ტერმინების განმარტება
მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით იეჰოვას მოწმეების საქმიანობით. აქ მოცემული განმარტებები წარმოდგენას შეგიქმნით იმ ტერმინებზე, რომლებსაც ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია იყენებს. თუ გექნებათ კითხვები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აქ არ განიხილება, გთხოვთ, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეთა ფილიალს.
ბეთელი, ბეთელელი, ბეთელის ოჯახი. „ბეთელი“ ებრაული სიტყვაა და „ღვთის სახლს“ ნიშნავს. სწორედ ეს სახელი ეწოდება იმ შენობებს, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში თავიანთი საქმიანობის შესასრულებლად და ბიბლიური ლიტერატურის მოსამზადებლად იყენებენ. იმ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბეთელში მსახურობენ, „ბეთელელებს“ უწოდებენ. ისინი არ იღებენ ანაზღაურებას და არიან იეჰოვას მოწმეების სპეციალურ სრული დროით რელიგიურ მსახურთა გაერთიანების წევრები. მთელ კოლექტივს „ბეთელის ოჯახი“ ეწოდება, რადგან ისინი ერთ სივრცეში ცხოვრობენ, ერთად სცემენ ღმერთს თაყვანს და ერთად ასრულებენ თავიანთ დავალებებს ბეთელში. ტერმინი „ბეთელელი“ არ წარმოადგენს საპატიო ტიტულს.
ბიბლია — „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. იეჰოვას მოწმეების მიერ ნათარგმნი და გამოცემული ებრაული წერილების („ძველი აღთქმა“) და ბერძნული წერილების („ახალი აღთქმა“) სრული სახელწოდება.
„გამოიღვიძეთ!“. ჟურნალი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ. პირველად ის 1919 წელს გამოიცა და „ოქროს ხანა“ ეწოდა, 1937 წელს დაერქვა „ნუგეში“, ხოლო 1946 წლის 22 აგვისტოდან მოყოლებული ამ ჟურნალს ჰქვია „გამოიღვიძეთ!“. ეს სახელწოდება იმის ხაზგასასმელად შეირჩა, თუ რამდენად მნიშვნელოვან პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჟურნალია მსოფლიოში.
და. მონათლული იეჰოვას მოწმე ქალი. ეს ტერმინი არ წარმოადგენს საპატიო ტიტულს.
იესო ქრისტე. ღვთის მხოლოდშობილი ძე (იოანე 3:16). იეჰოვას მოწმეები იესო ქრისტეს თავიანთ წინამძღოლად თვლიან და ცდილობენ, მის მაგალითს მიჰბაძონ და მისი მოძღვრებების თანახმად იცხოვრონ. მოწმეები თვლიან, რომ იესო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი და იეჰოვას ერთგული მოწმე იყო, რომელიც ღვთის განზრახვას სისრულეში მოიყვანს და დაიხსნის კაცობრიობას (ესაია 9:6, 7; გამოცხადება 1:5).
იეჰოვა. ყოვლისშემძლე ღვთის და სამყაროს შემოქმედის სახელი, რომელსაც ბიბლია გვიმჟღავნებს (ფსალმუნი 83:18). სახელი „იეჰოვა“ არ ანაცვლებს ტერმინს „იეჰოვას მოწმეები“.
იეჰოვას მოწმეები. ქრისტიანული რელიგიური ჯგუფი, რომლის წევრებიც იეჰოვა ღმერთს სცემენ თაყვანს და აქტიურად მონაწილეობენ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში. მათი მთავარი საქმე ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა (მათე 24:14). ეს სახელწოდება მათ სხვა რელიგიური ჯგუფებისგან განასხვავებს. გარდა ამისა, იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ღვთის სახელით ასრულებენ თავიანთ მსახურებას. ადამიანი იეჰოვას მოწმე რომ გახდეს, უნდა იცოდეს ძირითადი ბიბლიური მოძღვრებები, უნდა ქადაგებდეს საჯაროდ სხვა იეჰოვას მოწმეებთან ერთად და ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად უნდა მოინათლოს. თუ სტატიაში მოიხსენიებთ იეჰოვას მოწმეებს, პირველად მოხსენიებისას უნდა გამოიყენოთ სრული ოფიციალური სახელწოდება „იეჰოვას მოწმეები“, შემდეგ კი ალტერნატიულ ვარიანტად შესაძლებელია დაიწეროს „მოწმეები“ ან ცალკეულ პირებთან მიმართებით „მოწმე“ ან „ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე“. გთხოვთ, მოერიდოთ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორებიცაა: „იაჰოვას მოწმეები“, „იაღოვას მოწმეები“, „იეღოვას მოწმეები“, „იეღოველები“, „იეჰოველები“, „იაღოველები“ და სხვა (ესაია 43:10).
