არჩეულ მასალაზე გადასვლა

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და დაუვიწყარი კონგრესები

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და დაუვიწყარი კონგრესები

ორმოცდაათი წლის წინ 583-მა იეჰოვას მოწმემ ათი კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოს შემოუარა. თუმცა, ისინი ჩვეულებრივი ტურისტები არ იყვნენ. მათი მთავარი მიზანი იყო, ქრისტიან და-ძმებთან ურთიერთობით გამხნევებულიყვნენ კონგრესებზე, დევიზით „მარადიული სასიხარულო ცნობა“, რომლებიც 1963 წელს ჩატარდა. ვინაიდან ეს 583 და-ძმა 20-ზე მეტ ქვეყანაში ჩავიდა, ამ კონგრესებს დაერქვა „მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“.

თითოეულ კონგრესზე წარმოითქვა წამყვანი მოხსენება, სახელწოდებით „როცა ღმერთი გახდება მთელი დედამიწის მმართველი“. ეს მოხსენება თითქმის ყველა კონგრესზე წარმოთქვა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ნეითარ ნორმა. მან მსმენელებს დაანახვა, რა სავალალო მდგომარეობა იყო დედამიწაზე და როგორ შეიცვლებოდა ბიბლიური დანაპირების თანახმად ყველაფერი, როცა სამოთხე აღდგებოდა. ეს მოხსენება მთლიანობაში 580 509 ადამიანმა მოისმინა.

„მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო“ ათი კვირის განმავლობაში

პირველი კონგრესი ქალაქ მილუოკში (უისკონსინის შტატი, აშშ) ჩატარდა. შემდეგ და-ძმებმა გეზი აიღეს აღმოსავლეთისკენ. მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში ჩაატარეს კონგრესი, ინგლისში, შვედეთში, გერმანიასა და იტალიაში გაემგზავრნენ. ამ ქვეყნებში ისინი ყველანაირ შესაძლებლობას იყენებდნენ, რომ ხალხისთვის ბიბლიიდან სასიხარულო ცნობა გაეზიარებინათ.

ბევრმა იქ მცხოვრებმა მადლიერება გამოთქვა იმის გამო, რომ მოწმეები დრო გამონახეს და მათთან მივიდნენ. ერთმა სტოკჰოლმელმა (შვედეთი) ახალგაზრდა ქალმა თქვა: „მთელი დარჩენილი ცხოვრება მემახსოვრება თქვენი სტუმრობა ... მართლა ამხელა გზა გამოიარეთ, რომ ჩემთან გესაუბრათ თქვენს რწმენაზე? თქვენ მართლაც საოცარი ხალხი ხართ! მოხიბლული ვარ თქვენით!“

როცა ამ და-ძმებმა ათენამდე (საბერძნეთი) ჩააღწიეს, ცოტა არ იყოს, იმედი გაუცრუვდათ. იქაური რელიგიური ლიდერების გავლენით მთავრობის წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეებს არ მისცეს კონგრესის ჩატარების უფლება პანათინაიკოსის სტადიონზე. მაგრამ სულით ანთებული მოწმეები ამან ვერ შეაჩერა. აგვისტოს ბოლოს დაახლოებით 10 000 ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, კონგრესის პროგრამისთვის მოესმინათ, რომელიც ჩატარდა კერძო სახლებსა და ადგილობრივი კრებების შეხვედრების ადგილას.

საბერძნეთის შემდეგ და-ძმები ლიბანში, იორდანეში, ისრაელში და კვიპროსზე გაემგზავრნენ. ისინი გულთბილად მიიღეს თანამორწმუნეებმა და მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს. ამ დროს მათ კურიოზებიც შეემთხვათ. მაგალითად, ერთი დელეგატი გვიყვება, რა შეემთხვა ნიქოზიაში (კვიპროსი): „ყოველთვის, როცა ჩემი მასპინძლის სახლში ვბრუნდებოდი და ფეხსაცმელს ვიხდიდი, ისინი სადღაც ქრებოდა ... 5 წუთის შემდეგ კი ისევ თავის ადგილზე მხვდებოდა გაწმენდილი და გაპრიალებული“.

