არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში

ამერიკა

ამერიკა
  • ქვეყნები 57

  • მოსახლეობა 970 234 987

  • მაუწყებლები 3 943 337

  • ბიბლიის შესწავლები 4 341 698

მათ თავიანთი სახლი შესთავაზეს წყვილს

ლას-ვეგასში (ნევადას შტატი) ერთმა წყვილმა გადაწყვიტა სადმე წყნარ ადგილას გადასულიყო საცხოვრებლად. მათ გაყიდეს თავიანთი სახლი და არჩევანი დომინიკელთა რესპუბლიკაზე შეაჩერეს, მაგრამ სახლის დაცლა გაფრენამდე 10 დღით ადრე მოუწიათ. მეზობლად მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა ამ წყვილს თავიანთთან დარჩენა შესთავაზეს. მათთან ცხოვრების დროს ისინი კრების შეხვედრას დაესწრნენ და დაინტერესდნენ იქ მოხსენიებული თარიღით, 1914 წლით. მათ იცოდნენ, რომ ეს წელი მნიშვნელოვანი თარიღი იყო მსოფლიო ისტორიაში. როგორც კი დომინიკელთა რესპუბლიკაში ჩავიდნენ, მათთან მისულ პირველივე მოწმეებს, ბიბლიის შესწავლა სთხოვეს. 14 თვის შემდეგ ორივემ თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.

ზუსტად ის, რაც მას სჭირდებოდა

ძმებმა პანამის დედაქალაქ პანამაში 2012 წლის წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე სტენდი დადგეს. სტენდს სკოლის მოსწავლე ორი გოგონა მიუახლოვდა. ერთ-ერთმა იქ მდგომ დას უთხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ მამამისი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და არ იცოდა, რა ეღონა. დამ გოგონას უჩვენა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2 და გადაუშალა 23-ე თავზე: „როგორ მოვიქცე, თუ ჩემი მშობელი სვამს ან ნარკოტიკებს იღებს?“. გოგონამ წამოიძახა: „ზუსტად ეს მჭირდებოდა!“. გოგონა დას გადაეხვია და ერთ საათში უკან დაბრუნდა, რომ კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა. ხუთდღიანი გამოფენის განმავლობაში ძმებმა გაავრცელეს 1 046 წიგნი, 1 116 ჟურნალი და 449 ბროშურა. 56 ადამიანმა მისამართი დატოვა, რომ მოგვიანებით მოწმეებს მოენახულებინათ.

ოთხი წლის განმავლობაში მარტო ქადაგებდა

ფრედი, რომლის მშობლიური ენაც კაბაკარია, კოსტა-რიკის ერთ მთიან მხარეში ცხოვრობს. 4 წლის წინ სან-ხოსეში (კოსტა-რიკის დედაქალაქი) მუშაობის დროს ფრედს მისცეს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“. მაუწყებელმა, რომელმაც ეს ლიტერატურა მისცა, ფრედის უთხრა, წასულიყო და თავის მხარეში ექადაგა. სახლში დაბრუნებულმა ფრედიმ თავისით შეისწავლა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“, შეიცვალა ცხოვრების წესი და ქორწინება კანონიერად გააფორმა. შემდეგ ამ წიგნით შეძლებისდაგვარად ჭეშმარიტებას ასწავლიდა კაბაკარ ენაზე მოლაპარაკე ხალხს.

ბიბლიის შემსწავლელებისთვის მან ექვს-საფეხურიანი კლასები ჩამოაყალიბა. გამოცდების მეშვეობით მათ ბიბლიურ ცოდნას ამოწმებდა და შესაბამის კლასში სვამდა. ფრედი აწყობდა კრების შეხვედრებს და გახსენების საღამოც კი ჩაატარა. მოსაწვევები თვითონ დაამზადა, რომელშიც ეწერა: „იეჰოვას მოწმეები გიწვევთ, ჩვენთან ერთად დაესწროთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს“. ის ამ ყველაფერს ოთხი წლის განმავლობაში მარტო აკეთებდა, ისე რომ მოწმეებთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია! მთელი ამ ხნის განმავლობაში იეჰოვას ლოცვაში სთხოვდა, მასთან მოწმეები გაეგზავნა.

ფრედის ლოცვა შესმენილ იქნა, როდესაც ხანგრძლივი და რთული გზის გავლის შემდეგ რამდენიმე მოწმემ მის სოფელში ჩააღწია. მათ გაიცნეს ფრედი და გაოცებული დარჩნენ მისი საქმეებით. ფილიალისთვის გაგზავნილ წერილში ეწერა: „ფრედი მონათლული არ არის, მაგრამ ისე ცხოვრობს, როგორც იეჰოვას მოწმე“. სამი თვის შემდეგ მას რეკომენდაცია გაუწიეს მოუნათლავ მაუწყებლობაზე. კონგრესზე დასასწრებად და მოსანათლად ფრედი მთიდან ქალაქში ჩამოვიდა და თან ჩამოიყვანა თავისი 19 დაინტერესებული, რომლებსაც ბიბლიას ასწავლიდა. ახლა ის უფრო დაშორებულ სოფლებში კაბაკარ ენაზე მოლაპარაკე სამ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

კოსტა-რიკა: ფრედი, რომელიც დღეს პიონერად მსახურობს, შორ გზას გადის, რომ ბიბლიის შესწავლები ჩაატაროს

