არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

იოანეს 15:13 — „არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული“

იოანეს 15:13 — „არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული“

 „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 იესოს უნდოდა, თავისი მიმდევრებისთვის დაენახვებინა, თუ რამდენად ძლიერად უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი. ისინი ერთმანეთისთვის სიკვდილზე წასასვლელადაც კი უნდა ყოფილიყვნენ მზად.

 მანამ ამ სიტყვებს იტყოდა, იესომ მოციქულებს უთხრა: „ჩემი მცნება ის არის, რომ ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოანე 15:12). როგორ შეიყვარა იესომ ისინი? ის თავგანწირულ, უანგარო სიყვარულს ავლენდა მათ მიმართ. დედამიწაზე მსახურების დროს საკუთარ ინტერესებზე წინ იესო თავისი მიმდევრებისა და სხვების ინტერესებს აყენებდა. ის კურნავდა ხალხს დაავადებებისგან და მათ ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა. a იესო მათთვის იმასაც აკეთებდა, რაც, ჩვეულებრივ, მსახურის მოვალეობაში შედიოდა (მათე 9:35; ლუკა 22:27; იოანე 13:3—5). თუმცა იოანეს 15:13-ში იესო კიდევ უფრო დიდ სიყვარულზე საუბრობს. ამ სიტყვების წარმოთქმიდან, სულ რაღაც, რამდენიმე საათში მან სიცოცხლე გაწირა მრავალთა გამოსასყიდად (მათე 20:28; 22:39). ეს იმის აშკარა მტკიცება იყო, რომ მას საკუთარ თავზე მეტად სხვები უყვარდა.

 იესოს უყვარს ადამიანები, განსაკუთრებით კი თავისი ჭეშმარიტი მიმდევრები. ის მოწაფეებს ახლო მეგობრებად მიიჩნევდა, რადგან ისინი მიჰყვებოდნენ მის მითითებებს და განსაცდელების დროს გვერდიდან არ შორდებოდნენ (ლუკა 22:28; იოანე 15:14, 15). ეს დამატებითი მოტივაცია იყო იესოსთვის, რომ თავი გაეწირა მათთვის.

 პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ქრისტიანებმა გაითვალისწინეს იესოს მითითება და მზად იყვნენ, სიცოცხლე გაეწირათ ერთმანეთისთვის (1 იოანე 3:16). ნამდვილად, უანგარო სიყვარული, როგორიც იესომ გამოავლინა, ჭეშმარიტი ქრისტიანების უმთავრესი ამოსაცნობი ნიშანი გახდა (იოანე 13:34, 35).

კონტექსტი

 იოანეს სახარების 13—17 თავებში ჩაწერილია იესოს მიერ თავისი 11 ერთგული მოციქულისთვის მიცემული ბოლო მითითებები და მათთან ერთად წარმოთქმული მისი უკანასკნელი ლოცვა. რამდენიმე საათის შემდეგ იესომ თავი გაწირა მათთვის. მე-15 თავში მან თავისი მიმდევრები ნაყოფიერ ვაზს შეადარა და დაანახვა, რომ მისი ნამდვილი მოწაფეები იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, თუ მასთან დარჩებოდნენ ერთობაში. გარდა ამისა, მოუწოდა მეტი ნაყოფი გამოეღოთ (იოანე 15:1—5, 8). ერთ-ერთი საშუალება ამისთვის თავგანწირული სიყვარულის გამოვლენაა, რაშიც ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაც შედის, რომელსაც იესო ქადაგებდა (ლუკა 4:43; იოანე 15:10, 17).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით იოანეს სახარებაზე.

a ღვთის სამეფო ზეციერი ხელისუფლებაა. ეს სამეფო ღმერთმა იმისთვის დააარსა, რომ დედამიწაზე ემმართველა და მისი ნება შეესრულებინა (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია „რა არის ღვთის სამეფო?“.