არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ახალ ამბებში გაშუქებულმა შემზარავმა შემთხვევებმა ბავშვს ფსიქიკა არ დაუზიანოს?

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ახალ ამბებში გაშუქებულმა შემზარავმა შემთხვევებმა ბავშვს ფსიქიკა არ დაუზიანოს?

 შემაშფოთებელ ახალ ამბებზე, რომლებსაც კადრებიც ახლავს, მუდმივად მიგვიწვდება ხელი ტელევიზორის, ტელეფონის, პლანშეტური მოწყობილობისა თუ კომპიუტერის მეშვეობით.

 ამ ახალ ამბებს ჩვენი შვილებიც უყურებენ.

 როგორ დავიცვათ შვილები შემზარავი ახალი ამბების მავნე ზეგავლენისგან?

 როგორ მოქმედებს ახალი ამბები ბავშვებზე?

  •   ხშირად ბავშვებზე ახალ ამბებში გაშუქებული შემზარავი შემთხვევები უარყოფითად მოქმედებს. ზოგჯერ ბავშვები არ გამოხატავენ იმ გრძნობებს, რომლებიც ტრაგიკული შემთხვევის ნახვის შედეგად უჩნდებათ. a თუ მშობლები მეტისმეტად განიცდიან ახალ ამბებში გაშუქებულ შემაძრწუნებელ ფაქტს, შესაბამისად, ბავშვებიც უფრო მეტად იძაბებიან და ნერვიულობენ.

  •   ბავშვებმა შეიძლება არაადეკვატურად აღიქვან ახალი ამბები. მაგალითად, ზოგმა ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ ეკრანზე ნანახი განმეორდება და თავისი ოჯახის წევრებსაც მსგავსი რამ შეემთხვევათ. გარდა ამისა, როცა ახალ ამბებში ერთსა და იმავე უბედურ შემთხვევას განმეორებით აჩვენებენ, ბავშვებს შეიძლება ეგონოთ, რომ ეს შემთხვევა რამდენჯერმე ხდება.

  •   ბავშვებმა შეიძლება მეტისმეტად მძაფრად აღიქვან საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემული ახალი ამბები. ბავშვები შესაძლოა ვერ აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ახალი ამბების სააგენტოები მოგებაზე არიან კონცენტრირებული და მათი მიზანი ფართო აუდიტორიის მოზიდვაა. ისინი დრამატულად აშუქებენ მომხდარს, რათა უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მიიპყრონ.

 რა უნდა გავაკეთოთ, რომ ახალ ამბებში გაშუქებულმა შემზარავმა შემთხვევებმა ბავშვს ფსიქიკა არ დაუზიანოს?

  •   განსაზღვრეთ, რას აყურებინებთ შვილებს და რას — არა. ცხადია, ბავშვი რეალობას არ უნდა მოვწყვიტოთ; მას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რა ხდება მის ირგვლივ. თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შემზარავი ახალი ამბების გამუდმებით ყურება თუ მოსმენა, ბავშვს ფსიქიკას დაუზიანებს.

     „ზოგჯერ მე და ჩემი მეუღლე ახალ ამბებში გადმოცემული შემზარავი შემთხვევების დეტალებზე ვსაუბრობთ ხოლმე და ამ დროს ვერც კი ვაცნობიერებთ, როგორ ამძიმებს ეს ინფორმაცია ჩვენს შვილებს“ (მარია).

     ბიბლიური პრინციპი: „წუხილი კაცს გულს უმძიმებს“ (იგავები 12:25).

  •   ყურადღებით მოუსმინეთ და თანაუგრძნეთ. თუ თქვენს შვილს უჭირს მომხდარზე საუბარი, უთხარით, რომ ნახატის მეშვეობით გადმოსცეს საკუთარი განცდები. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ბავშვს მისთვის გასაგები ენით ესაუბრეთ; ნუ მოიხსენიებთ არასაჭირო დეტალებს.

     «როცა ჩვენი ქალიშვილი გულს გვიშლის და საკუთარ გრძნობებზე გვესაუბრება, გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. მას ვერ დავეხმარებით, თუ ასეთ ზოგად ფრაზებს ვეტყვით: „რას ვიზამთ, ესაა ჩვენი ცხოვრება. ამ რეალობას ვერსად გავექცევით“» (სარაი).

     ბიბლიური პრინციპი: „თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას“ (იაკობი 1:19).

  •   დაეხმარეთ შვილებს, რეალურად შეაფასონ ახალ ამბებში გაშუქებული შემთხვევები. მაგალითად, ახალ ამბებში ადამიანის გატაცების ფაქტი შეიძლება ისე გაშუქდეს, რომ თითქოს ამგვარი დანაშაული ყოველდღიურობის ნაწილი იყოს. უთხარით შვილებს, რა ზომებს მიმართავთ იმისათვის, რომ ისინი დაცულნი იყვნენ. აგრეთვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც: თუ უბედური შემთხვევა ახალ ამბებში გადმოიცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი რამ იშვიათად ხდება.

     „ჩვენ შვილებს უარყოფითი ემოციების დაძლევაში ვეხმარებით. როგორც წესი, ემოციებს ფიქრები იწვევს. ამიტომ ჩვენ ბავშვებს ყურადღებას დადებით მხარეებზე ვუმახვილებთ, რის შედეგადაც ისინი თავს უფრო მშვიდად გრძნობენ“ (ლურდესი).

     ბიბლიური პრინციპი: „სიბრძნე კაცის ბაგეს გამჭრიახობას სძენს, მის საუბარს კი დამაჯერებლობას მატებს“ (იგავები 16:23).

a ბავშვის დაძაბულობა შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. მაგალითად, შეიძლება ღამით ძილის დროს ჩაისველოს, სკოლაში წასვლის შეეშინდეს ან მშობლებს გაერიყოს.