იეჰოვას მოწმეთა დარბაზი. შენობა, რომელსაც ერთი ან რამდენიმე კრება იყენებს ღვთის თაყვანსაცემად. გთხოვთ, ამ დარბაზთან მიმართებით ნუ გამოიყენებთ ტერმინს „ეკლესია“.
იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზი. იეჰოვას მოწმეების მფლობელობაში არსებული შენობა, რომელსაც ისინი პერიოდულად დიდი შეხვედრების ჩასატარებლად იყენებენ. შეხვედრას ესწრება კონკრეტულ რაიონში შემავალი რამდენიმე კრება.
კონგრესი. იხილეთ: სარაიონო კონგრესი, საერთაშორისო კონგრესი და რეგიონული კონგრესი.
კრება. იეჰოვას მოწმეთა გაერთიანებული ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ღვთის თაყვანსაცემად იკრიბება. თითოეულ კრებაში ინიშნებიან უხუცესები, რომლებიც ხელმძღვანელობას უწევენ და ბიბლიურ რჩევებს აძლევენ როგორც მთლიან ჯგუფს, ისე ცალკეულ იეჰოვას მოწმეებს. კრების შეხვედრებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მასზე დასწრება უფასოა და არ ხდება ფულის აკრეფა.
მაუწყებელი. ის, ვინც კრებასთან ერთად იღებს მონაწილეობას სამქადაგებლო საქმეში. მაუწყებლობის მსურველმა უნდა იცოდეს ბიბლიური მოძღვრებები, დარწმუნებული იყოს მათ ჭეშმარიტებაში და ღვთის პრინციპების თანახმად ცხოვრობდეს. ისინი არ მიეკუთვნებიან იეჰოვას მოწმეთა რომელიმე კორპორაციას და არ იღებენ ანაზღაურებას. ტერმინი „მაუწყებელი“ არ წარმოადგენს საპატიო ტიტულს.
მისიონერი. მონათლული იეჰოვას მოწმე, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში გაგზავნა. მისიონერები მზად არიან, დატოვონ საკუთარი სახლი და სხვა ქვეყანაში გადავიდნენ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად (მათე 24:14).
მომსახურე. სულიერად მოაზროვნე იეჰოვას მოწმე მამაკაცი, რომელიც უხუცესებს ეხმარება კრების საჭიროებებზე ზრუნვაში. მამაკაცი მომსახურე რომ გახდეს, უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც შემდეგ ბიბლიურ მუხლებში არის მოცემული: 1 ტიმოთე 3:8—10, 12, 13; ტიტე 2:6—8. ისინი მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებენ, რომლებიც კრების სათანადოდ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მომსახურეები არ მიეკუთვნებიან იეჰოვას მოწმეთა რომელიმე კორპორაციას და არ იღებენ ანაზღაურებას. როგორც წესი, ისინი მუშაობენ და ასე არჩენენ ოჯახს თუ საკუთარ თავს. თუ ბიბლიურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, დროთა განმავლობაში, მან შეიძლება უხუცესად იმსახუროს. ტერმინი „მომსახურე“ არ წარმოადგენს საპატიო ტიტულს.
პიონერი. მონათლული სამაგალითო იეჰოვას მოწმე, რომელიც სასიხარულო ცნობის ქადაგებას ყოველთვე საათების განსაზღვრულ რაოდენობას უთმობს. ის წელიწადში 600 საათს ქადაგებს (თვეში 50 საათს). არსებობს კიდევ ერთი ტერმინი „დამხმარე პიონერი“. ის ერთი თვის ან ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში ქადაგებას 15 ან 30 საათს უთმობს. ისინი არ მიეკუთვნებიან იეჰოვას მოწმეთა რომელიმე კორპორაციას და არ იღებენ ანაზღაურებას. როგორც წესი, საკუთარი თავის სარჩენად ისინი მუშაობენ. ეს ტერმინი არ წარმოადგენს საპატიო ტიტულს.
რაიონი. რაიონში ერთიანდება კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული იეჰოვას მოწმეთა რამდენიმე კრება.
