროსაც ბრალი ედება იმაში, რომ გარყვნილებას სჩადის „დედამიწის მეფეებთან“. მასზე ვინ აღასრულებს განაჩენს? როგორც წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, პოლიტიკური ძალები „შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“. რატომ გადაწყვეტენ ისინი, რომ ასე უეცრად დაესხან თავს „მეძავს“? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი გულში ჩაუდებს მათ, რომ განახორციელონ მისი განზრახვა“ (გამოცხ. 17:1—3, 15—17).
20. საიდან ჩანს, რომ „დიდი ბაბილონისთვის“ გამოტანილი განაჩენი სამუდამოა?
20 იეჰოვა ერების მეშვეობით აღასრულებს განაჩენს ცრუ რელიგიებზე, მათ შორის ქრისტიანულ სამყაროზე. განაჩენი საბოლოოა; ღმერთი არ შეიწყალებს მას და არ მისცემს გამოსწორების საშუალებას. წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ „დიდი ბაბილონი“ „აღარ იარსებებს“ (გამოცხ. 18:21). მისი განადგურების გამო ღვთის ანგელოზები სიხარულით შესძახებენ: „ადიდეთ იაჰი! მეძავის კვამლი არასოდეს გაქრება“ (გამოცხ. 19:3). ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენი სამუდამოა. ცრუ რელიგია ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს და ვეღარ შებღალავს წმინდა თაყვანისმცემლობას. ცეცხლოვანი განაჩენის აღსრულების შემდეგ „დიდ ბაბილონზე“ ყოველთვის იდგება „კვამლის სვეტი“!
21. რა მოჰყვება რელიგიების განადგურებას და რით დასრულდება ეს ყველაფერი? ახსენით.
21 როდესაც მსოფლიო პოლიტიკური ძალები „დიდი ბაბილონის“ წინააღმდეგ გაილაშქრებენ, ისინი იეჰოვას განაჩენს აღასრულებენ, რაც ღვთის განზრახვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ასე დაიწყება „დიდი გასაჭირი“, დრო, რომლის მსგავსიც კაცობრიობას არ ახსოვს (მათ. 24:21). „დიდი გასაჭირი“ არმაგედონით დასრულდება, როცა იეჰოვა საბოლოო იერიშს მიიტანს ბოროტ ქვეყნიერებაზე (გამოცხ. 16:14, 16). ამ წიგნის მომდევნო თავებიდან შევიტყობთ, თუ როგორ განვითარდება წიგნ „ეზეკიელის“ თანახმად მოვლენები „დიდ გასაჭირში“. მანამდე კი გავიგოთ, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ეზეკიელის მე-16 და 23-ე თავებიდან ვსწავლობთ.
22, 23. რას ვსწავლობთ წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით „ეზეკიელსა“ და „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მეძავების მაგალითზე?
22 სატანა ყველაფერს აკეთებს, რომ შეცდომაში შეიყვანოს ისინი, ვინც წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს იკავებენ. მისი დაუოკებელი სურვილია, ზურგი ვაქციოთ წმინდა თაყვანისმცემლობას და წიგნ „ეზეკიელში“ აღწერილი მეძავების გზას დავადგეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა არ იწყნარებს ორგულობას (რიცხ. 25:11). ამიტომ თავი შორს უნდა დავიჭიროთ ცრუ რელიგიებისგან და არ გავეკაროთ იმას, რასაც ღმერთი უწმინდურად მიიჩნევს (ეს. 52:11). გარდა ამისა, არ უნდა მივემხროთ არცერთ პოლიტიკურ ძალას (იოან. 15:19). ჩვენ არც ის გვსურს, რომ რაიმე საერთო გვქონდეს ნაციონალიზმთან, რადგან ის კერპთაყვანისმცემლობის შეფარული ფორმაა, რომლის მიღმაც სატანა დგას.
23 რაც ყველაზე მთავარია, არასდროს დავივიწყოთ, თუ რამხელა პატივია, რომ იეჰოვას ვცემთ თაყვანს მის წმინდა სულიერ ტაძარში. დაე ყოველთვის დავაფასოთ ეს შესაძლებლობა, ნურასდროს „ვიმეძავებთ“ და ნურაფერი გვექნება საერთო ცრუ რელიგიებთან!