არჩეულ მასალაზე გადასვლა

ყველაზე გამძლე ბიბლია

ყველაზე გამძლე ბიბლია

იეჰოვას მოწმეებისთვის ბიბლიაზე ძვირფასი წიგნი არ არსებობს. ისინი მას ხშირად იყენებენ პირადი შესწავლისა თუ ქადაგების დროს (მათე 24:14). ასეთი ხშირი ხმარების გამო მათ ბიბლიები მალე უცვდებათ. ამიტომ იეჰოვას მოწმეებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (2013 წლის გამოცემა) ლამაზიც ყოფილიყო და გამძლეც.

ეს ბიბლია მტკიცე და გამძლე იმიტომ უნდა ყოფილიყო, რომ რაც შეიძლება დიდხანს მომსახურებოდა მფლობელს. როდესაც უოლკილის (ნიუ-იორკი, აშშ) სტამბიდან რამდენიმე იეჰოვას მოწმე ამის თაობაზე ერთ-ერთი საამკინძაოს დირექტორს გაესაუბრა, მან ასეთი რამ თქვა: „ისეთი ბიბლიების დამზადება, როგორიც თქვენ გინდათ, შეუძლებელია. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ თანამედროვე ბიბლიების უმეტესობას მხოლოდ ლამაზი იერსახე აქვს და თაროების დასამშვენებლად თუ გამოდგება, სიმტკიცითა და გამძლეობით კი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან“.

თვალს თუ გადავავლებთ ისტორიას, დავინახავთ, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ზოგიერთი ძველი გამოცემაც არ იყო გამძლე. ეს ბიბლიები ადვილად კარგავდა ფორმას; მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, სადაც ცხელი კლიმატური პირობებია, ზოგჯერ ისინი შუაზე იხსნებოდა, ხოლო მათი ყდები სკდებოდა. სტამბაში საგამომცემლო საქმით დაკავებულმა მოწმეებმა კარგად შეისწავლეს ის მასალები, რომლითაც ყდები მზადდებოდა და აგრეთვე დასაწებებელი საშუალებები; ისინი აკინძვის სხვადასხვა მეთოდსაც გაეცნენ. ამ დაკვირვებების საფუძველზე მათ ბიბლიის რამდენიმე საცდელი ვერსია გამოსცეს, რომლებიც ისეთ ქვეყნებში გაგზავნეს, სადაც ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული კლიმატური პირობებია.

ექვს თვეში ეს ბიბლიები უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც მოწმეებმა უფრო დახვეწეს თავიანთი გამოცემა და კვლავ გამოსაცდელად გაგზავნეს. მთლიანობაში მათ 1 697 ბიბლიაზე მოახდინეს დაკვირვება. დაკვირვებების დროს სხვადასხვა შემთხვევები დაფიქსირდა. მაგალითად, ერთ იეჰოვას მოწმეს ბიბლია წვიმიან ამინდში მთელი ღამე გარეთ დარჩა; სხვის ბიბლიას კი ტაიფუნის შედეგად მოვარდნილმა წყალმა გადაუარა. ამ და სხვა მსგავსმა შემთხვევებმა ბევრი რამ გამოაშკარავა წიგნის გამძლეობის შესახებ.

2011 წელს, მაშინ როცა ბიბლიებზე დაკვირვებებს აწარმოებდნენ, მოწმეებმა უოლკილსა და ებინაში (იაპონია) განთავსებული სტამბებისთვის მაღალსიჩქარიანი მანქანა-დანადგარები შეიძინეს, რომელთა საშუალებითაც აკინძავდნენ და ყდაში ჩასვამდნენ ბიბლიებს. მათ მიზნად ჰქონდათ, ორივე სტამბაში ზუსტად ერთნაირი ბიბლიები დაებეჭდათ და წლიური შეხვედრისთვის ინგლისურ ენაზე მათი საჭირო რაოდენობით გამოცემა მოესწროთ.

ფორმადაკარგული ბიბლიები

2012 წლის დასაწყისში იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ ორ სტამბაში დაიწყეს ბიბლიების („ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 1984 წლის გამოცემა) გამოცემა შავი და მუქი შინდისფერი პოლიურეთანის ყდით. ამ ბიბლიების გამოსაცემად მათ გამოიყენეს ისეთი წებო და სასარჩულე მასალა, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ გამოცდილი; როგორც კი ბიბლიას ყდა გაუკეთეს, მან მაშინვე ფორმა დაკარგა და საგრძნობლად მოიჭმუჭნა. ამ პრობლემის აღმოფხვრის ყველანაირი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

როგორც ყდების დასამზადებელი მასალის ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რბილყდიანი წიგნები მეტწილად ფორმას კარგავენ და ეს პრობლემა არცთუ ისე ადვილი გადასაჭრელია. მიუხედავად ამისა, მოწმეებმა ხელი არ ჩაიქნიეს და არ იფიქრეს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ისევ მაგარყდიანი ბიბლიების გამოცემა იყო; ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ისეთი რბილყდიანი ბიბლია გამოეცათ, რომელიც დრეკადიც იქნებოდა და არც მალე დაკარგავდა თავდაპირველ პეწს. ოთხი თვის განმავლობაში ისინი აწარმოებდნენ დაკვირვებებს — იყენებდნენ სხვადასხვა სახის წებოსა და სასარჩულე მასალას, რის შედეგადაც მიაგნეს ისეთ კომბინაციას, რომელმაც გაამართლა. მათი შეუპოვრობის წყალობით, დღეს ჩვენ გვაქვს რბილყდიანი ბიბლია, რომელიც დრეკადიცაა და არც მალე დაკარგავს ფორმას.

ბიბლიების გამოცემა დროებით შეჩერდა

2012 წლის სექტემბერში იეჰოვას მოწმეების სტამბებში შეწყდა ბიბლიის ძველი თარგმანის გამოცემა; მოწმეების მიზანი იყო, ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემამდე არსებული მარაგი ამოეწურათ. ბიბლიის გადამუშავებული თარგმანის გამოცემა 2013 წლის 5 ოქტომბრისთვის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიურ შეხვედრაზე იგეგმებოდა.

2013 წლის 9 აგვისტოს, პარასკევს, ბიბლიის გადამუშავებული თარგმანის ელექტრონული ვერსია ჩვენს სტამბებში გაიგზავნა, სადაც მეორე დღიდანვე შეუდგნენ ბეჭდვას. 15 აგვისტოსთვის უკვე მზად იყო მთლიანი ბიბლიის პირველი ეგზემპლარი. შემდეგი შვიდი კვირის მანძილზე უოლკილისა და ებინას სტამბებში მოწმეები ერთმანეთის მონაცვლეობით 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რის შედეგადაც ბიბლიის 1 600 000 ეგზემპლარი დაბეჭდეს. ეს რაოდენობა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველას, ვინც წლიურ შეხვედრას მოისმენდა, ამ თარგმანის პირადი ეგზემპლარი მიეღო.

რა თქმა უნდა, ეს ახალი ბიბლია ლამაზიცაა და გამძლეც, მაგრამ მას განსაკუთრებულად ღირებულს მასში ჩაწერილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა ხდის. ერთმა ქალბატონმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ახალი ბიბლიის მიღებიდან მეორე დღესვე ასეთი სიტყვები მოგვწერა: „ამ ახალი გამოცემის წყალობით, უკეთ ვიგებ წაკითხულს“.