რეგიონული კონგრესი. ყოველწლიური სამდღიანი შეხვედრა, სადაც კრებები ერთად იკრიბებიან. შეხვედრის მიზანი დამსწრეების გამხნევებაა. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროგრამის მსვლელობის დროს დიდი აქცენტი კეთდება ბიბლიურ რჩევებზე, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანისთვის გამოსადეგია. აგრეთვე ხდება ინსცენირებების ჩვენება, რომლებიც მსმენელს ანახვებს, როგორ შეიძლება ბიბლიური პრინციპების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონგრესები ხშირ შემთხვევაში ნაქირავებ შენობებში ტარდება, მაგალითად, სტადიონებზე, სპორტულ დარბაზებში და მსგავსი ტიპის ნაგებობებში. შედარებით მცირე მასშტაბის რეგიონული კონგრესი შეიძლება იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზშიც ჩატარდეს. ჩვეულებისამებრ, ეს შეხვედრა პარასკევიდან კვირის ჩათვლით ტარდება. ბოლო წლებში ხელმისაწვდომი გახდა ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერებიც. იეჰოვას მოწმეთა სხვა ყველა შეხვედრის მსგავსად, დასწრება ამ შეხვედრაზეც უფასოა და არ ხდება ფულის აკრეფა.
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ. იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ჟურნალის სრული სახელწოდება, რომელსაც შემოკლებით „საგუშაგო კოშკს“ ვუწოდებთ. ეს სახელწოდება იმის ხაზგასასმელად შეირჩა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიფხიზლოთ და დავაკვირდეთ, როგორ ასრულებს ღმერთი თავის განზრახვას (ეზეკიელი 33:7; მათე 24:42). არსებობს ამ ჟურნალის ორი გამოცემა — „საგუშაგო კოშკი“ ფართო მკითხველისთვის და „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემა. ფართო მკითხველისთვის გამოცემული ჟურნალი განკუთვნილია დაინტერესებული პირებისთვის და უფასოა. სასწავლო გამოცემა გამოიყენება კრების შეხვედრებზე, სადაც მას მთელ მსოფლიოში ყოველკვირა კითხვა-პასუხის რეჟიმში განვიხილავთ. „საგუშაგო კოშკი“ 1879 წლიდან გამოიცემა და დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მაღალტირაჟიანი ჟურნალია.
საერთაშორისო კონგრესი. იეჰოვას მოწმეთა მიერ ორგანიზებული სამდღიანი შეხვედრა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება სხვადასხვა ტერიტორიაზე და მასზე დასასწრებად დელეგატები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. დასწრება ყველას შეუძლია. ამ შეხვედრაზე განიხილება ბიბლიური საკითხები და ის მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს შორის ერთობის შენარჩუნებას და სულიერად მათ გაძლიერებას. უმეტესწილად, ასეთი შეხვედრები ნაქირავებ შენობებში ტარდება პარასკევიდან კვირის ჩათვლით. დასწრება უფასოა და არ ხდება ფულის აკრეფა.
სამქადაგებლო მსახურება. საქმიანობა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები იესოს მითითებისამებრ ეწევიან, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში“ ქადაგებენ (მათე 24:14; 28:19).
სარაიონო ზედამხედველი. გამოცდილი უხუცესი, რომელიც ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელობით ასრულებს თავის დავალებას და წელიწადში ორჯერ კონკრეტულ რაიონში არსებულ თითოეულ კრებას ინახულებს (თუ დაქორწინებულია, ცოლთან ერთად). მონახულების დროს ის კრებაში ამხნევებს თანაქრისტიანებს, უხუცესებსა და მომსახურეებს საჭირო რჩევებსა და მითითებებს აძლევს და თითოეულ შეხვედრაზე წარმოთქვამს გამამხნევებელ მოხსენებას. ეს ტერმინი არ წარმოადგენს საპატიო ტიტულს.
სარაიონო კონგრესი. ერთდღიანი შეხვედრა, რომელსაც იეჰოვას მოწმეთა რამდენიმე კრება წელიწადში ორჯერ ესწრება. ამ შეხვედრაზე დასწრება ყველას შეუძლია და იქ ბიბლიური საკითხები განიხილება. პროგრამის მსვლელობის დროს დიდი აქცენტი კეთდება ბიბლიურ რჩევებზე, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანისთვის გამოსადეგია. აგრეთვე ხდება ინსცენირებების ჩვენება, რომლებიც მსმენელს ანახვებს, როგორ შეიძლება ბიბლიური პრინციპების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს კონგრესი, უმეტესწილად, შაბათ-კვირას იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში ან დაქირავებულ შენობაში ტარდება, თუმცა მისი მოსმენა შესაძლებელია ონლაინრეჟიმშიც. დასწრება უფასოა და არ ხდება ფულის აკრეფა.
