არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲛᲣᲮᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲮᲡᲜᲐ

მათეს 6:34 — „ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე“

მათეს 6:34 — „ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე“

 „მაშ, ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს; ყოველ დღეს ისედაც თავისი გასაჭირი აქვს“ (მათე 6:34; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი უბედურება“ (მათე 6:34; „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“).

ახსნა

 იესო ამ სიტყვებით არწმუნებდა მსმენელებს, რომ მეტისმეტად არ ეწუხათ მომავალ პრობლემებზე. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ უმჯობესია, დღეს მხოლოდ დღევანდელ პრობლემებზე ვიფიქროთ და არ ვიწუხოთ ხვალინდელზე.

 იესოს არ უთქვამს, რომ საერთოდ არ ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და არ დავგეგმოთ სამომავლო საქმეები (იგავები 21:5). მას იმის თქმა სურდა, რომ არ გვქონოდა გადამეტებული წუხილისა და დარდის განცდა მომავალში მოსახდენ მოვლენებთან დაკავშირებით. ასეთმა წუხილმა შეიძლება სიხარული დაგვაკარგვინოს და იმ საქმის კეთებაში შეგვიშალოს ხელი, რითაც დღეს ვართ დაკავებულები. მომავალ პრობლემებს დღევანდელი წუხილით ვერ გადავჭრით. გარდა ამისა, ის, რაზეც ვწუხვართ, ხშირად არც კი ხდება ან არც ისე ცუდად მთავრდება, როგორც გვგონია.

კონტექსტი

 იესოს ეს სიტყვები მთაზე წარმოთქმული ცნობილი ქადაგებიდან არის აღებული, რომელიც მათეს მე-5, მე-6 და მე-7 თავებშია ჩაწერილი. ამ ქადაგებაში იესო განმარტავს, რომ ზედმეტი წუხილით ადამიანი ვერც სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს და ვერც ცხოვრებას გაიუმჯობესებს (მათე 6:27). იესოს სიტყვების თანახმად, როცა ღვთის ნებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ, ხვალინდელ დღეზე ზედმეტად აღარ უნდა ვწუხდეთ. თუ ღმერთი მცენარეებსა და ცხოველებზე ზრუნავს, მით უმეტეს იზრუნებს თავის მსახურებზე (მათე 6:25, 26, 28—33).

წაიკითხეთ მათეს მე-6 თავი; გაეცანით სქოლიოებსა და მარგინალურ მუხლებს.