არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲡ | ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ

ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება და ქორწინება

ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება და ქორწინება

 ხომ არ ფიქრობს თქვენი მეუღლე, რომ სმა ჩვევად გექცათ? თუ ასეა, რამდენიმე საკითხზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ამ სტატიაშია:

 ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება და ქორწინება

 ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს: იწვევს გულის დაავადებებს, ღვიძლის ციროზს და კიბოსაც კი. ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება დიდ საფრთხეს უქმნის ქორწინებას, რადგან ზრდის ძალადობის, ფინანსური პრობლემების, ღალატის და განქორწინების რისკებს.

 ბიბლიის თანახმად, როდესაც ადამიანი ალკოჰოლს ბოროტად იყენებს, ის „გველივით კბენს ... და გველგესლასავით გესლავს“ (იგავები 23:32). როგორ უნდა მიხვდეთ, ხართ თუ არა ალკოჰოლზე დამოკიდებული?

 ალკოჰოლზე დამოკიდებული ხომ არ ხართ?

 ამის დადგენაში ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ:

  •   ხომ არ გიჭირთ იმის კონტროლი, თუ რამდენს სვამთ?

  •   დალევაზე ხშირად ხომ არ ფიქრობთ?

  •   აგრძელებთ სმას მაშინაც კი, თუ ამის გამო პრობლემები გექმნებათ და ეს თქვენს ოჯახზეც აისახება?

  •   თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ, როცა ალკოჰოლისთვის თავის დანებებას ცდილობთ?

  •   სასმელი მეუღლესთან კამათის მიზეზად ხომ არ გექცათ?

  •   ალკოჰოლის ზემოქმედება რომ იგრძნოთ, ადრინდელთან შედარებით მეტს ხომ არ სვამთ?

  •   ჩუმად ხომ არ სვამთ ან სასმელს ხომ არ მალავთ სახლში თუ სამსახურში?

 თუ ერთ-ერთ კითხვას მაინც დადებითად უპასუხეთ, დიდი ალბათობით, ალკოჰოლზე ხართ დამოკიდებული. როდესაც ადამიანი ალკოჰოლს ხშირად და ჭარბად მოიხმარს, ესე იგი ალკოჰოლიზმის პრობლემა აქვს.

 თვალი გაუსწორეთ რეალობას

 ხომ არ წუხს თქვენი მეუღლე იმაზე, რომ ბევრს სვამთ? თუ ასეა, როგორი რეაქცია გაქვთ? ფაქტებს ხომ არ უარყოფთ ან თავს ხომ არ იმართლებთ? შეიძლება სხვებს ადანაშაულებთ, მათ შორის თქვენს მეუღლეს და ასეთ რამეს ეუბნებით:

  •   „კარგად რომ მექცეოდე, არ დავლევდი“.

  •   „ჩემნაირი უფროსი რომ გყავდეს, შენც დაიწყებდი დალევას“.

  •   „იმდენს ვიცნობ, ვინც ჩემზე მეტს სვამს!“.

 თუ შენც ასეთი შეხედულება გაქვს, გამოდის, რომ ქორწინებაზე წინ დალევას აყენებ. სინამდვილეში, რა უფრო მნიშვნელოვანია?

 ბიბლიური პრინციპი: „ცოლიანს კი … აფიქრებს – როგორ ასიამოვნოს ცოლს“ (1 კორინთელები 7:33).

კედელს ნუ აღმართავთ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის. ფაქტების უარყოფის ნაცვლად, გულღიად ესაუბრეთ მას და გაიგეთ, რა აფიქრებს.

 გამოსავალი

  •   უყურადღებოდ ნუ დატოვებთ იმას, რაც თქვენს მეუღლეს აღელვებს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლე უსაფუძვლოდ წუხს ამ საკითხზე, მაინც ღირს რაღაცის შეცვლა. თუ მეუღლის საწუხარს ყურადღებას არ აქცევთ და კვლავ აგრძელებთ სმას, გამოდის, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით მართლა პრობლემა გაქვთ.

     ბიბლიური პრინციპი: „თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

  •   გაიგეთ მეტი. ბრძოლაში გასამარჯვებლად ჯარისკაცს მოწინააღმდეგის ტაქტიკის ცოდნა ეხმარება. მსგავსად ამისა, თუ გვინდა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულები არ გავხდეთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რამ შეიძლება მიგვიყვანოს აქამდე. თუ ალკოჰოლზე უკვე დამოკიდებული ხართ, ისიც უნდა გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ დააღწიოთ თავი ამ პრობლემას.

     ბიბლიური პრინციპი: „დათრგუნეთ ხორციელი სურვილები, რომლებიც გებრძვიან“ (1 პეტრე 2:11).

  •   მიიღეთ დახმარება. ჯანდაცვის არაერთი პროგრამა არსებობს, რომლებიც ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევაში დაგეხმარებათ. მოწიფულ მეგობართან საუბარიც დაგეხმარებათ, გააანალიზოთ, რატომ გახდით ალკოჰოლზე დამოკიდებული. ყოველ ჯერზე, როცა ცდუნების წინაშე იქნებით, შეგიძლიათ მაშინვე დაურეკოთ მას.

    განიხილეთ სამედიცინო დახმარების მიღების საკითხიც.

     ბიბლიური პრინციპი: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები, ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

 ალკოჰოლზე დამოკიდებულება კომპლექსური პრობლემაა, რომელიც მხოლოდ ერთი სტატიის წაკითხვით ვერ მოგვარდება. ვერც იმის თქმა გიშველით, რომ დღეიდან ნაკლებს დალევთ. რაც არ უნდა იყოს, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ალკოჰოლის პრობლემა არა მხოლოდ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ თქვენს ქორწინებაზეც.

 დამატებითი ინფორმაციისთვის: Წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სტატიები და გაიგეთ, Როგორ დაძლიეს სხვებმა ალკოჰოლზე დამოკიდებულება:

 აღარ ვარ სასტიკი და ულმობელი“;

 ღირსების გრძნობა დამიბრუნდა“;

 ქუჩა ჩემი სახლი გახდა“.

 აგრეთვე იხილეთ ვიდეო: „ყველაფერი ყელში ამომივიდა“.