მან სკოლაში თავისი რწმენა დაიცვა

ანას, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, თავისი რწმენის დაცვა მოუწია თანაკლასელების წინაშე, რომლებიც მასზე იმის გამო იყვნენ გაბრაზებულები, რომ სამება არ სწამდა. „ისინი ჩემ წინააღმდეგ შეიკვრნენ, მაგრამ მე სიმშვიდე შევინარჩუნე, რადგან არ მინდოდა, გარშემომყოფთ ცუდი წარმოდგენა შექმნოდათ იეჰოვას მოწმეებზე“, — ამბობს ანა. იმ ღამით ანამ ილოცა და იეჰოვას გაბედულება სთხოვა. ამასთანავე, კარგად გამოიკვლია სწავლება სამების შესახებ. მეორე დღეს ის სკოლაში ბიბლიით მივიდა. კლასელები მის გარშემო შემოიკრიბნენ, ბევრი დამცინავად ხითხითებდა. მიუხედავად ამისა, ანამ გაბედულება გამოავლინა, რამდენიმე მუხლი წაიკითხა და იმსჯელა. მოკამათეებმა ხმა ვეღარ ამოიღეს. მთავარმა მოწინააღმდეგემ, რომელიც კლასის ჯგუფხელი იყო, თქვა, რომ იეჰოვას მოწმეებს იმ დღიდან უკვე პატივისცემით მოეპყრობოდა. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ის ანას არაერთ კითხვას უსვამდა მისი მრწამსის შესახებ.

ფეხსაცმლის თასმა საჭირო დროს გაწყდა

ბარბადოსში ერთი ახალგაზრდა ქალი კვირა დილით ეკლესიაში მიდიოდა, როცა მოულოდნელად ფეხსაცმლის თასმა გაუწყდა. იქვე ახლოს ერთ სახლთან მივიდა და ფეხსაცმლის შესაკრავად საკინძი ითხოვა. აღმოჩნდა, რომ იმ სახლში მცხოვრები დედა-შვილი მოწმეები იყვნენ. სანამ ქალიშვილი ფეხსაცმლის შეკეთებით იყო დაკავებული, დედამ ქალს იმაზე დაუწყო საუბარი, თუ როგორ სრულდებოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები ჩვენს დროში. შემდეგ ქალიშვილმა ახალგაზრდა ქალს შესთავაზა, მათთან ერთად დასწრებოდა შეხვედრას სამეფო დარბაზში, რომელიც იმ დილით უნდა ჩატარებულიყო. რადგან თავის ეკლესიაში უკვე დააგვიანა, ქალი დათანხმდა შემოთავაზებას. მას თან ჰქონდა მეფე ჯეიმზის თარგმანი და კრების მსვლელობის დროს ყველა მუხლს თავის ბიბლიაში ამოწმებდა. პროგრამამ მასზე ძალიან იმოქმედა. მან თქვა, რომ დაიღალა თავის ეკლესიაში დოლების ბრაგუნითა და ხმამაღალი შეძახილებით და აღნიშნა, რომ ყოველთვის სურდა ბიბლიის შესწავლა მშვიდ ატმოსფეროში. სიამოვნებით აიღო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და ბიბლიის შესწავლაზეც დათანხმდა. ის კვირაობით გამართულ ყველა შეხვედრას ესწრება და სიხარულით იღებს მასში მონაწილეობას.

მხოლოდ ერთ პიროვნებას შეუძლია მას ქადაგება შეაწყვეტინოს

გაიანაში მცხოვრები ერთი ახალგაზრდა ძმა გვიყვება: «მომწონს თანაკლასელებთან დამოწმება, მაგრამ ჩემს კლასელებს შორის არის ერთი ბიჭი, რომელიც ვერ იტანს, როცა ხედავს, როგორ ვქადაგებ. ერთხელ კედელს მიმახეთქა და მიყვირა: „შეწყვიტე ქადაგება!“ ამაზე ვუპასუხე, რომ ერთადერთი პიროვნება, ვისაც შეუძლია ქადაგება შემაწყვეტინოს, იეჰოვაა-მეთქი. იმაზე გაბრაზებულმა რომ ქადაგება მაინც არ შევწყვიტე, სკოლის ჩანთა დამიჭრა. შემდეგ სახეში ისეთი მუშტი მითავაზა, რომ ტუჩი გამისკდა. სკოლის დირექტორმა ორივე თავისთან დაგვიბარა. მან მკითხა, თუ რა დავუშავე ამ ბიჭს ისეთი, რომ სახეში გამარტყა. ვუთხარი, რომ კლასელებთან სასიხარულო ცნობაზე ვსაუბრობდი და ამიტომ დამარტყა. დირექტორი დაინტერესდა, თუ რატომ არ ვუპასუხე იმავეთი და ისიც კი მითხრა, რომ მეც უნდა დამერტყა. ავუხსენი, რომ ბიბლიიდან, კერძოდ, რომაელების 12:17-დან ნასწავლი მქონდა, რომ ქრისტიანმა არავის უნდა გადაუხადოს სამაგიერო. ამის მოსმენის შემდეგ დირექტორმა მომიბოდიშა და მითხრა, რომ მას პასუხს აგებინებდა».

კატამარკა, არგენტინა