არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

რომაელების 12:12 — „გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას — მოუღლელნი“

რომაელების 12:12 — „გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას — მოუღლელნი“

 „იხარეთ იმედით. გაუძელით გასაჭირს. გამუდმებით ილოცეთ“ (რომაელები 12:12, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას — მოუღლელნი“ (რომაელები 12:12, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ამ მუხლში მოციქული პავლე აღნიშნავს, რა სამი მხარე უნდა გაეთვალისწინებინათ რომაელ ქრისტიანებს, რომ დევნისა და სხვა სირთულეების მიუხედავად, ერთგულები დარჩენილიყვნენ.

 „იხარეთ იმედით“. ქრისტიანებს მომავლის გასაოცარი იმედი აქვთ. ზოგი ზეცაში ცხოვრებას ელის, ზოგიც — სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 37:29; იოანე 3:16; გამოცხადება 14:1—4; 21:3, 4). მათ იმის იმედი აქვთ, რომ ღვთის სამეფო a კაცობრიობის ყველა პრობლემას მოაგვარებს (დანიელი 2:44; მათე 6:10). ღვთის თაყვანისმცემლებს მტკიცედ სჯერათ, რომ ეს უტყუარი იმედია და რომ თავიანთი მოთმინებით ღვთის მოწონებას დაიმსახურებენ, ამიტომ სირთულეების დროსაც კი ხარობენ (მათე 5:11, 12; რომაელები 5:3—5).

  „გაუძელით გასაჭირს“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „გაძლებად“ ითარგმნა, ხშირ შემთხვევაში მოთმინებით რაღაცის ატანის, მტკიცედ დგომის და გაქცევის ნაცვლად, ადგილზე დარჩენის აზრს ატარებს. ქრისტეს მიმდევრები არ არიან „ქვეყნიერების b ნაწილი“, ამიტომ მოელიან, რომ დევნილნი იქნებიან და, შესაბამისად, მოთმინების გამოვლენაც დასჭირდებათ (იოანე 15:18—20; 2 ტიმოთე 3:12). როცა განსაცდელების დროს ქრისტიანი ღვთის ერთგული რჩება, იმის რწმენა, რომ მისგან ჯილდოს მიიღებს, ერთი ორად უძლიერდება (მათე 24:13). ასეთი რწმენა კი, თავის მხრივ, სირთულეების სიხარულითა და მოთმინებით ატანის ძალას აძლევს (კოლოსელები 1:11).

 „გამუდმებით ილოცეთ“. ღვთის ერთგულები რომ დარჩნენ, ქრისტიანებმა უნდა ილოცონ (ლუკა 11:9; 18:1). ისინი ცხოვრების ყველა სფეროში ღვთის ხელმძღვანელობას მიჰყვებიან (კოლოსელები 4:2; 1 თესალონიკელები 5:17). მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს მათ სათხოვარს, რადგან მისი მორჩილები არიან და ყველანაირად ცდილობენ, მას ასიამოვნონ (1 იოანე 3:22; 5:14). ქრისტიანებმა ისიც უწყიან, რომ, თუ გამუდმებით ილოცებენ, ღმერთი ყველანაირი განსაცდელის მოთმინებით ატანის ძალას მისცემს (ფილიპელები 4:13).

კონტექსტი

 პავლემ ეს წერილი რომაელ ქრისტიანებს დაახლოებით ახ. წ. 56 წელს მისწერა. თავისი წერილის მე-12 თავში ის პრაქტიკულ რჩევებს აძლევს ქრისტიანებს, როგორ გამოავლინონ ღვთისმოსაწონი თვისებები, როგორ მოექცნენ თანაქრისტიანებს და როგორ აიტანონ დევნა (რომაელები 12:9—21). ეს ნამდვილად დროული რჩევა იყო რომაელი ქრისტიანებისთვის, რადგანაც მალე სასტიკი დევნის მსხვერპლი გახდებოდნენ.

 რამდენიმე წლის შემდეგ, ახ. წ. 64 წელს, ქალაქ რომში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ჭორები დადიოდა, რომ ეს ხანძარი ნერონმა გააჩინა. რომაელი ისტორიკოსი, ტაციტუსი, აღნიშნავდა, რომ თავის დასაცავად ნერონმა ეს ამბავი ქრისტიანებს გადააბრალა. ამას ქრისტიანების დევნის დიდი ტალღა მოჰყვა. იმ პერიოდში პავლეს რჩევა ნამდვილად დაეხმარა მათ, რწმენა არ დაეკარგათ და ღირსეულად აეტანათ დევნა (1 თესალონიკელები 5:15; 1 პეტრე 3:9). მათი მაგალითი ღვთის თანამედროვე მსახურებისთვისაც მისაბაძია.

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით რომაელებისთვის მიწერილ წერილზე.

a ღვთის სამეფო ზეციური ხელისუფლებაა, რომელიც ღმერთმა დააარსა და რომელიც დედამიწაზე ღვთის ნებას შეასრულებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „რა არის ღვთის სამეფო?“.

b ბიბლიაში სიტყვა „ქვეყნიერება“ ღვთისგან გაუცხოებულ საზოგადოებას გულისხმობს.