გულთბილად გეპატიჟებით შეერთებული შტატების ბეთელის კომპლექსების დასათვალიერებლად!
„არასდროს დაგვავიწყდება ბეთელში გატარებული წუთები“, — თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს ერთი წყვილი ვანუატუდან, რომლებმაც მოინახულეს იეჰოვას მოწმეების ბეთელის კომპლექსები შეერთებულ შტატებში. ყოველწლიურად ამ კომპლექსებს ათიათასობით ადამიანი ინახულებს და მათაც მსგავსი გრძნობები ეუფლებათ.
თქვენ თუ დაგითვალიერებიათ შეერთებული შტატების ბეთელის კომპლექსები? თუ არა, მაშინ გულთბილად გეპატიჟებით.
რას ნახავთ ბეთელის სამ კომპლექსში?
მსოფლიო მთავარი სამმართველო, უორიკი, ნიუ-იორკი. დაათვალიერეთ სამი გამოფენა ექსკურსიამძღოლის გარეშე. გამოფენიდან „ბიბლია და ღვთის სახელი“, სადაც წარმოდგენილია ბიბლიის იშვიათი ექსპონატები, გაიგებთ, თუ როგორ შემორჩა ბიბლიურ მუხლებში ღვთის სახელი. მეორე გამოფენაზე, „ხალხი ღვთის სახელისთვის“, წარმოდგენილია თვალსაჩინოებები იეჰოვას მოწმეების ისტორიიდან; ხოლო მესამე გამოფენა „მთავარი სამმართველო — ცოცხალი რწმენა“ წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორ უწევენ იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას კრების შეხვედრებს, ბიბლიის გამოკვლევას, ბიბლიური ცნობის ქადაგებას და აგრეთვე, როგორ ავლენენ სიყვარულს თანამორწმუნეების მიმართ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ 20-წუთიანი ექსკურსიის დროს გიდის თანხლებით დაათვალიეროთ მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა და მიმდებარე ტერიტორია.
„საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრი, პატერსონი, ნიუ-იორკი. ექსკურსიის დროს თქვენ მეტს გაიგებთ ისეთი სკოლების შესახებ, როგორიცაა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ და სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისა და მათი ცოლებისთვის. თქვენ ნახავთ საინტერესო სტენდებსა და ვიდეორგოლებს, სადაც ნაჩვენებია, რა სამუშაოები სრულდება მხატვრული გაფორმებისა და აუდიო-ვიდეო განყოფილებებში.
სტამბა და გზავნილთა განყოფილება, უოლკილი, ნიუ-იორკი. ექსკურსიამძღოლი დაგათვალიერებინებთ სტამბას და აგიხსნით, როგორ იბეჭდება ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა, აგრეთვე, როგორ ხდება მათი აკინძვა და ტრანსპორტირება მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით, კარიბის კუნძულებსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
როგორ დავჯავშნო ექსკურსია?
თუ ფილიალის დათვალიერება გსურთ, გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ ექსკურსია. ეს შესაძლებელია ამავე ვებ-გვერდზე, განყოფილებაში ექსკურსიები ფილიალებში > ინფორმაცია ფილიალებში ექსკურსიის შესახებ. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია შეერთებულ შტატებში არსებული ბეთელის კომპლექსების ადგილმდებარეობისა და ექსკურსიების ხანგრძლივობის შესახებ.
ვინ არიან ექსკურსიამძღოლები?
ექსკურსიამძღოლობას ბეთელის სხვადასხვა განყოფილებებში მომუშავე ჩვენი თანაქრისტიანები გაგიწევენ. ისინი თვლიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად ეს ექსკურსიებიც მოწმეების მსოფლიო საგანმანათლებლო საქმეს ემსახურება. ექსკურსიები არაერთ ენაზე ტარდება.
მოგიწევთ ექსკურსიაში ფულის გადახდა?
ექსკურსიები უფასოა.
აუცილებელია იეჰოვას მოწმე იყო, ბეთელის კომპლექსები რომ დაათვალიერო?
რა თქმა უნდა, არა. ბეთელის კომპლექსებს არაერთი სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი ათვალიერებს. ეს ექსკურსიები დაეხმარება როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე სხვებს, მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ როგორ ეწევა მოწმეების მსოფლიო საქმიანობას ორგანიზება.
ერთმა მუსლიმანმა ქალბატონმა, რომელიც ინდოეთიდანაა, დაათვალიერა ჩვენი ფილიალი პატერსონში. ექსკურსიის შემდეგ მან აღნიშნა: „მინდა, მეც თქვენ შორის ვიყო. დიდი მადლობა, გულისხმიერებისთვის!“.
ბავშვებიც შეგიძლიათ წამოიყვანოთ?
რა თქმა უნდა. ბეთელში სტუმრობამ შესაძლოა ბავშვებზე წარუშლელი კვალი დატოვოს. ჯონი, რომელიც შეერთებული შტატებიდანაა, გვიზიარებს: „ჩვენი ჯგუფის ბავშვები იმდენად აღტაცებულები იყვნენ, რომ მთელი გზა ვერ ჩუმდებოდნენ. ექსკურსიამდე მათ ბევრი არაფერი იცოდნენ ბეთელში მსახურების შესახებ, მაგრამ ახლა, როცა ამდენი რამ გაიგეს, ბეთელში მსახურება დაისახეს მიზნად“.
შესაძლებელია იეჰოვას მოწმეების ფილიალების დათვალიერება სხვა ქვეყნებში?
დიახ, იეჰოვას მოწმეთა ფილიალებს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ ესტუმროთ. თქვენ შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე იხილოთ ინფორმაცია ფილიალების ადგილმდებარეობისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა დეტალების თაობაზე. გულთბილად გეპატიჟებით ჩვენი ფილიალების დასათვალიერებლად!