რას ამბობს ბიბლია ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებაზე?
ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთს სურს, „მოვერიდოთ სიძვას“ (1 თესალონიკელები 4:3). ბიბლია „სიძვაში“ გულისხმობს მრუშობას, ჰომოსექსუალიზმს და სქესობრივ კავშირს იმ ქალსა და მამაკაცს შორის, რომლებიც არ არიან დაქორწინებულები.
რატომ აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, დაქორწინებულია თუ არა წყვილი?
ქორწინების ინსტიტუტს ღმერთმა ჩაუყარა საფუძველი. ეს მაშინ მოხდა, როცა მან პირველი წყვილი შეაუღლა (დაბადება 2:22—24). მისი განზრახვა არ ყოფილა ის, რომ ქალსა და მამაკაცს ქორწინების გარეშე ეცხოვრათ ერთმანეთთან.
ღმერთმა იცის, რა არის ადამიანებისთვის საუკეთესო. ღვთის განზრახვით, ქორწინება უნდა ყოფილიყო მამაკაცსა და ქალს შორის მუდმივი კავშირი. დაქორწინებულ წყვილს სიკეთეს მოუტანდა ეს კავშირი და ოჯახის თითოეული წევრიც დაცულად იგრძნობდა თავს. როგორც ავეჯის ასაწყობადაა საჭირო მწარმოებლის ინსტრუქცია, ასევეა საჭირო „ინსტრუქცია“ ღვთისგან იმისთვის, რომ „ავაწყოთ“ ოჯახი. ღვთის ნორმებს ყოველთვის მოაქვს სიკეთე მათი დამცველებისთვის (ესაია 48:17, 18).
ქორწინების გარეშე სექსს შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს. ეს შეიძლება იყოს არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ემოციური აშლილობა.
ღმერთმა კაცსა და ქალს მისცა უნარი, რომ სქესობრივი კავშირის მეშვეობით გამრავლებულიყვნენ. ღვთის თვალში სიცოცხლე წმინდაა და შვილების ყოლის უნარი მისგან ბოძებული ძღვენია. ღმერთს ნებავს, რომ ამ ძღვენს პატივისცემით მოვეპყროთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ გავითვალისწინოთ ქორწინებასთან დაკავშირებული მისი ნორმები (ებრაელები 13:4).
მისაღებია დაქორწინებამდე წყვილის ერთად ცხოვრება იმის გასაგებად, ეწყობიან თუ არა ერთმანეთს?
ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად სულაც არ არის საჭირო „საცდელი პერიოდი“, რომლის განმავლობაშიც ორივე მხარეს ნებისმიერ დროს თავისუფლად შეუძლია ურთიერთობის გაწყვეტა. პირიქით, ურთიერთობები მაშინ მტკიცდება, როდესაც ორივე მხარე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ერთმანეთის წინაშე და პრობლემების მოგვარებისას ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს. a ქორწინება პასუხისმგებლობის გრძნობას აძლიერებს (მათე 19:6).
როგორ შეუძლიათ წყვილებს, მყარი საფუძველი ჩაუყარონ ბედნიერ ქორწინებას?
სრულყოფილი ქორწინება არ არსებობს, მაგრამ თუ ცოლ-ქმარი ბიბლიურ რჩევებს გამოიყენებს, მათი ქორწინება მყარი იქნება. ქვემოთ მოცემულია, რამდენიმე რჩევა:
მეუღლის ინტერესები საკუთარზე წინ დააყენეთ (1 კორინთელები 7:3—5; ფილიპელები 2:3, 4).
სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყარით ერთმანეთს (ეფესოელები 5:25, 33).
ისწავლეთ ენის გაკონტროლება (იგავები 12:18).
იყავით მომთმენი და მიმტევებელი (კოლოსელები 3:13, 14).
a იხილეთ სტატია „ბედნიერი ოჯახის 12 საიდუმლო — ერთგულება“.