„თქვენს ზარს ველოდი“
ედმა და მისმა მეუღლემ, ჯენიმ, ტელეფონით ქადაგება პირველად 2010 წელს მოსინჯეს. a ჯენის საერთოდ არ მოეწონა ასეთი სახის მსახურება. ის ამბობს: „ჩემს ქმარს ვუთხარი, რომ ტელეფონით აღარასოდეს ვიქადაგებდი“. ედიც მსგავსად ფიქრობდა: „არ მიყვარს, როცა მირეკავენ და ცდილობენ, რაიმე პროდუქცია მაყიდინონ. ტელეფონით ქადაგების დროსაც შეიძლება ხალხს ასეთი გრძნობები გაუჩნდეს“.
შემდეგ კოვიდპანდემიამ იფეთქა და იეჰოვას მოწმეებმა შეაჩერეს კარდაკარ მსახურება. თუმცა მათ არ შეუწყვეტიათ იესოს დავალების შესრულება და ისინი სასიხარულო ცნობას ტელეფონით და წერილების მეშვეობით ქადაგებდნენ (მათე 24:14; 28:19, 20). მოწმეები კრებებს, მათ შორის მსახურების შეხვედრებს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ატარებდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ედს გამბედაობის მოკრება დასჭირდა, რომ ტელეფონით ექადაგა. ის თავის გრძნობებს გვიზიარებს: „ძალიან ვნერვიულობდი, იეჰოვას ვთხოვე დახმარება ლოცვაში და ნომერი ავკრიფე. ასე ვიპოვე ტაირონი“. b
ტაირონი და მისი ცოლი, ედითი, კენტუკის შტატის (აშშ) ერთ სოფელში ცხოვრობენ. 83 წლის ტაირონს მხედველობის პრობლემები აქვს. მიუხედავად ამისა, ის დათანხმდა ედს ბიბლიის შესწავლაზე. განსახილველ მასალას ლუპის მეშვეობით კითხულობდა და რეგულარულად გადიოდა ბიბლიის შესწავლას ტელეფონით.
ერთი თვის შემდეგ ტაირონმა და ედითმა კრების შეხვედრებზე დაიწყეს დასწრება. იმის გამო, რომ ინტერნეტი არ ჰქონდათ, ისინი შეხვედრებს ტელეფონით ისმენდნენ. გაინტერესებთ, რამ გააღვივა ედითის ინტერესი?
ტაირონთან ბიბლიის შესწავლის დროს ედს და ჯენის ესმოდათ, როგორ ეხმარებოდა ედითი თავის ქმარს პასუხებისა და ბიბლიური მუხლების მოძებნაში. თუმცა მას ბიბლიის შესწავლის ინტერესი არ გამოუთქვამს. ჯენი იხსენებს: „ედითს სევდანარევი ხმა ჰქონდა, მაგრამ მიზეზი არ ვიცოდით“.
ერთ დღესაც ჯენიმ ედითთან საუბარი გადაწყვიტა. შესწავლისას მან შესაფერისი დრო შეარჩია და ქმარს სთხოვა, ტაირონთან დამალაპარაკეო. მან ტაირონს უთხრა: „თქვენი მეუღლის ხმა მესმის და ხომ არ სურს, მანაც მიიღოს მონაწილეობა განხილვაში, მაგალითად, ბიბლიური მუხლი წაიკითხოს ან კომენტარი თქვას?“.
მცირე პაუზის შემდეგ ტელეფონში ედითის ხმა გაისმა: „მეც მინდოდა თქვენთან საუბარი. იცით, მეც იეჰოვას მოწმე ვარ, თუმცა 40 წელია, არააქტიური ვარ“.
გაოგნებულმა ჯენიმ წამოიძახა: „თურმე ჩემი და ყოფილხარ!“, და ორივენი ატირდნენ.
ამ ამბიდან მალევე ედმა ედითს მისცა ბროშურა „დაუბრუნდი იეჰოვას“. მომდევნო კვირების განმავლობაში ედითი საოცრად შეიცვალა. ედი ამბობს: „თავიდან მის ხმაში დიდი ტკივილი იგრძნობოდა, მაგრამ ახლა ედითს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა“. მან სულიერად წინ წაიწია და დღეს კვლავ სასიხარულო ცნობის აქტიური მაუწყებელია. მისი მეუღლე 2022 წლის ივლისში მოინათლა.
როდესაც ედი იხსენებს თავის წინანდელ შეხედულებას ტელეფონით ქადაგებასთან დაკავშირებით, მაშინვე ტაირონთან საუბარი ახსენდება. მას შემდეგ, რაც ედიმ მას იოანეს 6:44 წაუკითხა და აუხსნა, რომ იეჰოვა იზიდავს ადამიანებს ჭეშმარიტებისკენ, ტაირონი დაეთანხმა და უთხრა: „თქვენს ზარს ველოდი“. ჯენიც ბედნიერია, რადგან განცდების მიუხედავად, მათ გაბედულება მოიკრიბეს და ტელეფონით იქადაგეს. ის ამბობს: „ჩვენი მცდელობა იეჰოვამ აკურთხა“.