ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲡ | ᲛᲨᲝᲑᲚᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ
დაიცავით შვილები პორნოგრაფიისგან
„ვხვდებოდით, რამდენად საშიშია პორნოგრაფია, თუმცა ვერ ვაანალიზებდით, რა მარტივად შეიძლებოდა, ჩვენი ქალიშვილი მსგავს მასალას გადაჰყროდა“ (ნიკოლი).
ამ სტატიაშია:
რა უნდა იცოდეთ
ბავშვები შეიძლება ადრეულ ასაკშივე გაებან პორნოგრაფიის მახეში. კვლევების თანახმად, ბავშვები პირველად საშუალოდ 11 წლის ასაკში ნახულობენ პორნოგრაფიას.
ბავშვები შესაძლოა პორნოგრაფიულ მასალას შემთხვევით გადააწყდნენ. ეს შეიძლება მოხდეს საძიებო სისტემაში რაიმეს ძებნისას, სოციალური მედიის გამოყენებისას ან მაშინ, როცა ბავშვები ონლაინთამაშებით ერთობიან. პორნოგრაფიული მასალა, ძირითადად, ფოტოებისა და ვიდეოების სახითაა გავრცელებული. ამასთანავე, ინტერნეტში მარტივადაა შესაძლებელი ეროტიკული შინაარსის მასალის კითხვა ან მოსმენა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვს მსგავსი სახის მასალა შეიძლება ვიღაცამ გაუგზავნოს რომელიმე აპლიკაციაში შეტყობინების სახით. ერთი კვლევის თანახმად, რომელშიც 900-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, გოგონების თითქმის 90 პროცენტს, ხოლო ბიჭების თითქმის 50 პროცენტს შეტყობინების სახით არაერთხელ მიუღია თანაკლასელებისგან სექსუალური შინაარსის ფოტოები თუ ვიდეოები.
ყველაზე გავრცელებული ძალადობრივი შინაარსის პორნოგრაფიაა. დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს და ადვილად ხელმისაწვდომია ისეთი შინაარსის პორნოგრაფია, რომელიც განსაკუთრებით ქალებზე ძალადობისკენ არის მიმართული.
პორნოგრაფია ზიანს აყენებს ბავშვებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც პორნოგრაფიას უყურებენ . . .
ცუდად სწავლობენ სკოლაში.
ებრძვიან შფოთს, დეპრესიას და უღირსობის გრძნობას.
ფიქრობენ, რომ ნორმალურია, ვინმეს სქესობრივი კავშირის დამყარება აიძულო.
გახსოვდეთ: ბავშვები დაუცველები არიან პორნოგრაფიის მავნე ზეგავლენისგან და მათ დაცვას მშობლებზე მეტად ვერავინ შეძლებს.
ბიბლიური პრინციპი: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე ამაზე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6, 7).
როგორ უნდა დაიცვათ შვილები პორნოგრაფიისგან
იყავით ინფორმირებული. დაფიქრდით, სად და როდის შეიძლება წააწყდეს თქვენი შვილი პორნოგრაფიას. მაგალითად, სკოლაში შესვენების დროს ხომ არ შეიძლება უყუროს მსგავს მასალას, როცა არავინ აკონტროლებს მის წვდომას ინტერნეტზე?
გაარკვიეთ, რა ფუნქციები აქვს მის a ტელეფონს და დააყენეთ შესაბამისი უსაფრთხოების პარამეტრები. გაიგეთ, რა აპლიკაციები და თამაშები აქვს ჩამოტვირთული. ზოგ აპლიკაციას აქვს ფუნქცია, მაშინვე წაიშალოს პორნოგრაფიული ხასიათის შეტყობინებები, სურათები და ვიდეოები. გაითვალისწინეთ, რომ დღითი დღე ისეთი ონლაინთამაშები ხდება პოპულარული, რომლებიც საშუალებას იძლევა, უყურო პორნოგრაფიას ან თამაშის დროს ვირტუალური სექსით დაკავდე.
„პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ იყენებს თქვენი შვილი სმარტფონს და როგორ ჩართოთ მის ტელეფონში ფუნქცია, რომ თვალი ადევნოთ, რომელ ვებგვერდებს ათვალიერებს და რისთვის იყენებს მოწყობილობას“ (დავიდი).
ბიბლიური პრინციპი: „გონიერი ცოდნას იძენს“ (იგავები 18:15).