საძმო. ეს ტერმინი აერთიანებს ზოგადად იეჰოვას მოწმეებს, როგორც კაცებს, ისე ქალებს (1 პეტრე 5:9).
საჯარო შეხვედრა. ყოველკვირეული კრების შეხვედრა, რომელიც, როგორც წესი, შაბათ-კვირას ტარდება და მასზე წარმოითქმება ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი 30-წუთიანი ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება. ამ მოხსენების შემდეგ ტარდება ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის ერთსაათიანი განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში. იეჰოვას მოწმეთა სხვა ყველა შეხვედრის მსგავსად ამ შეხვედრაზე დასწრებაც უფასოა და არ ხდება ფულის აკრეფა. მასზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ.
სკოლა „გალაადი“. „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა, რომელსაც 1943 წელს ჩაეყარა საფუძველი მისიონერების მოსამზადებლად. სკოლის პროგრამა ხუთთვიანი ბიბლიის სასწავლო კურსისგან შედგება და იქ სასწავლად იეჰოვას მოწმეებს იწვევენ.
უხუცესი. სულიერად მოაზროვნე იეჰოვას მოწმე მამაკაცი, რომელსაც ევალება, დამოძღვროს თანაქრისტიანები და სულიერი დახმარება გაუწიოს მათ. მამაკაცი უხუცესი რომ გახდეს, უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც შემდეგ ბიბლიურ მუხლებში არის მოცემული: 1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9; იაკობი 3:17, 18; 1 პეტრე 5:2. ისინი არ მიეკუთვნებიან იეჰოვას მოწმეთა რომელიმე კორპორაციას და არ იღებენ ანაზღაურებას. როგორც წესი, ისინი მუშაობენ და ასე არჩენენ ოჯახს თუ საკუთარ თავს. მოწმეები არ არიან დაყოფილი საერო და სასულიერო პირებად. ტერმინი „უხუცესი“ არ წარმოადგენს საპატიო ტიტულს.
ფილიალი. ადგილობრივი ადმინისტრაციული ცენტრი, საიდანაც ფილიალის კომიტეტი იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას უწევს ორგანიზებას ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში.
ფილიალის კომიტეტი. როცა ფილიალი იხსნება, იქმნება ფილიალის კომიტეტი, რომელიც შედგება 3 ან მეტი უხუცესისგან. სწორედ ისინი უწევენ ორგანიზებას იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში.
ქადაგება. იხილეთ: სამქადაგებლო მსახურება.
ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. ქრისტეს სიკვდილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიება. ის აგრეთვე ცნობილია, როგორც „უფლის საღამო“ ან „უფლის გახსენების საღამო“. ამ საღამოს აღნიშვნა თავად იესომ დაავალა თავის მოწაფეებს უკანასკნელ ვახშამზე. შესაბამისად, იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ეს არის წლის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა და ერთადერთი რელიგიური ცერემონია, რომელიც უნდა გაიმართოს (ლუკა 22:19, 20).
შუა კვირის შეხვედრა. ყოველკვირეული კრების შეხვედრა, რომელიც, როგორც წესი, შუა კვირაში ტარდება. პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება და მას ეწოდება „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. მისი მიზანია, დაეხმაროს მოწმეებს, დაიხვეწონ ღვთის მსახურებაში. იეჰოვას მოწმეთა სხვა ყველა შეხვედრის მსგავსად ამ შეხვედრაზე დასწრებაც უფასოა და არ ხდება ფულის აკრეფა. მასზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ.
ძმა. მონათლული იეჰოვას მოწმე მამაკაცი. ეს ტერმინი არ წარმოადგენს საპატიო ტიტულს.
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო. უხუცესებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელიც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა სულიერ საჭიროებებზე ზრუნავს. შემოკლებით მას „ხელმძღვანელ საბჭოს“ ვუწოდებთ. ისინი პირადად იღებენ მონაწილეობას ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების მომზადებაში. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეების საქმიანობას ეს საბჭო ხელმძღვანელობს, ისინი იეჰოვას მოწმეთა ერთადერთ წინამძღოლად იესო ქრისტეს აღიარებენ. ხელმძღვანელი საბჭო თავის საქმიანობას იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოდან ეწევა, რომელიც მდებარეობს უორიკში (ნიუ-იორკი, აშშ).
ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲐ: თუ იეჰოვას მოწმეებზე რაიმე ინფორმაციას გააშუქებთ, გთხოვთ, სრული ოფიციალური სახელწოდება „იეჰოვას მოწმეები“ გამოიყენოთ. დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ „ იეჰოვას მოწმეები“.