სად ვიპოვოთ იმედი?
ბიბლიის თვალსაზრისი
ღმერთს სურს, რომ მომავლის იმედი a გვქონდეს (იერემია 29:11). ნამდვილად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან ბიბლია გვიბოძა, არის ის, რომ „წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). ამ სტატიიდან დავინახავთ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევების წყალობით შეგვიძლია ახლავე გვქონდეს იმედიანი განწყობა ყოველდღიური პრობლემების წინაშე ყოფნისას. გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში მოცემული დაპირებები ბრწყინვალე მომავლის იმედს გვინერგავს.
ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:
როგორ გვეხმარება ბიბლია, რომ ოპტიმისტები ვიყოთ?
ბიბლიაში ჩაწერილია პრაქტიკული რჩევები, რომელთა მიყოლა გვეხმარება, ცხოვრება გავიუმჯობესოთ და იმედიანი განწყობა გვქონდეს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა.
მიმართეთ ბიბლიას ხელმძღვანელობისთვის. ფსალმუნის 119:105-ში ნათქვამია: „შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“. ძლიერ ნათებას შეუძლია გაგვინათოს როგორც ახლოს, ისე მოშორებით მდებარე საგნები. მსგავსადვე, ბიბლიური პრინციპების გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია დღესვე წარმატებით გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პრობლემებს და გვქონდეს იმედიანი განწყობა, რადგან ბიბლიურ სწავლებებს შეუძლია ძალები განგვიახლოს და გული გაგვიხალისოს (ფსალმუნი 19:7, 8). გარდა ამისა, ბიბლიური „ნათება“, შეიძლება ითქვას, მოშორებითაც გვინათებს და გვიჩვენებს, თუ რა შესანიშნავი განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით. ამ იმედს ჩვენთვის ხანგრძლივი სიხარულისა და კმაყოფილების მოტანა შეუძლია.
მიეცით სხვებს საშუალება, დაგეხმარონ. როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, ზოგჯერ ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან იზოლირების სურვილი გვიჩნდება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამგვარი საქციელი არაგონივრულია, რადგან ამან შეიძლება არასწორ გადაწყვეტილებამდე და საქციელამდე მიგვიყვანოს (იგავები 18:1). ჩვენს ახლობლებს შეუძლიათ წონასწორობის შენარჩუნებაში დაგვეხმარონ და კარგი რჩევებიც მოგვცენ რთულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად (იგავები 11:14). და ბოლოს, მათ შეუძლიათ გვანუგეშონ, გაგვახალისონ და ძალები შეგვმატონ, რომ გავუძლოთ სირთულეებს (იგავები 12:25).
ლოცვით მიმართეთ ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის დაცემას“ b (ფსალმუნი 55:22). იეჰოვას სათანადოდ ეწოდება „იმედის მომცემი ღმერთი“ (რომაელები 15:13). მას შეგიძლიათ მიანდოთ „ყველა თქვენი საწუხარი“ და გჯეროდეთ, რომ „ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). ბიბლიაში ღმერთზე წერია: „ის გაგამხნევებთ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 პეტრე 5:10).
განსაცდელების მეშვეობით კიდევ უფრო გაიძლიერეთ იმედი. ბიბლიის მეშვეობით ღმერთი გვპირდება: „მაგრამ ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს, და უბედურების შიში არ შეაწუხებს“ (იგავები 1:33). ავსტრალიაში მცხოვრები ერთი ქალბატონის, მარგარეტის, სახლს ციკლონმა გადაუარა და მიწასთან გაასწორა. მან თითქმის მთელი ქონება დაკარგა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის ნაცვლად, მარგარეტმა ამ შემთხვევიდან ისწავლა, რომ მატერიალური ქონება არასაიმედო და დროებითია. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი დრო დაეთმო ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, განემტკიცებინა იეჰოვასთან ურთიერთობა და ეფიქრა ბიბლიურ იმედზე. ის დარწმუნდა, რომ სწორედ ამ ყველაფერს აქვს ნამდვილი ფასი (ფსალმუნი 37:34; იაკობი 4:8).
მომავლის რა იმედზეა საუბარი ბიბლიაში?
ბიბლიის თანახმად ღმერთს ბრწყინვალე მომავალი აქვს მომზადებული ადამიანებისთვის და დედამიწისთვის. და ეს დრო არც ისე შორსაა. სინამდვილეში, დღევანდელი მსოფლიო პრობლემები იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). მალე ღმერთი სრულად გააკონტროლებს დედამიწაზე არსებულ მდგომარეობას. ის ბოლოს მოუღებს ტანჯვასა და უსამართლობას. ღმერთი ამას მსოფლიო მთავრობის, ღვთის სამეფოს, მეშვეობით გააკეთებს (დანიელი 2:44; გამოცხადება 11:15). იესოს სწორედ ეს ზეციური მთავრობა ჰქონდა მხედველობაში, როცა სანიმუშო ლოცვაში თქვა: „მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება ... დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).
კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვა ნათლად ჩანს ბიბლიიდან. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი პრობლემა, რასაც ღვთის სამეფო გადაჭრის:
აღარ იქნება საკვების უკმარისობა. „დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს“ (ფსალმუნი 67:6).
აღარ იქნება ავადმყოფობა. „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
აღარ იქნება სიკვდილი. ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
a იმედის ქონა ნიშნავს, რომ გჯერა, მიიღებ იმას, რისი სურვილიც გაქვს. იმედი რაღაცის მთელი გულით მოლოდინსაც მოიაზრებს.
b ბიბლიიდან ჩანს, რომ „იეჰოვა“ არის ღმერთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18).