არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲕᲘᲜ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ?

დედის რძე

დედის რძე

 „დედის რძე იმდენად უნიკალურია, რომ ადამიანები ვერასოდეს შექმნიან ანალოგს“, – ნათქვამია სამეანო საქმიანობასთან დაკავშირებულ ერთ ნაშრომში. რატომ არის ჩვილისთვის დედის რძე შეუცვლელი? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დედის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები გავლენას ახდენს რძის შემადგენლობაზე, რაც თავის მხრივ, ერგება ჩვილის საჭიროებებს.

 დაფიქრდით: დედის რძის შემადგენლობა ახალშობილის თითოეული კვების დაწყებიდან დამთავრებამდე იცვლება. ჭამის დასაწყისში დედის რძის შემადგენლობაში უფრო მეტი ცილა, ვიტამინი, მინერალი და წყალია; კვების ბოლოს კი დედის რძე უფრო ცხიმიანი ხდება, რათა ჩვილი კარგად დანაყრდეს. დედის რძე ბავშვის ასაკისა და წელიწადის დროების მიხედვითაც კი იცვლება.

 დედის რძეში ზოგიერთი ჰორმონის, მაგალითად მელატონინის დონე ღამის განმავლობაში აღწევს პიკს, ზოგიერთი ჰორმონის კი – დღისით. დღის ამა თუ იმ მონაკვეთში ჰორმონების დონის ასეთი ცვალებადობა განაპირობებს, ბავშვი ფხიზლად იქნება თუ ეძინება. ეს ახალშობილებში ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

 ბავშვის დაბადების პირველ დღეებში დედის სარძევე ჯირკვლებიდან გამოიყოფა მოყვითალო ფერის სითხე, რომელსაც ხსენი ეწოდება. ხსენი ადვილად მოსანელებელია, გაჯერებულია საკვები ნივთიერებებით და მისი მცირე რაოდენობით მიღებაც კი ჩვილისთვის ძალიან სასარგებლოა. ხსენი მდიდარია ანტისხეულებით, რომლებიც ახალშობილს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან იცავს. ეს სითხე ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაცლას.

 დედას ტყუპებიც რომ ეყოლოს, სადარდებელი არაფერი აქვს, რადგან ორივესთვის სამყოფ რძეს ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს.

 რას ფიქრობთ? დედის რძის უნიკალური თვისებები ევოლუციის შედეგია თუ შემოქმედის დამსახურება?