ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲡ | ᲛᲨᲝᲑᲚᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ
როცა მოზარდს სიცოცხლე აღარ სურს
ბოლო დროს ზოგ ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მოზარდებში საგრძნობლად იმატა. რა არის ამის მიზეზი? თქვენს შვილსაც ხომ არ მოსდის სუიციდური ფიქრები?
ამ სტატიაშია:
რატომ უნდა გამოიჩინონ მშობლებმა სიფრთხილე?
2009—2019 წლებში შეერთებულ შტატებში 40%-ით გაიზარდა იმ მოზარდთა რიცხვი, რომელთაც დეპრესიის ნიშნები აღენიშნებათ და თვითმკვლელობაზე ფიქრობენ. a
„ახალი თაობა სრულიად უჩვეულო პრობლემებს ხვდება, რაც მენტალურ ჯანმრთელობაზეც უარყოფით გავლენას ახდენს“ (აშშ-ის მთავარი ქირურგი ვივეკ მურტი).
ბიბლიური პრინციპი: „მწუხარე სული ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22).
როგორ უნდა შეაფასონ მშობლებმა რისკები?
დაფიქრდით ქვემოთ მოცემულ საკითხებზე:
გარემოება. რაიმე ტრაგიკული ხომ არ მოხდა თქვენი შვილის ცხოვრებაში, მაგალითად, ვინმემ ზურგი აქცია, ძვირფასი ადამიანი დაეღუპა, სასიყვარულო ურთიერთობა შეწყვიტა ან რაღაცაში წარმატებას ვერ მიაღწია? ამ ყველაფერმა შესაძლოა იმაზე დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს შვილზე b, ვიდრე წარმოგიდგენიათ!
ქცევა. ურთიერთობა ხომ არ შეწყვიტა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ან საყვარელი საქმის მიმართ ხომ არ დაკარგა ინტერესი?
საუბარი. ხშირად ხომ არ საუბრობს სიკვდილზე, მაგალითად, ამბობს: „ნეტავ მოვკვდე! რომ არ ვარსებობდე, უფრო კარგი იქნებოდა“, ან ხომ არ აღნიშნავს ხოლმე, რომ აღარ სურს, ტვირთად დაგაწვეთ?
ფაქტია, ზოგჯერ შვილმა შეიძლება რაღაც დაუფიქრებლად თქვას (იობი 6:3). თუმცა მისი ნათქვამი შესაძლოა ერთგვარი თხოვნაც კი იყოს, რომ მას დაეხმაროთ. ამიტომ ნებისმიერი სიგნალი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული მშობლის მხრიდან და არ უნდა მოხდეს საფრთხის უგულებელყოფა.
თუ მისი პასუხი დადებითი იქნება, ჰკითხეთ: „როდის და როგორ აპირებ ამის გაკეთებას?“. მისი პასუხი მიგახვედრებთ, რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა.
„მშობლებმა შეიძლება იმიტომ შევიკავოთ თავი კითხვების დასმისგან, რომ პასუხები გვაშინებდეს. თუმცა ეს ერთადერთი საშუალებაა, გავიგოთ, რას გრძნობენ ჩვენი შვილები სინამდვილეში“ (სანდრა).
ბიბლიური პრინციპი: „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5).
რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს შვილს სუიციდური ფიქრები აწუხებს?
იყავით მომთმენები და გაიგეთ, რას განიცდის თქვენი შვილი. პირველ რიგში, შეაქეთ გულწრფელობისთვის, შემდეგ კი ჰკითხეთ: „რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რამე მოხდა?“ ან „შეგიძლია უფრო კონკრეტულად მითხრა, რას გრძნობ?“.
ყურადღებით მოუსმინეთ, აგრძნობინეთ, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია მისი გრძნობები და მაშინვე დარიგებას ნუ დაუწყებთ.
ბიბლიური პრინციპი: „თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას ან გაბრაზებას“ (იაკობი 1:19).
შეიმუშავეთ კარგი გეგმა. შვილთან ერთად იმსჯელეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებზე.
გამაფრთხილებელი ნიშნები. ძირითადად, როდის იწყებს თვითმკვლელობაზე ფიქრს?
დამხმარე აქტივობები. რით უნდა დაკავდეს, რომ სტრესის დონემ დაიწიოს და შეწყვიტოს თავის მოკვლაზე ფიქრი?
სხვების მხარდაჭერა. სხვების ჩარევაც ხომ არაა საჭირო, მაგალითად, ფსიქოლოგის ან ზრდასრული სანდო მეგობრის? შეიძლება მას სუიციდის პროგრამაში ჩართვაც დაეხმაროს.
ბიბლიური პრინციპი: „მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება“ (იგავები 21:5).
არ მოადუნოთ ყურადღება. მაშინაც კი, როცა პროგრესი შეიმჩნევა, აკონტროლეთ სიტუაცია.
„როცა ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ თვითმკვლელობაზე აღარ ფიქრობდა, მეგონა, ყველაფერი მოგვარდა. მაგრამ მწარედ შევცდი. ადამიანი მოულოდნელად შეიძლება სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეს და კვლავ სუიციდზე დაიწყოს ფიქრი“ (დენიელი).
ყველანაირად ეცადეთ, დაეხმაროთ მოზარდს იმის გააზრებაში, რომ ეს ყველაფერი დროებითია. ერთ წიგნში აღნიშნულია: „ეს გრძნობა ამინდს ჰგავს. თავსხმა წვიმაში ვერ უგულებელყოფ, რომ წვიმს და ვერც იმ ფაქტს გამორიცხავ, რომ მზე აუცილებლად გამოვა“ („The Whole-Brain Child“).
დაარწმუნეთ მხარდაჭერაში. უთხარით შვილს, რომ გიყვართ და შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. შეგიძლიათ ასეთი რამ უთხრათ: „რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ შენ დასახმარებლად“.
ბიბლიური პრინციპი: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).