შეუძლია თუ არა ქრისტიანს მიიღოს სამედიცინო დახმარება?
ბიბლია გვპასუხობს:
რა თქმა უნდა. როცა იესომ თქვა, „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათო“, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მის მიმდევრებს მიემართათ ექიმისთვის (მათე 9:12). მართალია, ბიბლია სამედიცინო წიგნი არ არის, მაგრამ მასში მოცემული პრინციპებით ხელმძღვანელობა ყველას შეუძლია, ვისაც მისი ნების შესრულება სურს.
ჰკითხეთ საკუთარ თავს
1) კარგად მესმის, რას მოიცავს მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი? ბიბლია მოგვიწოდებს, რომ „ყველა სიტყვის“ კი არ გვჯეროდეს, არამედ მოვიძიოთ სანდო ინფორმაცია (იგავები 14:15).
2) მხოლოდ ერთი ექიმის აზრით უნდა დავკმაყოფილდე, თუ სხვა ექიმსაც მივმართო? „მრავალი მრჩეველის“ მოსმენა კარგია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენი მდგომარეობა სერიოზულია (იგავები 15:22).
3) შემოთავაზებული მკურნალობის მეთოდი ხომ არ არღვევს ბიბლიურ პრინციპს: „მოერიდეთ ... სისხლს“? (საქმეები 15:20).
4) ხომ არ არის სპირიტიზმთან კავშირში დიაგნოსტიკა ან მკურნალობის მეთოდი? ბიბლია განსჯის სპირიტიზმთან კავშირს (გალატელები 5:19—21). თუ გსურთ გაარკვიოთ, არის თუ არა რომელიმე მეთოდი სპირიტიზმთან კავშირში, განიხილეთ შემდეგი კითხვები:
სპირიტიზმის მიმდევარი ხომ არ არის ის, ვისაც დახმარებისთვის მიმართეთ?
მკურნალობის ესა თუ ის ფორმა ხომ არ ეფუძნება რწმენას: „ცუდად იმიტომ ხართ, რომ განარისხეთ ღმერთები ან ვინმემ ჯადო გაგიკეთათ“?
ხომ არ იყენებენ წამლის მომზადების ან გამოყენების დროს შესაწირავს, სპირიტულ საგნებს ან ხომ არ ატარებენ სპირიტულ რიტუალებს და კითხულობენ შელოცვებს?
5) დღედაღამ ჩემს ჯანმრთელობაზე ხომ არ ვფიქრობ? ბიბლია გვირჩევს: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). გონიერება დაგვეხმარება ყურადღება „უფრო მნიშვნელოვანზე“, სულიერ საკითხებზე, გავამახვილოთ (ფილიპელები 1:10; მათე 5:3).