მაქსიმალურად ეცადეთ შვილის დაცვას. ყველა საჭირო ზომა მიიღეთ საფრთხის თავიდან ასარიდებლად. მაგალითად, როგორც თქვენი შვილის ტელეფონზე, ისე სახლში ყველა მოწყობილობაზე დააყენეთ ისეთი პარამეტრები, რომლებიც დაბლოკავს უხამსი შინაარსის მასალას. ამასთანავე, გააქტიურეთ ფუნქცია „მშობელთა კონტროლი“ და გაიგეთ თქვენი შვილის ყველა პაროლი.
«ჩემთვის დამხმარე აღმოჩნდა „მშობელთა კონტროლის“ გააქტიურება და მისი ტელეფონის პაროლის ცოდნა. გარდა ამისა, ყოველთვის ვაკონტროლებ, რაზე აქვს წვდომა ჩემს შვილს სმარტ ტელევიზორში» (მაურიციო).
„ჩემს შვილებს უფლებას არ ვაძლევ, რომ ვიდეოების ყურებისას ოთახის კარი დაკეტონ ან ძილის წინ ელექტრონული მოწყობილობები საძინებელში შეიტანონ“ (ჯანლუკა).
ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება“ (იგავები 22:3).
წინასწარ მოამზადეთ თქვენი შვილი. „ზოგი მშობელი ერიდება ბავშვთან პორნოგრაფიაზე საუბარს და დარწმუნებულია, რომ მათი შვილები ამ პრობლემის წინაშე არასდროს აღმოჩნდებიან“, — აღნიშნავს ფლავია. ზოგი მშობელი იმაზეც ღელავს, რომ, თუ შვილს ამ საკითხზე დაელაპარაკება, ის უფრო მეტად დაინტერესდება და ინფორმაციის მოძიებას შეეცდება. თუმცა ასეთი მიდგომა არაგონივრულია. გონიერი მშობელი წინასწარ შეამზადებს შვილს იმ საფრთხისთვის, რასაც პორნოგრაფიის ყურება იწვევს. როგორ შეგიძლიათ შვილების წინასწარ მომზადება?
პატარა ასაკშივე ასწავლეთ შვილებს, რა უნდა გააკეთონ, თუკი უხამსი შინაარსის მასალას წააწყდებიან. მაგალითად, მაშინვე დახუჭონ თვალები ან გამორთონ მოწყობილობა. უთხარით მათ, რომ თქვენ დაგელაპარაკონ იმის შესახებ, რასაც დაინახავენ ან მოისმენენ. b
„ჩვენს ვაჟთან პორნოგრაფიის საფრთხეზე საუბარი მაშინ დავიწყეთ, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. დაახლოებით 11 წლის იქნებოდა, ტელეფონზე ჩამოტვირთულ თამაშში პორნოგრაფიული ხასიათის რეკლამა რომ ამოუვარდა. იქვე მოთხოვნა მიუვიდა, რომ საკუთარი სურათები გაეგზავნა. ჩემი ვაჟი მაშინვე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რაც მოხდა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ ამაზე უკვე ნამსჯელი გვქონდა და იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა“ (მაურიციო).
ბიბლიური პრინციპი: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს, და ის სიბერეშიც კი არ გადავა ამ გზიდან“ (იგავები 22:6).
ასწავლეთ მოზარდ შვილებს, როგორ მოიქცნენ, თუ ცდუნების წინაშე აღმოჩნდებიან, რომ უყურონ, მოუსმინონ ან წაიკითხონ პორნოგრაფიული ხასიათის მასალა. მაგალითად, შვილთან ერთად ფურცელზე ჩამოწერეთ, რა უნდა გააკეთოს, თუ საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და რატომ უნდა ჰქონდეს ასე მოქცევის სურვილი. ისიც ჩამოწერეთ, რა შედეგებს მოუტანს, თუ პორნოგრაფიას უყურებს, მაგალითად, დაკარგავს საკუთარი თავის პატივისცემასა და მშობლების ნდობას და გაიფუჭებს ღმერთთან ურთიერთობას. c
„ასაკის მატებასთან ერთად მეტად დააფიქრეთ შვილები, რომ პორნოგრაფიის ყურება მთელ მათ ცხოვრებაზე მოახდენს უარყოფით გავლენას. ამის ცოდნა კი დაეხმარება მათ, გაუმკლავდნენ ცდუნებას“ (ლორეტა).
„პატარებს უფრო გაუმარტივდებათ, უარი თქვან პორნოგრაფიის ყურებაზე, თუკი დავანახვებთ, რომ მას მხოლოდ ცუდი შედეგები კი არ მოაქვს, არამედ იეჰოვასაც ვტკენთ გულს“ (დავიდი).
ბიბლიური პრინციპი: „სიბრძნე იცავს“ (ეკლესიასტე 7:12).
