არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

პაემანი — ნაწილი 1: ადრე ხომ არ არის ჩემთვის პაემანზე სიარული?

პაემანი — ნაწილი 1: ადრე ხომ არ არის ჩემთვის პაემანზე სიარული?

 რა არის პაემანი?

 ზოგი პაემანს არც ისე სერიოზულად აღიქვამს და დროის გატარების კარგ საშუალებად მიიჩნევს. ამ სტატიაში სიტყვა „პაემანი“ მიუთითებს პერიოდზე, როცა შეყვარებულები უკეთ გაცნობის და დაქორწინების მიზნით ერთმანეთს ხვდებიან. ასე რომ, პაემანზე სიარულის მიზანი მხოლოდ საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობა არაა. ის ბევრად ღირებულ მიზანს ემსახურება.

 ქალ-ვაჟმა ამ დროს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სურთ თუ არა ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირება და ოჯახის შექმნა. ამიტომ, თუ პაემანზე სიარულს დაიწყებ, მხედველობაში მიიღე ისიც, თუ რისთვის უნდა იყო მზად.

 გახსოვდეს: თუ პაემანზე სიარულს გადაწყვეტ, მზად უნდა იყო ოჯახის შესაქმნელად.

თუ ვინმეს ხვდები, მაგრამ არ აპირებ მასზე დაქორწინებას, იმ ადამიანივით იქცევი, რომელიც გასაუბრებაზე მიდის, მაგრამ სამუშაოს დაწყება არ სურს.

 მზად ხარ?

 ქორწინებამდე აუცილებელია, გულწრფელად შეაფასო საკუთარი თავი. დაფიქრდი ქვემოთ მოცემულ საკითხებზე:

  •   ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. როგორც შენს მშობლებს და და-ძმას ექცევი, განსაკუთრებით კი სტრესულ სიტუაციებში, დიდი ალბათობით, ისევე მოექცევი შენს მეუღლეს.

     ბიბლიური პრინციპი: „მოიშორეთ ყოველგვარი ბოღმა, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31).

     დაფიქრდი: რას ამბობენ ჩემი ოჯახის წევრები, პატივისცემით ვექცევი მათ? როცა უთანხმოება მომდის მათთან, მზად ვარ, მშვიდად განვიხილო ეს საკითხი, თუ მოთმინებას ვკარგავ და ვბრაზდები?

    შეძლებ მეუღლესთან უთანხმოების მოგვარებას, თუ დღეს მშობლებთან ვერ ახერხებ ამას?

  •   თავგანწირვა. როცა დაქორწინებული ხარ, შენი მეუღლის საჭიროებებზე უნდა იფიქრო და მზად უნდა იყო, საკუთარზე წინ, მისი ინტერესები დააყენო.

     ბიბლიური პრინციპი: „თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

     დაფიქრდი: ხომ არ ვცდილობ, ყოველთვის ჩემი გავიტანო? გონიერ ადამიანად მთვლიან სხვები? რით ვაჩვენებ, რომ საკუთარზე წინ, სხვების ინტერესებს ვაყენებ?

  •   თავმდაბლობა. კარგ მეუღლეს შეუძლია აღიაროს საკუთარი შეცდომები და გულწრფელად მოიბოდიშოს.

     ბიბლიური პრინციპი: „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით” (იაკობი 3:2).

     დაფიქრდი: მზად ვარ ხოლმე, ვაღიარო შეცდომები? ყოველთვის გამართლებას ხომ არ ვუძებნი ჩემს საქციელს? როცა რჩევას მაძლევენ, ნაწყენი ხომ არ ვრჩები?

  •   ზომიერება ფინანსურ საკითხებში. ქორწინებაში ეს არის უთანხმოების გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ამიტომ ამ მხრივ გონიერების გამოჩენა ეხმარება წყვილს, თავი აარიდოს ზედმეტ პრობლემებს.

     ბიბლიური პრინციპი: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, ეყოფა თუ არა სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28).

     დაფიქრდი: ვარ ყაირათიანი? ვალებში ხომ არ ვიხრჩობი? რით ვაჩვენებ, რომ ფულს გონივრულად ვხარჯავ?

  •   სულიერობა. თუ იეჰოვას მოწმე ხარ, აუცილებელია, ბიბლიის შესწავლის კარგი ჩვევა გქონდეს და რეგულარულად ესწრებოდე კრების შეხვედრებს.

     ბიბლიური პრინციპი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

     დაფიქრდი: ყველანაირად ვცდილობ რწმენის გაძლიერებას? სულიერი საქმეები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის?

 გახსოვდეს: შენს მეუღლეს ყველაზე მეტად ის ენდომება, რომ კარგი ცხოვრების თანამგზავრი ჰყავდეს. ამიტომ თუ ეცდები, რომ კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდე, მსგავსი მიზნის მქონე ადამიანის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობ.