სიერა-ლეონე და გვინეა
ჯარისკაცებმა თითიც არ დაგვაკარეს
ენდრიუ ბონი
-
დაიბადა: 1961 წ.
-
მოინათლა: 1988 წ.
-
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1991 წელს, როდესაც სიერა-ლეონეში ომმა იფეთქა, პიონერად მსახურობდა ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში, ქალაქ პენდემბუში.
ერთხელ ამბოხებულები ჩვენს ქალაქში შემოიჭრნენ და ორი საათის განმავლობაში ტყვიებს ჰაერში ისროდნენ. მათგან ზოგი ასაკით იმდენად პატარა იყო, რომ იარაღის ხელში ჭერაც კი უჭირდა. ისინი თმაგაწეწილები და ძალიან ჭუჭყიანები იყვნენ, თანაც ეტყობოდათ, რომ ნარკოტიკებით იყვნენ გაბრუებულები.
მეორე დღეს მათ მოსახლეობის ხოცვა დაიწყეს. ხალხს სასტიკად აწამებდნენ და ასახიჩრებდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ. ირგვლივ ქაოსი იყო. ერთმა ძმამ, ამარა ბაბავომ, ოჯახთან და ოთხ დაინტერესებულთან ერთად ჩვენს სახლს შეაფარა თავი; ყველანი შეშინებულები ვიყავით.
ცოტა ხანში ჩვენთან ამბოხებულთა ჯარის მეთაური მოვიდა; გვიბრძანა, მეორე დილით სამხედრო წვრთნაზე გამოვცხადებულიყავით. გადაწყვეტილი გვქონდა, ნეიტრალური პოზიცია შეგვენარჩუნებინა, თუმცა ვხვდებოდით, რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი სიცოცხლის ფასად დაგვჯდომოდა. მთელი ღამე ლოცვაში გავატარეთ. დილით ადრე ავდექით, განვიხილეთ ყოველდღიური მუხლი და ველოდით, რომ ამბოხებულები მოგვაკითხავდნენ. თუმცა არავინ გამოჩენილა.
„რაკიღა ყოველდღიურ მუხლს კითხულობთ, ესე იგი იეჰოვას მოწმეები ხართ!“
მოგვიანებით ამბოხებულთა ოფიცერი ოთხ ჯარისკაცთან ერთად ჩვენს სახლში შემოსახლდა, თუმცა მათ ჩვენც მოგვცეს დარჩენის უფლება. ასე რომ, ჩვეულებისამებრ განვაგრძობდით შეხვედრების ჩატარებასა და ყოველდღიური მუხლის განხილვას. „რაკიღა ყოველდღიურ მუხლს კითხულობთ, ესე იგი იეჰოვას მოწმეები ხართ!“ — გვითხრეს ერთხელ ჯარისკაცებმა. მათ ბიბლია ნამდვილად არ აინტერესებდათ, მაგრამ პატივისცემით გვეპყრობოდნენ.
ერთ დღეს ჯარის მეთაური ჩვენთან ჯარისკაცების შესამოწმებლად მოვიდა. ის თავაზიანად მიესალმა ძმა ბაბავოს და ხელი ჩამოართვა. შემდეგ კი ჯარისკაცებს ხმამაღლა მიმართა: „ეს კაცი ჩემი უფროსიც არის და თქვენიც. თუ მას ან მის მეგობრებს რაიმე დაუშავდებათ, თქვენ აგებთ პასუხს! ხომ გასაგებია?!“. ჯარისკაცებმა ერთხმად უპასუხეს: „დიახ, სერ!“. ბოლოს ჯარის მეთაურმა წერილი გადმოგვცა; წერილში ეწერა, რომ „გაერთიანებული რევოლუციური ფრონტის“ ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ ჩვენთვის ხელის ხლება, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები ვიყავით.
რამდენიმე თვის შემდეგ ამბოხებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამიტომ მეზობელ ქვეყანას, ლიბერიას შევაფარეთ თავი. თუმცა, იქ სხვა ამბოხებულებს გადავეყარეთ. ერთხელ გზაზე ჯარისკაცები გადაგვიდგნენ. „იეჰოვას მოწმეები ვართ“, — ვუთხარით ჩვენ. „მაშინ თქვით, რა წერია იოანეს 3:16-ში!“ — გვითხრა ერთმა ჯარისკაცმა. ზეპირად ვთქვით ეს მუხლი და მათაც წასვლის ნება დაგვრთეს.
ცოტა ხანში ამბოხებულთა კიდევ ერთ მეთაურს შევხვდით, რომელმაც მე და ძმა ბაბავოს გვიბრძანა, უკან გავყოლოდით. გვეგონა, რომ ეს უკვე ნამდვილად ჩვენი აღსასრული იყო, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, გზაში გვითხრა, რომ ომამდე მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. შემდეგ ფული მოგვცა, ჩვენ კი ახლომდებარე კრებაში ძმებისთვის წერილი გავატანეთ. მალე ორმა ძმამ ჩამოგვაკითხა და ყველაფერი ჩამოგვიტანა, რაც გვჭირდებოდა; თანაც უსაფრთხო ადგილას გადაგვიყვანეს.