კვებეკურ ჟესტურ ენაზე კიდევ უფრო მეტი პუბლიკაცია მზადდება
აღმოსავლეთ კანადის ფრანგულენოვან ტერიტორიაზე მცხოვრები ყრუ-მუნჯი ადამიანების უმეტესობა კვებეკურ ჟესტურ ენაზე ლაპარაკობს. a ვინაიდან ყრუ-მუნჯი მოსახლეობის რაოდენობა 6 000-ს არ აღემატება, მათ ენაზე მხოლოდ რამდენიმე პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი. თუმცა იმისათვის, რომ ადამიანებს ბიბლიის გაგებაში დაეხმარონ, ბოლო დროს იეჰოვას მოწმეები ძალისხმევას არ იშურებენ კვებეკურ ჟესტურ ენაზე პუბლიკაციების დასამზადებლად, რომლებსაც ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობენ.
გავეცნოთ მარსელის შემთხვევას და გავიგოთ, რატომ გახდა აუცილებელი ამ ენაზე პუბლიკაციების მომზადება. მარსელი 1941 წელს კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, კვებეკში, დაიბადა. ის ორი წლის იყო, როცა მენინგიტით დაავადდა და სმენა დაკარგა. მარსელი გვიყვება: „9 წლის ასაკში სმენადაქვეითებულთა სკოლაში დავიწყე სიარული, სადაც კვებეკური ჟესტური ენა ვისწავლე. იმ დროს ამ ენის შესასწავლად რამდენიმე სახელმძღვანელო პუბლიკაციის გარდა სხვა არანაირი პუბლიკაცია არ არსებობდა“.
რატომ არის აუცილებელი კვებეკურ ჟესტურ ენაზე პუბლიკაციების გამოცემა? ამ კითხვაზე მარსელი ასეთ პასუხს სცემს: „სმენადაქვეითებულ ადამიანებს ძალიან სურთ, იმ ენაზე მიიღონ ინფორმაცია, რომლის გაგებაც არ უჭირთ. რომ არა პუბლიკაციები კვებეკურ ჟესტურ ენაზე, ჩვენ მხოლოდ ბეჭდურ პუბლიკაციებზე ვიქნებოდით დამოკიდებული და ბევრ რამეს ვერ გავიგებდით!“.
კვებეკურ ჟესტურ ენაზე მოლაპარაკე მარსელისა და სხვა სმენადაქვეითებული ადამიანების დასახმარებლად იეჰოვას მოწმეებმა ამ ენაზე პირველი პუბლიკაცია 2005 წელს გამოსცეს. ბოლო წლებში მათ მონრეალში (კვებეკი) გააფართოვეს მთარგმნელობითი ოფისი, სადაც 7 მთარგმნელი სრული დროით მუშაობს; მათ დაახლოებით 15 შტატგარეშე თანამშრომელი ეხმარება. მათგან სამი მთარგმნელობითი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ისინი ორ ადგილობრივ ჩამწერ სტუდიას იყენებენ, სადაც ამზადებენ ვიდეოებს კვებეკურ ჟესტურ ენაზე.
კვებეკურ ჟესტურ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოება ძალიან აფასებს იეჰოვას მოწმეების მიერ მომზადებულ პუბლიკაციებს. სტეფან ჟაკი, სმენადაქვეითებულთა დასახმარებლად შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დამხმარე ამბობს: „მინდა, აღვნიშნო, რომ მოწმეების ვიდეოები ძალიან კარგად არის მომზადებული. ჟესტები და მიმიკები დახვეწილი და ადვილად გასაგებია. გარდა ამისა, ძალიან მომწონს, რომ ვიდეოებში მოხდენილად აცვიათ“.
კვებეკურ ჟესტურ ენაზე 5 კრება და 2 ჯგუფია, რომლებსაც 220 იეჰოვას მოწმესთან ერთად სხვებიც ესწრებიან. ახლა უკვე მათთვისაც არის ხელმისაწვდომი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომელსაც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ყოველკვირეულ შეხვედრებზე განიხილავენ. b გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები სულ უფრო მეტ ვიდეოს ამზადებენ კვებეკურ ჟესტურ ენაზე, მათ შორის ბიბლიაზე დაფუძნებულ გამამხნევებელ სიმღერებს.
ზემოთ მოხსენიებულ მარსელს ძალიან ახარებს, რომ სულ უფრო მეტი პუბლიკაცია მზადდება კვებეკურ ჟესტურ ენაზე. თუმცა მას განსაკუთრებით მოსწონს იეჰოვას მოწმეების მიერ მომზადებული პუბლიკაციები. მარსელი ამბობს: „ვებ-გვერდზე jw.org კვებეკურ ჟესტურ ენაზე განთავსებული ვიდეოები მართლაც დიდი საჩუქარია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს ენაზე უფრო მეტი პუბლიკაციაა ხელმისაწვდომი!“.