ისაუბრეთ ხშირად. როგორი რთული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, ბავშვებს ძალიან სურთ მშობლებთან ინტიმურ საკითხებზე საუბარი, მათ შორის პორნოგრაფიაზე. ინგლისის ბავშვთა კომისარი რეიჩელ დე სუზა აღნიშნავს: „ბავშვებს ამ საკითხზე ადრეული ასაკიდანვე უნდა ვესაუბროთ და თანაც ხშირად. აუცილებელია, რომ ზრდასთან ერთად მათი ასაკის შესაბამისად მოხდეს ინფორმაციის მიწოდება“.
„პატარა რომ ვიყავი, ზოგიერთ საკითხზე მშობლები ჩემთან არ საუბრობდნენ. არადა ძალიან მინდოდა, მათთან გახსნილი და თავისუფალი საუბარი მქონოდა. ახლა მეც დედა ვარ და ვცდილობ, ვესაუბრო ხოლმე ჩემს შვილს ინტიმურ საკითხებზე და ეს მშვიდად გავაკეთო“ (ფლავია).
თუ თქვენი შვილი პორნოგრაფიულ მასალას წააწყდა
შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ გაიგებთ, რომ თქვენი შვილი პორნოგრაფიული ხასიათის მასალას უყურებს, კითხულობს ან უსმენს, ეცადეთ, გააკონტროლოთ თქვენი რეაქცია. გაითვალისწინეთ, რომ ამის გამო ის შეიძლება ძალიან შეწუხებული და დანაღვლიანებულია და თავს დამნაშავედ გრძნობს. ამიტომ, თუ მძაფრი რეაქცია გექნებათ, შეიძლება თავი უარესად აგრძნობინოთ და მომავალში თქვენთან საუბრის სურვილი დაუკარგოთ.
ბიბლიური პრინციპი: „მცოდნე კაცი თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 17:27).
გაერკვიეთ სიტუაციაში. სანამ დასკვნებს გააკეთებთ, ჯერ ჰკითხეთ შვილს, როგორ წააწყდა პორნოგრაფიას. მაგალითად, გაიგეთ: ვინმემ გაუგზავნა სურათი თუ თავად მოძებნა ის? მხოლოდ ერთხელ უყურა პორნოგრაფიას, თუ ეს მანამდეც მომხდარა? არის მის მოწყობილობაში გააქტიურებული უხამსი მასალის ფილტრი ან „მშობელთა კონტროლი“? მათთვის გვერდის ავლა ხომ არ უცდია? გახსოვდეთ, თქვენი მიზანი შვილის გრძნობებში გარკვევა უნდა იყოს და არა მისი დაკითხვა.
ბიბლიური პრინციპი: „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5).
იმოქმედეთ. თუ თქვენი შვილი შემთხვევით წააწყდა პორნოგრაფიულ მასალას, შეიძლება საჭირო იყოს მის მოწყობილობაში უხამსი მასალის ფილტრის ან „მშობელთა კონტროლის“ გააქტიურება.
თუ გაიგებთ, რომ თქვენმა შვილმა შეგნებულად მოძებნა პორნოგრაფიული მასალა, სიყვარულით, თუმცა მტკიცედ შეაგონეთ. ეცადეთ, გაუძლიეროთ შვილს იმის სურვილი, რომ არ უყუროს პორნოგრაფიას. ამაში დაგეხმარებათ მასთან ისეთ ბიბლიურ მუხლებზე მსჯელობა, როგორებიცაა, მაგალითად, იობის 31:1, ფსალმუნის 97:10 და 101:3. d უთხარით მას, რომ ყოველკვირა დაელაპარაკებით ამ საკითხზე და ჰკითხავთ, როგორ ართმევს თავს ამ სირთულეს და ერთად იმსჯელებთ, კიდევ რამის გაკეთება ხომ არ არის საჭირო.
ბიბლიური პრინციპი: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4).
a ამ სტატიაში მოცემული რჩევები ეხება როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს.
b თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ მისცეთ თქვენს შვილებს მათი ასაკისთვის შესაფერისი სექსუალური განათლება, გაეცანით სტატიას „რა უნდა ასწავლონ მშობლებმა შვილებს სექსზე?“.
c გაეცანით სამუშაო ფურცელს „როგორ ავარიდო თავი პორნოგრაფიას“ და გაიგეთ, კიდევ რა შეგიძლიათ ჩამოწეროთ ფურცელზე.
d შვილთან ერთად გაეცანით სტატიას „რატომ უნდა ავარიდო თავი პორნოგრაფიას?“.