ბოლოს და-ძმებმა აზია და წყნარი ოკეანის კუნძულები შემოიარეს. ინდოეთში, ბირმაში (ამჟამად მიანმა), ტაილანდში, ჰონკონგში, სინგაპურში, ფილიპინებში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში, ტაივანში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში, ფიჯიზე და კორეაში მცხოვრებმა და-ძმება ამ 583 და-ძმას უმასპინძლეს. კონგრესს რომ დასწრებოდა, ბევრმა შეცვალა თავისი განრიგი, მაგრამ ყველაზე მეტად ამის გაკეთება გაუჭირდა ერთ დანიშნულ წყვილს ქალაქ იოკოსუკაში (იაპონია). როდესაც ძმამ სთხოვა თავის უფროსს, სამსახურიდან დაეთხოვა, ქალაქ კიოტოში კონგრესზე რომ დასწრებოდა, უფროსმა უთხრა, რომ სამუშაოდან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაითხოვდა, თუ დაკრძალვაზე და ქორწილში წავიდოდა. ვინაიდან დაქორწინებას აპირებდნენ, წყვილმა ქორწილი მანამდე ცოტა ხნით ადრე დაგეგმა, ვიდრე აპირებდნენ და თაფლობის თვე კონგრესზე გაატარეს!

ეს მოგზაურობა დასრულდა სექტემბრის დასაწყისში, როცა ჰავაიზე და კალიფორნიაში (აშშ) ჩატარდა კონგრესები. ქალაქ პასადინაში (კალიფორნია), სადაც ბოლო კონგრესი ჩატარდა, დამსწრეთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ კონგრესის დამთავრების შემდეგ ქუჩაში მოძრაობა ისე გადაიტვირთა, რომ საცობები შეიქმნა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა პოლიციის უფროსის სიტყვები: „არასდროს მინახავს, ერთად შეკრებილი ამდენი ხალხი რომ ასე სამაგალითოდ იქცეოდეს“.

დაუვიწყარი მოვლენა

ეს კონგრესები დაუვიწყარ კონგრესებად იქცა. ამ კონგრესზე გამოცხადდა პუბლიკაციის „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ გამოცემა. ამ პუბლიკაციას დღემდე იყენებენ იეჰოვას მოწმეები კრების შეხვედრებზე.

ჰაროლდ კინგი ჩინეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

ნიუ-იორკში ჩატარებულ კონგრესზე შედგა ახალი სიმღერის პრეზენტაცია. ეს სიმღერა დაწერა ჰაროლდ კინგმა, რომელიც ჩინეთის ციხიდან 1963 წელს გაათავისუფლეს. ამ სიმღერის სათაურია „კარდაკარ“. მან ეს სიმღერა სამარტოო საკანში ყოფნის დროს დაწერა. ამ სიმღერას იეჰოვას მოწმეები დღემდე მღერიან.

დღეს იეჰოვას მოწმეების კონგრესები სრულიად განსხვავებულად ტარდება. შედარებით პატარა დარბაზებში გაცილებით ცოტა ხალხი იკრიბება. რაც უფრო მეტია ასეთი შესაკრებელი ადგილები, მოწმეებს უფრო ნაკლებად უწევთ, შორ მანძილებზე მგზავრობა. ეს და სხვა ცვლილებები ეხმარება დელეგატებს, ძირითადი ყურადღება პროგრამაზე გაამახვილონ. შვიდ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე და მათი სტუმრები ყოველ წელს ესწრებიან კონგრესებს. გსურთ, ამ ზაფხულს ჩვენთან ერთად თქვენც დაესწროთ კონგრესს? გაიგეთ, სად ტარდება კონგრესი თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე.