ვინ იყო იოანე ნათლისმცემელი?
ბიბლია გვპასუხობს:
იოანე ღვთის წინასწარმეტყველი იყო (ლუკა 1:76). ის დაიბადა იესოს დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, ძვ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს. ღმერთმა მას დაავალა, რომ გზა მოემზადებინა მესიისთვის. ამ დავალების შესასრულებლად იოანე თანამემამულეებთან ღვთის ცნობას ქადაგებდა. მისი მიზანი იყო, ხალხი ღვთისკენ მოებრუნებინა (მარკოზი 1:1—4; ლუკა 1:13, 16, 17).
იოანეს ქადაგების შედეგად გულმართალი ადამიანები მიხვდებოდნენ, რომ იესო ნაზარეთელი იყო აღთქმული მესია (მათე 11:10). ის ხალხს მოუწოდებდა, მოენანიებინათ ცოდვები და მონანიების ნიშნად მონათლულიყვნენ (ლუკა 3:3—6). იოანემ ბევრი ადამიანი მონათლა, ამიტომაც ეწოდება „ნათლისმცემელი“. იესოც იოანე ნათლისმცემელმა მონათლა (მარკოზი 1:9). a
ამ სტატიაშია:
რით გამოირჩეოდა იოანე ნათლისმცემელი სხვებისგან?
წმინდა წერილებში ნაწინასწარმეტყველები იყო მისი მსახურების შესახებ. იოანემ თავისი ქადაგებით ცხადყო, რომ ის იყო ნაწინასწარმეტყველები იეჰოვას მაცნე (მალაქია 3:1; მათე 3:1—3). სწორედ მან წარუდგინა მომზადებული ხალხი იეჰოვას, ანუ გზა გაუკვალა თავის ხალხს, რომ ქრისტემდე მისულიყვნენ, რომელიც ღვთის წარმომადგენელი იყო (ლუკა 1:17).
იესომ თქვა, რომ „არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ზეციერ სამეფოში უმცირესიც კი მასზე დიდია“ (მათე 11:11). იოანე არა მხოლოდ წინასწარმეტყველი, არამედ ნაწინასწარმეტყველები „მაცნეც“ იყო. სწორედ ამიტომ არავინ ყოფილა იოანემდე მცხოვრებ ღვთის მსახურთა შორის მასზე დიდი. იესოს სიტყვებიდან იმასაც ვიგებთ, რომ იოანე ნათლისმცემელი არ იქნება მათ შორის, ვინც ზეციერ სამეფოში იმმართველებს. b ის მანამ მოკვდა, სანამ იესო გზას გაუხსნიდა ადამიანებს ზეცაში ცხოვრებისკენ (ებრაელები 10:19, 20). თუმცა იოანე ღვთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომი იქნება და მას შესაძლებლობა მიეცემა, მარადიულად იცხოვროს სამოთხეში (ფსალმუნი 37:29; ლუკა 23:43).
ვინ იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მშობლები?
იოანეს დედას ელისაბედი ერქვა, მამას კი — ზაქარია, რომელიც ებრაელი მღვდელი იყო. იოანეს დაბადება ნამდვილი სასწაული იყო, რადგან ელისაბედს შვილი არ უჩნდებოდა; თანაც ორივენი, ელისაბედიც და ზაქარიაც, „ხანდაზმულები იყვნენ“ (ლუკა 1:5—7, 13).
რა ვითარებაში მოკვდა იოანე ნათლისმცემელი?
მეფე ჰეროდე ანტიპამ თავი მოჰკვეთა იოანე ნათლისმცემელს. მეფე ამისკენ მისმა ცოლმა, ჰეროდიამ წააქეზა, რომელსაც სძულდა იოანე ნათლისმცემელი. იოანემ იუდაიზმზე მოქცეული ჰეროდე გაკიცხა იმის გამო, რომ ებრაული კანონი დაარღვია და ჰეროდიაზე იქორწინა (მათე 14:1—12; მარკოზი 6:16—19).
იესოს მეტოქე იყო იოანე ნათლისმცემელი?
ბიბლია ამ მოსაზრებას მხარს არ უჭერს (იოანე 3:25—30). თავად იოანეს სიტყვებიდან ვიგებთ, რომ მისი პასუხისმგებლობა მესიისთვის გზის მომზადება იყო და არა მისთვის მეტოქეობის გაწევა. იოანემ თქვა: „ხალხის წყლით მოსანათლავად იმიტომ მოვედი, რომ ის [ანუ იესო] ისრაელს გამოცხადებოდა“. შემდეგ დასძინა: „ეს კაცი ღვთის ძეა“ (იოანე 1:26—34). ასე რომ, იოანეს ახარებდა, როცა ხედავდა, რამდენ რამეს აკეთებდა იესო მსახურებაში.
a იესოს „ცოდვა [არ] ჩაუდენია“ (1 პეტრე 2:21, 22). შესაბამისად, ნათლობით მან ცოდვები კი არ მოინანია, არამედ ღმერთს წარუდგინა საკუთარი თავი. ამგვარად, იესომ ცხადყო, რომ მზად იყო, ღვთის ნება შეესრულებინა და სიცოცხლე გაეღო ჩვენთვის (ებრაელები 10:7—10).
b იხილეთ სტატია „ვინ მიდის ზეცაში?“.