არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინდონეზია

ქვეყანაში მეტი მისიონერი ჩადის

ქვეყანაში მეტი მისიონერი ჩადის

1964 წლის 9 ივლისს ინდონეზიის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა „ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაცია“, იეჰოვას მოწმეების იურიდიული კორპორაცია. მაგრამ ძმებს სრული თავისუფლებით რომ ესარგებლათ, საჭირო იყო, ისინი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსაც გაეტარებინა რეგისტრაციაში. ამ სააგენტომ რჩევისთვის იმ სახელმწიფო ორგანოს მიმართა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა. ეს სახელმწიფო სტრუქტურა დაკომპლექტებული იყო თავგამოდებული პროტესტანტებით, რომლებიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ მოწმეებს და მათ სერიოზულ სირთულეებს უქმნიდნენ.

ერთხელ ჩვენი ძმა შემთხვევით შეხვდა ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობდა. აღმოჩნდა, რომ ორივენი ერთი სოფლიდან ყოფილან; მათ შორის სასიამოვნო საუბარი გაიმართა მშობლიურ დიალექტზე. საუბარში ძმამ ახსენა, რომ ერთი სახელმწიფო ორგანო მოწმეებს სერიოზულ სირთულეებს უქმნიდა. ეს მაღალჩინოსანი ძმას დახმარებას შეპირდა. მალევე მისი დახმარებით სამი ძმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა, რომელიც მუსულმანი იყო. ის დიდი გულისყურით მოეკიდა მათ საქმეს. შედეგად, 1968 წლის 11 მაისს მან ოფიციალური საბუთი მოამზადა, რომელიც მოწმეების რელიგიას კანონიერად ცნობდა ინდონეზიაში და მათ სამქადაგებლო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების ნებას რთავდა.

ზემოხსენებული მაღალჩინოსანი ძმებს იმაშიც დაეხმარა, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ მისიონერებს ვიზები იმ სახელმწიფო ორგანოს გვერდის ავლით აეღოთ, რომელიც ქრისტიანულ რელიგიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა. ამ მიუკერძოებელი სახელმწიფო მოხელის დახმარებით მომდევნო რამდენიმე წელიწადში 64 მისიონერს მიეცა ინდონეზიაში მსახურების შესაძლებლობა.

1968 წლიდან 300-მა მისიონერმა და სპეციალურმა პიონერმა, აგრეთვე 1 200-ზე მეტმა მაუწყებელმა სასიხარულო ცნობა ინდონეზიის ყველა კუთხეში იქადაგა. მისიონერებმა ფასდაუდებელი გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივ ძმებს, რამაც ხელი შეუწყო მათ სულიერ ზრდას. ეს მართლაც რომ დროული იყო, რადგან ჰორიზონტზე დევნების საავდრო ღრუბლები მოჩანდა, რომლებიც სწრაფად ახლოვდებოდა.

„საშობაო საჩუქარი“ სამღვდელოებას

1974 წელს ზემოხსენებულმა სახელმწიფო ორგანომ, რომელიც ქრისტიანულ რელიგიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა, განაახლა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. მისმა გენერალურმა დირექტორმა რეგიონებში არსებულ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ოფისებში წერილი გაგზავნა, რომელშიც ცრუდ ირწმუნებოდა, რომ მოწმეები იურიდიულად არ იყვნენ აღიარებული. ის მოუწოდებდა ადგილობრივ თანამდებობის პირებს, რომ ნებისმიერი საბაბი გამოეყენებინათ მოწმეების წინააღმდეგ. მათმა უმეტესობამ ყური არ ათხოვა ამ მოწოდებას. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და მოწმეებს აუკრძალეს თაყვანისმცემლობისთვის ერთად შეკრება და კარდაკარ ქადაგება.

1976 წლის 24 დეკემბერს პრესაში გამოქვეყნდა სტატია იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის შესახებ

დაახლოებით ამავე პერიოდში ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ჯაკარტაში საერთაშორისო შეხვედრის ჩატარებას გეგმავდა, რაც ადგილობრივმა მუსულმანებმა მათ წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად და აგრესიულ ქმედებად მიიჩნიეს. იმის გამო, რომ რელიგიური დაძაბულობა მატულობდა, საბჭომ შეხვედრა გააუქმა. თუმცა გაქრისტიანება მწვავე დისკუსიის საგნად იქცა, რამაც პოლიტიკოსებს მოსვენება დაუკარგა. როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, სამღვდელოება მოწმეების დადანაშაულებას ცდილობდა — ისინი აჟიოტაჟს ტეხდნენ მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობის გამო. შედეგად, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი მოწმეების მიმართ უარყოფითად განეწყო.

1975 წლის დეკემბერში, როდესაც ქვეყანაში რელიგიურმა დაძაბულობამ კვლავ იმატა, ინდონეზია პორტუგალიის ყოფილ კოლონიაში, აღმოსავლეთ ტიმორში, (იგივე ტიმორ-ლესტე) შეიჭრა. შვიდი თვის შემდეგ მოხდა აღმოსავლეთ ტიმორის ანექსია, რის გამოც ხალხი პატრიოტულმა სულისკვეთებამ მოიცვა. ძმები პოლიტიკურად ნეიტრალურები რჩებოდნენ და უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურსა თუ დროშისთვის სალმის მიცემაზე, რის გამოც სამხედრო მეთაურების რისხვა დაიტეხეს თავს (მათ. 4:10; იოან. 18:36). სამღვდელოებამ ისარგებლა სიტუაციით და მთავრობას დაჟინებით მოსთხოვა, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ემოქმედა. ბოლოს, 1976 წლის შუა დეკემბერს, სამღვდელოებამ „საშობაო საჩუქარი“ მიიღო — მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალა.