რჩევები ოჯახებს | ქორწინება
როგორ მივუჩინოთ სამუშაოს თავისი ადგილი?
დღევანდელი ტექნოლოგიების ეპოქაში თქვენი დამსაქმებელი, თანამშრომელი ან კლიენტი შეიძლება ფიქრობს, რომ თავისუფლად შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენთან დაკავშირება. ამის გამო შეიძლება არც ისე ადვილი იყოს ზღვარის გავლება სამუშაოსა და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებს, მაგალითად, ქორწინებას შორის.
რა უნდა იცოდეთ
ელექტრონული მოწყობილობების გამო შეიძლება გაგიჭირდეთ ზღვარის გავლება სამუშაოსა და ქორწინებას შორის. არასამუშაო საათებში თითოეული ზარის, იმეილის ან ტექსტური შეტყობინების მიღებისას შეიძლება ჩათვალოთ, რომ საქმე გადაუდებელია და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.
„ზოგჯერ, როცა სამუშაოსთან დაკავშირებული იმეილები და ზარები სახლში მოგყვება, ოჯახთან ერთად დროის გატარება შეუძლებელი ხდება. ამ დროს ოჯახი უკანა პლანზე გადადის“ (ჯენეტი).
სამუშაო და ოჯახი ერთმანეთისგან რომ გამიჯნოთ, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ. თუ ზომებს წინასწარ არ მიიღებთ, დიდი ალბათობით, სამუშაო თქვენს ქორწინებას დაჩრდილავს.
„პირველი, ვისაც ამ დროს უგულებელყოფ, მეუღლეა, რადგან ფიქრობ, რომ ის მაინც გაგიგებს, გაპატიებს. მისთვის მერეც მოიცლი“ (ჰოლი).
როგორ უნდა გავაწონასწოროთ სამსახურებრივი და ოჯახური პასუხისმგებლობები
ქორწინება სამსახურზე წინ დააყენეთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6). თუ ადამიანს არ აძლევთ იმის უფლებას, რომ მეუღლეს დაგაშოროთ, მაშ, სამსახურს რატომ უნდა მისცეთ ამის საშუალება?!
„ზოგი კლიენტი ფიქრობს, რომ, რადგან ფულს გიხდის, ნებისმიერ დროს შეუძლია შენთან დაკავშირება. კარგად მესმის, რომ ოჯახი სამუშაოზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ ვეუბნები, რომ არასამუშაო საათების დროს ვერ ვუპასუხებ და როგორც კი მოვახერხებ, მაშინვე დავუკავშირდები“ (მარკი).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ჩანს ჩემი საქციელიდან, რომ ჩემთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამსახური?“.
ზოგჯერ უარი თქვით სამუშაოზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2). მოკრძალებულობა დაგეხმარებათ, რომ ზოგჯერ უარი თქვათ დამატებით სამუშაოზე ან საქმე სხვებს გადააბაროთ.
„პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. ზოგჯერ მირეკავენ და მეუბნებიან, რომ სასწრაფოდ სჭირდებათ ჩემი დახმარება. თუ იმ დროს მისვლა არ შემიძლია, მაშინ ჩემი თანამშრომლის ნომერს ვაძლევ“ (კრისტოფერი).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მაქვს დღის განრიგში მეუღლისთვის გამოყოფილი დრო? როგორი იქნებოდა ჩემი მეუღლის პასუხი ამავე კითხვაზე?“.
დაგეგმეთ, როდის გაატარებთ დროს ერთად. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1). თუ სამსახურში ძალიან დაკავებული ხართ, აუცილებელია, წინასწარ დაგეგმოთ, როდის გამოყოფთ დროს მეუღლისთვის.
„როცა ყველა საქმე ერთდროულად იჩენს ხოლმე თავს, მე და ჩემი მეუღლე წინასწარ ვთანხმდებით, როდის გავატარებთ დროს ერთად, იქნება ეს უბრალოდ ერთად სადილობა თუ სანაპიროზე გასეირნება. მთავარია, გარკვეული დრო ერთად გავატაროთ“ (დებორა).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მაქვს დღის განრიგში მეუღლისთვის გამოყოფილი დრო? როგორი იქნებოდა ჩემი მეუღლის პასუხი ამავე კითხვაზე?
გამორთეთ ელექტრონული მოწყობილობები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). შეგიძლიათ ზოგჯერ საერთოდ გამორთოთ ელექტრონული მოწყობილობები და დაივიწყოთ სამუშაო?
„დიდი ძალისხმევის ფასად მივაღწიე იმას, რომ სამუშაო დაგეგმილ დროს დავასრულო. არასამუშაო საათებში სამსახურიდან მიღებულ შეტყობინებებს აღარ ვპასუხობ“ (ჯერემი).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ჩემს უფროსს ან კლიენტს ნებისმიერ დროს მოვემსახურო? როგორი იქნებოდა ჩემი მეუღლის პასუხი ამავე კითხვაზე?“.
დაუშვით გამონაკლისები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). ბუნებრივია, სამუშაო დროდადრო შემოიჭრება თქვენს ქორწინებაში. მაგალითად, შეიძლება თქვენს მეუღლეს ისეთი სამსახური აქვს, რომ არასამუშაო საათებშიც კონტაქტზე უნდა იყოს. კეთილგონიერება დაგეხმარებათ, არ მოსთხოვოთ მეუღლეს იმის გაკეთება, რაც მას არ შეუძლია.
„ჩემს ქმარს მცირე ბიზნესი აქვს. ამიტომ ხშირად სამუშაოს შემდეგაც უწევს გადაუდებელი საქმეების მოგვარება. ზოგჯერ ეს გამაღიზიანებელია, მაგრამ დროის დიდ ნაწილს მაინც ერთად ვატარებთ. ასე რომ, არაუშავს“ (ბევერლი).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხედავს ჩემი მეუღლე, რომ ვაფასებ მის შრომას და არ ვარ ზედმეტად მომთხოვნი? როგორი იქნებოდა ჩემი მეუღლის პასუხი ამავე კითხვაზე?“.
კითხვები მსჯელობისთვის
თავიდან შეგიძლიათ ცალ-ცალკე გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს, შემდეგ კი პასუხებზე ერთად იმსჯელეთ.
დაუჩივლია თქვენთან მეუღლეს იმის გამო, რომ სამუშაოს საქმეებს სახლშიც აკეთებთ? ფიქრობთ, რომ მართალია?
კონკრეტულად რაში გჭირდებათ გაუმჯობესება, როცა საქმე ეხება სამსახურებრივი და ოჯახური პასუხისმგებლობების გაწონასწორებას?
გიფიქრიათ ოდესმე, რომ თქვენი მეუღლე საჭიროზე მეტ დროს უთმობს სამუშაოს? შეგიძლიათ კონკრეტული შემთხვევების გახსენება?
გსურთ, თქვენმა მეუღლემ ცვლილებები მოახდინოს, რათა უკეთ გააწონასწოროს სამსახურებრივი და ოჯახური პასუხისმგებლობები?